
აშშ – რუსული დაზვერვის სამსახურის ბრალდებაზე: "ეს არის აბსურდი, რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაციას აგრძელებს"
12/09/2024 07:15:56 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში "აბსურდს" უწოდებენ რუსეთის მხრიდან გაჟღერებულ მორიგ ბრალდებას, რომლის თანახმად, თითქოს აშშ-ს "არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებისთვის ხელის შეშლა სურს". ამის შესახებ "აქცენტს" აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განუცხადა.
- "ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ რუსეთის სპეცსამსახურების მსგავს ბრალდებებს აბსურდულს ვუწოდებთ. აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მთელ მსოფლიოში. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც აწარმოებს ომს დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაციას აგრძელებს", – განაცხადა პრეს–სპიკერმა.
ცნობისთვის: რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) ამ თემაზე მორიგი მოხსენება გუშინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, "ვაშინგტონს დაგეგმილი აქვს, ქართულ არჩევნებში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს დახმარებით ჩაერიოს".
ამავე თემაზე: მოსკოვი "ოცნების" მხარდაჭერას აღარ მალავს და მის მსგავსად, დასავლეთს "გადატრიალების მზადებაში" კიდევ ერთხელ ადანაშაულებს