Accentnews.ge
სომხეთმა პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა

სომხეთმა პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა

21/06/2024 08:32:45 კავკასია

სომხეთის რესპუბლიკა პალესტინის სახელმწიფოს ცნობს, – ამის შესახებ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღაზას სექტორში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარება და მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს.

განცხადების თანახმად, "სომხეთის რესპუბლიკა კატეგორიულად გმობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დამიზნებას, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობას, შეიარაღებული კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანას, დატყვევებას და უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს მათი უპირობოდ გათავისუფლების შესახებ".

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთის რესპუბლიკა შეუერთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.

უფრო მეტიც, "სომხეთის რესპუბლიკა გულწრფელად არის დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით, ებრაელ და პალესტინელ ხალხებს შორის ხანგრძლივი შერიგების დამყარებით. სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით პალესტინის საკითხის მშვიდობიან გადაწყვეტას და მომხრე ვართ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს“ პრინციპით მოგვარების. დარწმუნებულები ვართ, ეს არის ერთადერთი გზა პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის თავიანთი ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლისა და ხალხთა თანასწორობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი ერთგულების დადასტურებით, სომხეთის რესპუბლიკა ცნობს პალესტინის სახელმწიფოს“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

2024 წლის მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში, პალესტინა სახელმწიფოდ აღიარეს ესპანეთმა, ნორვეგიამ, ირლანდიამ და სლოვენიამ. ისრაელმა ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა და უწოდა „საჩუქარი ჰამასისთვის“.

პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს 193 წევრიდან 140-ზე მეტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S