
ამომრჩეველთან შეხვედრისას ტრამპის მკვლელობა სცადეს (VIDEO)
14/07/2024 06:15:31 მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა.
CNN-ის ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ შეიარაღებული პირი და შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა.
ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მას ესროლეს და ტყვია „მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში" მოხვდა.
„მსურს მადლობა გადავუხადო აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ყველა სამათალდამცავ უწყებას ბატლერში მომხდარ სროლაზე სწრაფი რეაგირებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი, მსურს თანაგრძნობა გამოვხატო მოკლულისა და დაჭრილის ოჯახების მიმართ. დაუჯერებელია, რომ მსგავსი ფაქტი შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში მოხდეს. არაფერია ცნობილი თავდამსხმელის შესახებ, რომელიც ახლა მკვდარია. მე მესროლეს ტყვია, რომელმაც ჩემი ყურის ზედა ნაწილში გაიარა. მე სწრაფადვე მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, გავიგე წუილი, სროლის ხმა და უცებ ვიგრძენი, ტყვიამ როგორ გაიარა კანში. შემდეგ სისხლი წამომივიდა. ამგვარად, გავიაზრე, რაც ხდებოდა. ღმერთმა დალოცოს ამერიკა“ - აცხადებს ტრამპი.
საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად უსაფრთხოდ არის: „13 ივლისს საღამოს, დაახლოებით 18:15, პენსილვანიის ბატლერში ყოფილ პრეზიდენტ ტრამპის (საარჩევნო) საკამპანიო შეხვედრის დროს, ეჭვმიტანილმა მსროლელმა შეხვედრის ადგილის გარედან, შემაღლებული პოზიციიდან, სცენის მიმართულებით მრავალჯერადი გასროლა მოახდინა.
შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის პერსონალმა მსროლელი გაანეიტრალა, რომელიც ახლა მკვდარია. აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დამცავი ზომებით სწრაფი რეაგირება მოახდინა, ყოფილი პრეზიდენტი უსაფრთხოდაა და მისი სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს. ერთი დამსწრე დაიღუპა, ორი კრიტიკულად დაშავდა. ინციდენტზე ამჟამად გამოძიება მიმდინარებს და საიდუმლო სამსახურმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს ფორმალური შეტყობინება გაუგზავნა.“
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021