
ლევან ალაფიშვილი: ამ გზას ჩრდილოელი "კეთილისმყოფელისკენ" აქვს გეზი
30/05/2019 11:22:38 თვალსაზრისი, კომენტარი
იურისტი ლევან ალაფიშვილი ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს "ტრაგიკომიკურ სპექტაკლად" აფასებს. საუბარია ფოთის ნავსადგურისთვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის მიცემასა და შემდეგ გაუქმებაზე.
როგორც "აქცენტს" ალაფიშვილმა განუცხადა "სამწუხაროდ ამდაგვარი სპექტაკლები კიდევ უფრო ამცირებს მთავრობისადმი ნდობას და შეამცირებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს".
"დღეს მოქალაქეების და ინვესტორების თვალწინ ტრაგიკომიკური სპექტაკლი მიმდინარეობს, რომლის მთავარ როლში მთავრობაა. სიუჟეტი კი ასეთია: მთავრობა ახდენს დემონსტრირებას როგორი მოშლილია მისი ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი. და ამის მიუხედავად ინვესტორებსაც და მოქალაქეებსაც ეუბნება თქვენს ნდობას მაინც ვიმსახურებთ, მოგვეცით ხმა არჩევნებზე და ინვესტიციები განახორციელეთ, ფული დახარჯეთო. სამწუხაროდ, ამდაგვარი სპექტაკლები კიდევ უფრო ამცირებს მთავრობისადმი ნდობას და შეამცირებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ამ გზით სიარული არ არის ქართველი ხალხის არჩევანი, ამ გზას ჩრდილოელი "კეთილისმყოფელისკენ" აქვს გეზი, ქართველმა ხალხმა კი ევროატლანტიკურ ოჯახში დამკვიდრების სასარგებლოდ გასკეთა არჩევანი პლებისციტზე 10 წლის წინ" - განუცხადა "აქცენტს" ალაფიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
"ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
აღმოჩნდა, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში, მიუხედავად იმისა, რომ ნებართვა 2 მაისს გაიცა, კონსორციუმის წარმომადგენლები და ინვესტორები კი მთავრობის წევრებს 21 მაისს შეხვდნენ:
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება" - ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.
უკვე დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებას ამცნო, რომ ნებართვა გაიცა მთავრობის წევრებთან შეუთანხმებლად და ის გაუქმებულია, ნებართვის გამცემი კი თანამდებობიდან გათავისუფლებული:
"პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას; ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი სარგებლობის დოკუმენტი, რომელიც გაიცა ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად - ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის ეს დოკუმენტი გაცემული. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს დოკუმენტი გაუქმდა და ასევე, სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან".
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021