
მოსკოვმა ერევანს ბუჩაში სომხეთის ელჩის ვიზიტის გამო საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
10/06/2024 09:52:07 კავკასია
რუსეთმა სომხეთს უკრაინაში სომხეთის ელჩის ვლადიმერ კარაპეტიანის და ერევნის ნორ-ნორკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიგრან ტერ-მარგარიანის ბუჩაში ვიზიტის გამო საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვას თქმით, ამ ქმედებას მოსკოვი "არამეგობრულ ნაბიჯად" მიიჩნევს.
„შეშფოთებულები ვართ მათ მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების გადაცემით და იქ რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული მიუღებელი განცხადებებით. ჩვენ საპროტესტო ნოტა გავუგზავნეთ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს“, - თქვა ზახაროვამ.
2 ივნისს კარაპეტიანი და ტერ-მარგარიანი ბუჩას ეწვივნენ და ნორ-ნორკისა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ უკრაინულ მხარეს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს.
„ვამაყობთ უკრაინელი ხალხის სიმამაცით და ყოველთვის მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ბუჩას და სამხედრო ოპერაციების შედეგად დაზარალებულ სხვა თემებს“, - თქვა ერევნის ნორ-ნორკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა უკან დაიხიეს კიევის მისადგომებინად და გადაღებულმა კადრებმა მსოფლიო შეძრა: სადარბაზოებში, სარდაფებში, ქუჩებში უკრაინულ ძალებს დახვდათ მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები. უმეტესობას წამების კვალი აღენიშნებოდა. რუსული პროპაგანდა აღნიშნულს უარყოფს.