
"თუ სახელმწიფო, რომლის უკან ოლიგარქიული კლანი დგას, "თიბისი ბანკს" შეუტევს, ეს ანაკლიის პორტის მშენებლობასაც შეაფერხებს"
17/02/2019 20:03:12 თვალსაზრისი, კომენტარი
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პიტსბურგის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორის, ჯეიმსთაუნის ფონდის პოლიტიკური ანალიტიკოსის ვასილ რუხაძის განცხადებით, "თუ სახელმწიფო, რომლის უკან ოლიგარქიული კლანი დგას, "თიბისი ბანკს" შეუტევს, ეს ანაკლიის პორტის მშენებლობასაც შეაფერხებს".
ამის შესახებ რუხაძემ "აქცენტს" "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
"ვფიქრობ, ეს საკითხი ჩვეულებრივი კლანური ჭიდილის ჭრილში უნდა განვიხილოთ, რაც ასე დამახასიათებელია ქართული პოლიტიკისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო და ქართველი საზოგადოება ტიპიურ ოლიგარქიულ სისტემაში ცხოვრობენ, სადაც სხვადასხვა ფინანსურ-ეკონომიკური დაჯგუფებები და კლანები მუდმივად ახალ-ახალ კონფლიქტში ებმებიან ფინანსურ-პოლიტიკური გავლენის ან დასაცავად ან გასაფართოებლად. დანარჩენი ყველაფერი დეტალებია, იმის ჩათვლით სახელმწიფო "თიბისი ბანკს" ათი წლის წინანდელი საქმით შეუტევს თუ სხვა რომელიმე ნამდვილი თუ გამოგონილი მიზეზით. რა თქმა უნდა, თუ სახელმწიფო, რომლის უკან ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი ოლიგარქიული კლანი დგას, "თიბისი ბანკს" შეუტევს, ეს ანაკლიის პორტის მშენებლობასაც შეაფერხებს, რომლის პროექტშიც "თიბისი ბანკი" მთავარ როლს ასრულებს. ამ საკითხს სტრუქტურულად უნდა შევხედოთ, მახინჯ ოლიგარქიულ სისტემაში ამგვარი კლანური გარჩევები საუბედუროდ ჩვეულებრივი მოვლენაა" – განუცადა "აქცენტს" ვასილ რუხაძემ.
შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში გამოძიება სსკ–ის 194 –ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
მიმდინარე გამოძიება
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, გამოძიება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ დაიწყო:
"ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო ,,თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.
აღნიშნული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს პროკურატურას.
ეროვნულმა ბანკმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლა საკითხი და აღმოჩენილ დარღვევებზე მოახდინა შესაბამისი რეაგირება.
ხოლო საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” - ს, ვალი.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს ,,თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ".
რას ამბობენ „თიბისი ბანკში“
„თიბისი ბანკმა“ განცხადება დღეს დილით გაავრცელა და მიმდინარე პროცესებს შავი პიარი უწოდა:
"8 იანვარს, გვიან საღამოს, რამოდენიმე მედია პორტალმა გაავრცელა მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც ემსახურება ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას. ცხადია, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებლების მიზანია ზიანი მიაყენოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს - თიბისი ბანკს - ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ კატეგორიულად უარვყოფთ ამ ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს.
თიბისი ბანკი არის და დარჩება ქვეყანაში და რეგიონში ლიდერ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც წარმოდგენს კორპორაციული მართვისა და პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითს, რაც აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუციების და ინვესტორების მიერ.
თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმ სეგმენტში (FTSE250 სიაში) და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თიბისი ბანკის არსებობის 27 წლის განმავლობაში, ყველა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი. თიბისი ბანკს და მის მენეჯმენტს გამოუვლია არაერთი კრიზისი და ყველა ხელისუფლების პირობებში ყოველთვის დაუმტკიცებია და მომავალშიც დაამტკიცებს თავის სიმართლეს.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:
· არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისუფლების დროს;
· არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;
· ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.
თიბისი ბანკი ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად".
გამოიკვეთა თუ არა ბრალდებული
როგორც საქმის პროკურორმა სალომე ჩიქობავამ განმარტა, ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ობიექტი თუ ობიექტები გამოკვეთილნი არ არიან.
მისივე თქმით, გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, მათ შორის თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.
ხანდაზმულობის ვადა
პროკურორ სალომე ჩიქობავას განმარტებით, სავარაუდო დანაშაული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება და ხანდაზმულობის ვადა ამ დროისთვის გასული არ არის.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021