
ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა
17/05/2024 10:07:22 კავკასია
თანამდებობა დატოვა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა, რომელსაც ეს პოსტი თითქმის ცხრა წლის განმავლობაში ეკავა.
ფაქტის კომენტირებისას, რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა თქვა, რომ დაუდოვმა გადაწყვიტა, "თავი სხვა სფეროებში მოსინჯოს." თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.
„კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ჩეჩნეთის პარლამენტის აწ უკვე ყოფილი სპიკერი შესაძლოა, სამუშაოდ ფედერალურ სამართალდამცავ უწყებაში გადავიდეს ან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაემგზავროს გარკვეული მისიის შესასრულებლად.
ცნობილია, რომ მაგომედ დაუდოვი იბრძოდა იჩქერიის დამოუკიდებლობისათვის. მოგვიანებით ის ტყვედ ჩავარდა. რამზან კადიროვმა წლების წინ მოყვა, თუ როგორ აიყვანეს ტყვედ დაუდოვი, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ არ მოეკლათ და დაარწმუნეს, რომ გადასულიყო კრემლის მხარეზე. მას შემდეგ დაუდოვი ჯერ ახმატ კადიროვის პირად დაცვაში მსახურობდა, შემდეგ კი სხვადასხვა სპეცრაზმს მეთაურობდა. 2007 წელს დაუდოვს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა.
დაუდოვს პარლამენტის სპიკერის პოსტზე შეცვლის 69 წლის შაიდ ჟამალდიევი, რომელიც რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის თანამებრძოლი იყო.