
გერმანიის ელჩი: "არჩევნები არის ქართველებისთვის, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი გზით წავა ქვეყანა"
28/08/2024 08:20:34 ციტატა
„არჩევნები არის ქართველებისთვის, მომავალი კი ქართველების გადასაწყვეტია, და თქვენ და თქვენმა თანამოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტოთ, რომელი გზით წავა ქვეყანა. იყავით პოზიტიურები და არ განიცდოთ აპათია. თქვენი ცხოვრება და მომავალი თქვენი ხელშია. ნუ იტყვით, რომ ვერაფერი შეგიძლიათ, შეცვალოთ, ან რომ პოლიტიკა არ გაინტერესებთ. ეს თქვენი მომავალია და პირადად თქვენ გეხებათ. ეს ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარულის ნიშანია საქართველოს მიმართ, რომ ვთქვათ შემოგვიერთდით, ნამდვილად შემოგვიერთდით ჩვენს ორგანიზაციაში, ევროკავშირში", – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა ექსპერტ ნინო შენგელიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
ცნობისთვის: გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.
"ჩვენი დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს და ამიტომაც, როგორც პრეზიდენტს, მაქვს ჩემი სათქმელი. უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ეს იქნება არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის - ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება... დღეს საქართველოში არავის უნდა ომი და არავინ ამზადებს. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტების და მიზნების ბუნდოვანება და აღრევა კი ზრდის მტრის მადას - ანუ ომის საფრთხეს. სამაგიეროდ, მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე მოყვარესთან თუ მტერთან ყველაზე კარგი თავდაცვა არის ქვეყნის უსაფრთხოებისა. ის კი მართალია, უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი: ევროპა თუ რუსეთი", – განაცხადა პრეზიდენტმა.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს 5-პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება. იმისთვის, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ შეჰქმნოდათ, პარტიების ნაწილმა არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობა გადაწყვიტა.