
რატომ ვერ იქცევა გოლანი პრეცედენტად სოხუმისა და ცხინვალისთვის
30/03/2019 11:17:18 თვალსაზრისი, ანალიზი
მიმდინარე წლის 25 მარტს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა.
1800 კვადრატული კილომეტრი ჯამური ფართის ტერიტორია, რომელსაც სადღეისოდ როგორცსირიისთვის, ისე ისრაელისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია, ამ უკანასკნელმა 1967წელს დაიკავა.
ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და გაერო–მ ტრამპის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს, რუსეთი კი შეეცადა, იგი სათავისო არგუმენტად გამოეყენებინა.
"სახეზეა იმის დემონსტრირება, თუ რა წესებით აპირებს ამერიკა თამაშს - “ვისაც გვინდა, იმასვაღიარებთ. - იქნება ეს დედაქალაქი, ტერიტორია თუ სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტიო”. ამიტომაცნებისმიერი დემაგოგია ყირიმის “ანექსიისა” თუ სხვა "ოკუპაციების" შესახებ დღეიდან ყველანაირსაფუძველს კარგავს. ყველასთვის ცხადია, რომ ყირიმს (აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, დნესტრისპირეთს)არ აღიარებენ, გოლანსა და კოსოვოს – კი და ეს ხდება ერთადერთი კრიტერიუმის მიხედვით - “ჩვენ ასეგვაწყობს", - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტისთავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩევმა.
რიგი ანალიტიკოსების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები, რომ ტრამპის გადაწყვეტილება შესაძლოა, პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული მრავალწლიანი კონფლიქტების გადაწყვეტისთვისაც პრეცედენტად იქცეს.

თუმცა ექსპერტი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში გიორგი გობრონიძე მსგავს შესაძლებლობას ვერ ხედავს და მავანთ, რომლებიც ერთის მხრივ - გოლანის მაღლობების, ხოლო მეორეს მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტებს შორის საერთო ხაზის ძებნას ცდილობენ, სთავაზობს, თავად ისრაელ–სირიის კონფლიქტის საფუძვლებს გადაავლონ თვალი.
გოლანის მაღლობები: ტერიტორიების ოკუპაცია, თუ საკუთარი მოსახლეობის გადარჩენისმცდელობა?
როგორც გობრონიძემ „აქცენტთან“ საუბრისას განმარტა, ისრაელს გოლანის მაღლობების დასაკავებლად თავისი მიზეზები ჰქონდა:
„გოლანის მაღლობლებზე არის ერთადერთი წყალსაცავი, რომელსაც გალილეის ზღვას უწოდებენ. ისრაელი სასმელ წყალს სწორედ იქიდან იღებს. სირიელებს კი მცდელობა ჰქონდათ, კალაპოტი შეეცვალათ მდინარე იორდანესთვის, რომელიც სათავეს გალილეის ზღვიდან იღებს. ისრაელი სერიოზული ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებოდა. ამდენად, ჩვენ ამ სიტუაციას ორი მიმართულებით უნდა შევხედოთ. პირველია დროითი კონტექსტია: ეს არის 60–იანი წლები და მაშინდელი საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო დღევანდელისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. მეორე კი მიზნობრივი კონტექსტია – რა მიზნით განახორციელა ისრაელმა ამ ტერიტორიების დაკავება და ეს ნათელია – ქვეყანა სასმელი წყლის რესურსის გარეშე რჩებოდა, თანაც არა დროებით, რადგან იქმნებოდა მთელი გეოგრაფიული ლანდშაფტის ცვლილების რისკი. ეს არ ნიშნავს, რომ მსგავს ვითარებაში სხვა ქვეყნის ტერიტორიების დაკავება გამართლებულია, მაგრამ გარკვეულწილად, იძლევა ლოგიკურ ახსნას იმისა, თუ რატომ მოიქცა ისრაელი ისე, როგორც მოიქცა იმ წლებში“.
ამასთანავე, გობრონიძის თქმით, კონფლიქტი ისრაელს არ წამოუწყია:
„ისრაელის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პრაქტიკულად მეორე დღეს არაბული ქვეყნების ლიგამ (სირია, იორდანია, ეგვიპტე, საუდის არაბეთი და ერაყი) ისრაელის წინააღმდეგ ომი დაიწყო. არაბულმა ქვეყნებმა ე.წ. “სამი არას“ (“არა ისრაელის ცნობას, არა ისრაელთან მშვიდობას, არა ისრაელთან თანამშრომლობას”) დოქტრინა მიიღეს. ეს სერიები არაბულ–ისრაელის კონფლიქტისა, რომელიც 40–იანი წლების ბოლოდან დაიწყო და დაუსრულებლად გრძელდება, ნათელი რეფლექსიაა იმ დამოკიდებულებისა, რომელიც არაბულ სამყაროს ისრაელის მიმართ გააჩნია. ხშირ შემთხვევაში ვხდებით მოწმენი იმისა, რომ ისრაელს ამტყუნებენ ხოლმე იგივე პალესტინელებთან, იგივე სირიასთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მთავარი – ისრაელის სახელმწიფო გაერო–ს რეზოლუციის საფუძველზე შეიქმნა, რომელიც არ მიიღო არაბულმა სამყარომ, მათ შორის - სირიამაც. შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ერთი სახელმწიფო მეორეს არსებობას უბრალოდ არ აღიარებს, მეორე სახელმწიფო კი საკუთარი მოსახლეობის გადარჩენის მიზნით გარკვეულ ტერიტორიებს იკავებს. ტერიტორიების დაკავება არ მოხდებოდა, სირიასა და ისრაელს შორის ნორმალური ურთიერთობა რომ ყოფილიყო და სირიას ისრაელის არსებობის უფლება ეღიარებინა.
ამგვარად, აქ მნიშვნელოვანია გარემოება – რასთან გვაქვს საქმე, ტერიტორიების ოკუპაციასთან, თუ საკუთარი მოსახლეობის გადარჩენის მცდელობასთან? როდესაც ქვეყანა არ სცნობს შენი არსებობის უფლებას, რთულია იმაზე საუბარი, რომ ისრაელს სირიასთან საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ჩარჩოების დაცვით კონსტრუქციული დიალოგი უნდა ეწარმოებინა”.
გოლანის მაღლობლები და საქართველოს კონფლიქტები: აცდენა თუ საერთო ხასიათი?
გობრონიძე ერთის მხრივ გოლანის, მეორესმხრივ კი სოხუმისა და ცხინვალის კონფლიქტებში სრულიად განსხვავებულ მოცემულობებს ხედავს:
“ისრაელმა გადადგა ნაბიჯი, რათა გადაერჩინა საკუთარი მოსახლეობა, აფხაზეთმა და ცხინვალის რეგიონმა კი გადადგეს ნაბიჯები სულ სხვა მიზნით - რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე ეთნიკური ქართული მოსახლეობა გაენადგურებინათ. სხვათა შორის, ეს მუდმივად „ერევათ“ რუსებს: ისრაელის ამ პრეცედენტამდე მათ კოსოვოს პრეცედენტი მოჰყავდათ მაგალითად. მაგრამ კოსოვოს აღიარება რეალურად, გენოციდის სერიოზული საფრთხის წინაშე მდგომი ალბანელების დაცვის გარანტია იყო, ხოლო აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება – პირიქით, გენოციდის წახალისება და მხარდაჭერა. ასე, რომ საქმე გვაქვს ორ რადიკალურად განსხვავებულ მოცემულობასთან: ერთ შემთხვევაში - საერთაშორისო ჰუმანიტარული დანაშაულის პრევენციისთვის განხორციელებულ სამხედრო ოპერაციასთან, მეორეში კი - მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩამდენთა წახალისებასა და მხარდაჭერასთან”.
ამის საფუძველზე ექსპერტი ასკვნის, რომ გოლანის მაღლობლებთან დაკავშირებით აშშ–ის გადაწყვეტილება ამ კონფლიქტების ბუნებიდან, დროითი სივრციდან, ისტორიული კონტექსტიდან, გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ შექმნის ვერანაირ პრეცედენტს ვერც აფხაზეთისთვის და ვერც ცხინვალის რეგიონისთვის:
“ტყუილად არსებობს მოლოდინი, რომ ეს რამენაირად შეიძლება, გადაიზარდოს საერთაშორისო პრაქტიკაში, რომელიც პოზიტიური იქნება სეპარატისტებისთვის. აფხაზებს და ოსებს აქვთ ძალიან „დიდი ბენეფიტი“ ასადის რეჟიმის სახით და ეს არის მათი ერთადერთი პრეცედენტი: ამ ტიპის რეჟიმებს, რომლებიც ახორციელებენ ეთნოწმენდას, მხარს უჭერენ მხოლოდ ის რეჟიმები, რომლებიც ძალადობენ საკუთარ მოსახლეობაზე და სჩადიან ომის დანაშაულს. ვინ არიან ისენი? – მაგალითად, მადუროს მთავრობა და ჩვენ ვხედავთ, რომ მას თავად ვენესუელაში აქვს ლეგიტიმურობის კრიზისი; ასადის მთავრობა, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს ქიმიურ იარაღს და რუსეთი, რომელმაც თუნდაც იგივე ჩეჩნეთში საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის არაერთი დანაშაული ჩაიდინა“.
რით იყო განპირობებული ტრამპის გადაწყვეტილება
გობრონიძის დაკვირვებით, ეს იგივე პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და იქ აშშ–ის საელჩოს გადატანას დასთანხმდა.
„ზოგადად რომ შევხედოთ ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის დინამიკას, პალესტინელები ყოველ ჯერზე, დაწყებული 1948 წლიდან, ხელიდან არ უშვებდნენ შესაძლებლობას, ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შანსი ხელიდან გაეშვათ. ისრაელს მუდმივად აკრიტიკებენ, მაგრამ მაინტერესებს, რატომ არ ხდება თანაზომადი კრიტიკა პალესტინური მხარისა, რომელსაც დეკლარირებულად ექსტრემისტული, ტერორისტული ორგანიზაცია მართავს იგივე „ჰამასის“ სახით? გასაგებია, რომ ეს ძალა არჩევნებით მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ ამ გზით რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლა შეუძლია „ალ–ქაედასაც“, „ბოკო ჰარამსაც“ და ა.შ.! ამდენად, გვაქვს რეალობა, რომ მეორე მხარეს არის რეჟიმი, რომელსაც მართავს ტერორისტული ორგანიზაცია, ხოლო ისრაელის მხარეს არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ქვეყანას დასავლეთის დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე მართავს. ამ ლოგიკით ჩემთვის გასაგებია აშშ–ის, როგორც დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ. ტერორისტული ჯგუფები არ იმსახურებენ არც ნდობას, არც მხარდაჭერას. „ჰამასი“ ცალსახად ტერორისტული ორგანიზაციაა, სირიის ტერიტორიაზე ოპერირებს „ჰესბოლა“ – ასევე ტერიტოსტული ორგანიზაცია, თავად სირია ისრაელის არსებობის უფლებას არ აღიარებს, ამდენად ეს ისრაელს აძლევს შესაძლებლობას, გადარჩეს სხვაგვარი მოქმედებებით. დარწმუნებული ვარ, ისრაელის საგარეო პოლიტკის მთავარი გამოწვევა არა არაბულ სამყაროსთან კონფრონტაცია, არამედ იმის მიღწევაა, რომ არაბულმა სამყარომ ამ ტერიტორიაზე ქვეყნის არსებობის უფლება აღიაროს“.
მიმართავს თუ არა აშშ ორმაგი სტანდარტის გზას
გობრონიძე მიიჩნევს, რომ თავად კონფლიქტების ხასიათის განსხვავებულობის გამო აქ ორმაგ სტანდარტზე ვერ ვისაუბრებთ.
გარდა ამისა, მისი თქმით, თუკი რუსეთის ფედერაციას ამერიკის ასეთი მოქმედება აწუხებს, უნდა გაირკვეს, თავად რუსეთის მოქმედება ხომ არ იქცა ერთგვარ მაპროვოცირებლად:
“აღმოჩნდა, რომ თურმე, ამერიკელებს შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის მოკავშირეები არიან. ეს პროცესი დაიწყო თავად რუსეთმა, როდესაც აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტი. ამდენად, ორმაგი სტანდარტი სწორედ აქ უნდა ვეძებოთ: გვაქვს ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა, ასევე შუა საუკუნეების შემდეგ პირველად, ერთმა ქვეყანამ მეორე ქვეყნის ტერიტორია უბრალოდ დაიპყრო [ყირიმი]; მართვადი კონფლიქტები შექმნა და სეპარატისტულ რეჟიმებს მხარს უჭერს დონეცკსა და ლუგანსკში; რუსეთის შეიარაღებული ძალების მე–14 ბაზა გარკვეული ძალებისთვის მთავარი საყრდენია დნესტრისპირეთში... და ამ პირობებში რუსეთი მამა აბრამის ბატკანივით საუბრობს ტერიტორიული ურღვევობის პრინციპზე სერბეთთან მიმართებაში, როდესაც საქმე კოსოვოს ეხება! ზოგადად, ორმაგი სტანდარტები ნამდვილად არსებობს საერთაშორისო ურიერთობებში, მაგრამ იმასაც შევხედოთ, პირობითად ისრაელმა სირიას რომ დაუბრუნოს გოლანის მაღლობლები, არსებობს კი რაიმე გარანტია, რომ სირია ისევ ისე არ მოიქცევა, ან „ჰესბოლა“ არ ეცდება ისრაელის თუნდაც სასმელი წყლის გარეშე დატოვებას? რა თქმა უნდა, ეცდება. ეს არის ირანის [ასადის რეჟიმს უჭერს მხარს] ერთ–ერთი ამოცანაც, რომელსაც კონსტიტუციურ ნორმად აქვს ისრაელის სახელმწიფოს განადგურება. ეს მსოფლიოში ალბათ, ერთადერთი კონსტიტუციაა, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს არსებობას მეორე სახელმწიფოს განადგურების სურვილით ამართლებს. შევხედოთ სურათს, რა გარემოცვაშია ისრაელი და ჩვენ დავინახავთ, რომ ტრამპის მოქმედება არა იმდენად ორმაგი სტანდარტია, რამდენადაც მოკავშირისადმი უპირობო მხარდაჭერა ყველა მიმართულებით“.
გამოდგება თუ არა ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთის არგუმენტად
გობრონიძის შეფასებით, რუსეთის ფედერაციას არგუმენტები არ სჭირდება:
„სანამ ეს საბაბი ექნებოდა, მას სჭირდებოდა არგუმენტები ოკუპაციის გასამართლებლად? მან სხვა ქვეყნის ტერიტორია დაიპყრო ისე, რომ არც ჰქონია რაიმე სახის საერთაშორისო სამართლის პრეცედენტი, რომელსაც დაეყრდნობოდა. მან რუსულ–თურქული ომების სტილში განახორციელა „თანამემამულეთა“ დაცვა. მე–19 საუკუნეში მისი ძირითადი მოტივი ქრისტიანების „დაცვა“ იყო, უკრაინის შემთხვევაში – „თანამემამულეების“. რუსეთს არ სჭირდება არგუმენტები, ისედაც აფუჭებს ყველაფერს, რისი გაფუჭებაც შეუძლია“.
ავტორი: დიანა მუსელიანი
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021