
"ლუკაშენკო აზერბაიჯანს იარაღით ამარაგებდა" – Politico–მ ათობით დოკუმენტი მოიპოვა
14/06/2024 12:55:07 კავკასია
ბელარუსის ხელისუფლება აქტიურად აწვდიდა აზერბაიჯანს იარაღს, რომელსაც შემდეგ ბაქო იყენებდა მთიანი ყარაბაღისთვის ომის დროს. ხოლო კონფლიქტის შემდეგ, რამაც გამოიწვია დაახლოებით 100 000 სომეხის დევნილობა, ბელარუსული კომპანიები ჩაერთნენ აღდგენით სამუშაოებში, – იუწყება Politico.
გამოცემამ მოიპოვა ათობით წერილი, დიპლომატიური დოკუმენტი, გაყიდვის ხელშეკრულებები და საექსპორტო ინვოისები, რომლებშიც მითითებულია 2018-2022 წლებში ბელარუსიდან აზერბაიჯანში მიწოდება სხვადასხვა ტიპის იარაღის, მათ შორის მოდერნიზებული საარტილერიო, ელექტრონული ომის (EW) სისტემების და დრონების კომპონენტები.
დოკუმენტებს შორისაა ბელარუსის იარაღის საექსპორტო სააგენტოს წერილები სახელმწიფო კომპანიებისთვის უახლესი საარტილერიო მართვის სისტემების შეკვეთასთან დაკავშირებით, ასევე ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მიმოწერა აზერბაიჯანის მიერ "გროზა-S" თვითმავალი ელექტრონული ომის სადგურების შეძენის შესახებ.
არტილერია და დრონები აქტიურად გამოიყენებოდა ყარაბაღის მეორე ომის დროს 2020 წელს, ასევე 2023 წლის სექტემბერში.
ედუარდ არაკელიანმა, ერევნის დემოკრატიისა და უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის სამხედრო ანალიტიკოსმა დაადასტურა, რომ Politico-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტები ეხება სამხედრო ტექნიკას, რომელიც აზერბაიჯანმა გამოიყენა სომხეთთან დაპირისპირებისას და ამავე დროს „მოწოდებული იყო იმ ქვეყნის მიერ, რომელიც წესით, მისი მოკავშირე უნდა ყოფილიყო.” „ფორმალური თვალსაზრისით, ეს არის ОДКБ/CSTO-ს წესების სრული დარღვევა, მაგრამ პრაქტიკაში ყოველთვის ვიცოდით, რომ ეს ბლოკი უფრო მეტად უჭერს მხარს აზერბაიჯანს“, - აღნიშნა მან.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გამოდის.
ხუთშაბათს ფაშინიანმა თქვა ისიც, რომ არც თავად და არც სომხეთის რომელიმე ოფიციალური პირი არ ჩავა მინსკში, ვიდრე ლუკაშენკოა ხელისუფლებაში. მან ხაზი გაუსვა ომში ლუკაშენკოს მხარდაჭერას ალიევისადმი. ფაშინიანმა ასევე არაერთხელ დაადანაშაულა ОДКБ/CSTO ვალდებულებების შეუსრულებლობაში.
Politico-ს მიერ მოპოვებულ ერთ-ერთ დიპლომატიურ გზავნილში ნათქვამია, რომ ბელარუსული საწარმოები აქტიურ როლს ასრულებენ „აზერბაიჯანის დეოკუპირებული ტერიტორიების აღდგენაში, ასევე ბელარუსული საქონლისა და მომსახურების ექსპორტში“ ამ ქვეყანაში.
ექსპერტების აზრით, ლუკაშენკო აზერბაიჯანს არ მიაწოდებდა იარაღს ვლადიმირ პუტინის თანხმობის გარეშე.
„მოსკოვში არ არსებობს ლოიალურობა, ის უპირველეს ყოვლისა დაინტერესებულია საკუთარი უსაფრთხოებით, თუნდაც ის უზრუნველყოფილი იქნას მისი მოკავშირეების ხარჯზე“, - თქვა ივანა სტრადნერმა, დემოკრატიების დაცვის ფონდის მკვლევარმა.
აბსურდულია იფიქრო, – ამბობს ის, რომ "ბელარუსული მარაგი შეიძლება მოსკოვისგან მალულად გადამისამართდეს და რომ რუსეთი ვერ სეაჩერებდა ამას":
"ეს აჩვენებს, რომ ვლადიმირ პუტინის მსგავსი "მეგობრების" პირობებში მტრები არ არის საჭირო".
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021