
აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი უკვე საქართველოშია
29/01/2020 14:10:55 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი კელი დეგნანი უკვე საქართველოშია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის საელჩო წერს.
„ამერიკის საელჩო მოხარულია, გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ.
მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო. ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას“, – აღნიშნავს საელჩო.
მოხარული ვარ, რომ, როგორც იქნა, აქ ვიმყოფები. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში აშშ-ის ელჩად ვიმსახურო და მოუთმენლად ველი საკუთარი წვლილი შევიტანო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობაში. თითქმის 30 წელია ერთად ვთანამშრომლობთ, რომ საქართველოს დავეხმაროთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ეკონომიკის გაძლიერებაში, განათლებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესების საკითხში და, რა თქმა უნდა, საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებაში, რომ დაიცვას მისი საზღვრები და მოქალაქეები. ვფიქრობ, საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია წლების განმავლობაში და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რამეა. მე მოუთმენლად ველი საელჩოში ჩემს გუნდთან და ვაშინგტონთან ერთად, დავეხმარო საქართველოს, რომ მიაღწიოს სტაბილურობის, წარმატებისა და უსაფრთხოების მიზნებს", - განაცხადა ელჩმა.
"როგორც "აქცენტმა" გაარკვია, ელჩს შეხვედრები ჯერ დაგეგმილი არ აქვს. თავდაპირველად ამერიკელი დიპლომატი რწმუნებათა სიგელს მიიღებს და კონკრეტული შეხვედრებიც შემდეგ დაიგეგმება.