
ალავერდელი მიტროპოლიტი: მდგომარეობა საგანგებოა, იავარქმნილია მონასტრის ყველა შენობა- ნაგებობა!
26/06/2024 07:39:58 რეგიონები, საზოგადოება
ალავერდში გუშინდელი სტიქიის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები განახლდა.
როგორც მედიასთან ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) ამბობს, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ყველა შენობა–ნაგებობა დაზიანებულია.
მან მდგომარეობას "საგანგებო" უწოდა.
"დღის შუქზე მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მდგომარეობა არის საგანგებო. არც ერთი სახურავი არ არის გადარჩენილი. ყველა სახურავი არის დაზიანებული. გარდა ამისა, ქვემოდან როცა უყურებთ, რომ გუმბათის კარავს მოხსნილი აქვს თუნუქი, სპეციალისტებმა უნდა ნახონ, რადგან დარტყმა ქარბორბალას ძალისა, იყო ძალიან დიდი. სხვა დანარჩენი, ინფრასტრუქტურა იყო მონასტრის შიგნით, თუ რა იყო, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, არის იავარქმნილი და ეს ეხება მონასტრის ყველა შენობა- ნაგებობას"– თქვა მიტროპოლიტმა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა თქვა, რომ ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან გვაქვს საქმე, "მარტივი სამუშაო არაა","საჭიროა ღრმა შესწავლა, რომ სწორად დაიგეგმოს პროცესები".
ალავერდს 25 ივნისს ქარბორბალამ გადაუარა. დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა.
ალავერდი მონასტრის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც. სააგენტომ აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021