Accentnews.ge
"სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში" – რაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა, სენატორ შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა

"სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში" – რაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა, სენატორ შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა

09/08/2024 18:36:45 პოლიტიკა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მანამდე მოკლე კომენტარები თავად პრეზიდენტმა და სენატორმა შაჰინმა სოციალურ ქსელში გააკეთეს.

„მივესალმე საქართველოს მეგობრებს, სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვრის უსაფრთხოება. მათი ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია”, - დაწერა ზურაბიშვილმა.

„სასიამოვნო იყო საქართველოში ჩემი ვიზიტის დაწყება პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრით. მადლიერი ვარ ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგულების - ამბიციის, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს.”- თქვა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითაც, შეხვედრაში ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ოქტომბრის არჩევნებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, შეხვედრისას სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

„მათ აღნიშნეს, რომ სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში და ეს არ არის რეგიონული ვიზიტი. სწორედ იმის საჩვენებლად და დასადასტურებლად ჩამოვიდნენ, რომ ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და განვითარებას. მათ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს მუდამ ჰქონდათ და ექნებათ ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან, რაც მთლიანად ქვეყნის მხარდაჭერას ნიშნავს. მათ მაღალი შეფასება მისცეს პრეზიდენტის პირად ძალისხმევას საქართველოს ევროატლანიკური ინტეგრაციის გზაზე",– ვკითხულობთ შეტყობინებაში.

ამასთან, ამავე ინფორმაციის მიხედვით, სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა მწვავე შეფასება მისცეს მმართველი ძალის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორიც „რუსული კანონია“, რომელიც აზიანებს ქართულ დემოკრატიას, საქართველოს ევროპულ გზას და ორმხრივ ურთიერთობებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დამაზიანებელ ანტიდასავლურ რიტორიკას.

საუბარი ასევე შეეხო ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს.

  • პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ არჩევნებს საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიული მომავლისათვის რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს.
  • პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ამომრჩევლის მობილიზების მნიშვნელობას და გააცნო ქართული ქარტია, როგორც სამოქმედო გეგმა ევროპული რეკომენდაციების მოკლე ვადაში შესასრულებლად და ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისათვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
  • პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა იგრძნოს აშშ-ის მხარდაჭერა. მხარეებმა ისაუბრეს მეგობარი აქტის მნიშვნელობაზე, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერებისათვის.

განცხადების მიხედვით, შეხვედრისას განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ოჩამჩირის პორტის საკითხი. სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა განაცხადეს, რომ აპირებენ საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას.

ამერიკელი კანონმდებლები ორპარტიული ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვივნენ. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S