Accentnews.ge
ფეა თრიიზ ფონდი: "აგენტების კანონის" გამო ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის პროექტი გავიწვიეთ

ფეა თრიიზ ფონდი: "აგენტების კანონის" გამო ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის პროექტი გავიწვიეთ

29/05/2024 20:05:06 რეგიონები, საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია "ფეა თრიიზ ფონდის" განცხადებით, "აგენტების კანონის" მიღების გამო ონის მუნიციპალიტეტში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის პროექტის წინადადება უკან გაიწვიეს. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს და თან ურთავს ონის მერიისთვის გაგზავნილ წერილს.

ორგანიზაცია აზუსტებს, რომ ინფორმაცია ეხება ქალაქ ონში დაგეგმილ ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნას და არა ამბროლაურში არსებულ, უკვე ფუნქციონირებად, მათივე ფონდის კლინიკას.

"28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ჩვენი ფონდის მუშაობაზე. სამწუხაროდ, იძულებული ვართ შევწყვიტოთ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით. პროექტზე მუშაობის დაწყება შესაძლებელი გახდა ონის მოსახლეობის დიდი თხოვნის და აქტიური ჩართულობის შედეგად...", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ონის მერიისთვის გაგზავნილ წერილში ორგანიზაცია განმარტავს გადაწყვეტილების მიღების მიზეზებს:

"კანონი სერიოზულ გამოწვევას უქმნის ჩვენს ორგანიზაციას, რადგან გვავალდებულებს, დავრეგისტრირდეთ როგორც უცხოური ინტერესების მატარებელი. ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან ახორციელებს სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც მიმართულია რაჭის მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებისკენ. შესაბამისად, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ორგანიზაცია უნდა იყოს უცხოური ინტერესების მატარებელი რეესტრში.

ახალი კანონის თანახმად, მოსალოდნელია, რომ დაგვაკისრონ ჯარიმები და შეგვიქმნან ფინანსური სირთულეები. ამ ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სივრცე აღარ გვრჩება. გარდა ამისა, არ შეგვიძლია დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება და ახალ სოციალურ პროექტებში ინვესტირება, მაშინ როცა ჩვენი მიმდინარე პროექტებიც საფრთხის ქვეშ არის ახლად შემოღებული კანონის გამო".

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მათ მრავალჯერ, უშედეგოდ სცადეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან შეხვედრა, რათა განეხილათ "აგენტების კანონის" მოსალოდნელი უარყოფითი გავლენა რაჭის მოსახლეობაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S