
ხვიჩა კვარაცხელია: ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი და რაც მინდოდა ბოლომდე ვერ გავაკეთე, მთავარია, ნაკრებმა მოიგო
11/09/2024 05:10:30 ციტატა
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, კოჭი გადამიბრუნდა და ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი. ამიტომ ბოლომდე ვერ შევძელი, რისი გაკეთებაც მინდოდა. [...] მთავარია, ნაკრებმა გაიმარჯვა, მე კი რაც შემეძლო, მაქსიმუმი გავაკეთე. დანარჩენს დრო გვაჩვენებს და შევეცდებით, ასე გავაგრძელოთ. [...] შეგვიძლია თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა? ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშისას და ახლაც დავამტკიცეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ერთა ლიგაზე ორი ძლიერი ნაკრები დავამარცხეთ. იმედია, დასახულ მიზანს მივაღწევთ. გიორგი ჩაკვეტაძე უდიდესი ტალანტია და მასთან ერთად მოედანზე ყოფნა ჩემთვის კომფორტული და ძალიან სასიამოვნოა. ალბანეთთან თბილისში როდესაც მოგვიწევს თამაში, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ამ გუნდს ჯგუფიდან გასვლა შეუძლია. ტირანაში სამი ქულა დავიმსახურეთ. თუმცა რთული ჯგუფია, რომელსაც ფავორიტი არ ჰყავს. ორიდან ორი მოგება გვაქვს და წარმატებისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ“ – ამის შესახებ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, საქართველო–ალბანეთის მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.
ცნობისთვის: საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში ტირანაში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. 11 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული გუნდი უკრაინას პოლონეთში შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს ალბანეთს უმასპინძლებს.