Accentnews.ge
ირანის გენშტაბის უფროსი: "ეს ოპერაცია დასრულებულია, თუ საპასუხო ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენი შემდეგი ოპერაცია გაცილებით მასშტაბური იქნება"

ირანის გენშტაბის უფროსი: "ეს ოპერაცია დასრულებულია, თუ საპასუხო ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენი შემდეგი ოპერაცია გაცილებით მასშტაბური იქნება"

14/04/2024 08:02:05 მსოფლიო

ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი სარდარ ბაგერი აშშ–სა და ისრაელს აფრთხილებს.

მისი თქმით, ირანმა შეერთებულ შტატებს შეტყობინება შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გაუგზავნა და გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ თუ ის ითანამშრომლებს ისრაელთან მათ შესაძლო შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით, ამერიკული ბაზების უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება.

როგორც მან აღნიშნა, "ამჟამად ოპერაცია დასრულებულია, მაგრამ ირანის შეიარაღებული ძალები რჩებიან მაღალ მზადყოფნაში და მზად არიან, იმოქმედონ საჭიროების შემთხვევაში".

"თუ სიონისტური რეჟიმი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს, ჩვენი შემდეგი ოპერაცია გაცილებით მასშტაბური იქნება“, - განაცხადა ბაგერიმ.

ცნობისთვის: 14 აპრილს ევროპის დროით დაახლოებით 1.45 საათიდან ისრაელში დაიწყო საჰაერო განგაშის მაუწყებელი სირენების ხმა. ირანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ისრაელის საჰაერო სივრცეში შევიდნენ.

ირანიდან გაშვებულ დრონებს ისრაელამდე მიღწევისთვის რამდენიმე საათი სჭირდებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ბაზებზე განთავსებული აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები, ასევე ბრიტანეთისა და იორდანიის საჰაერო ძალები ისრაელისკენ მიმართული დრონების მოგერიებაში მონაწილეობდნენ.

  • ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ირანის დარტყმებს მსხვერლი არ მოჰყოლია. მისი ცნობით, 7 წლის გოგონა სერიოზულად დაშავდა ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევებით. გარდა ამისა, მსუბუქადაა დაშავებული 31 ადამიანი. მათ ნაწილს დახმარება პანიკური შეტევების გამო დასჭირდა.

ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ირანული მედიის ინფორმაციით, 1 აპრილს ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოს შენობაზე, რის შედეგადაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი დაიღუპა. ირანის ცნობით, თავდასხმისას დაღუპულებს შორის არიან ირანის საგანგებო დანიშნულების რაზმების, ყუდსის ძალების ერთ-ერთი მეთაური, ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი მოჰამედ ჰადი რაჰიმი და მათი ხუთი კოლეგა. სირიაში მომხდარის გამო თეირანი საპასუხო ზომებით დაიმუქრა. ირანის მხრიდან შესაძლო საავიაციო იერიშების შესახებ ბოლო დღეებში უამრავი მედიასაშუალება წერდა.

დღეს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანის მიერ გამოყენებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99% განეიტრალებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S