
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
05/04/2024 16:43:20 კავკასია
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "დღეს 15:10 საათიდან 17:35 საათამდე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სცადა სამუშაოების ჩატარება აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინ თხრილის საინჟინრო გაუმჯობესების მიზნით, თოვუზის რაიონის დასახლებების – ხაჯალის, აღბულაგის, აგდამის, გარალარის, კოხნე გიშლაგისა და გადაბაის მიმართულებით შემდგომი პროვოკაციებისთვის ნიადაგის შესაქმნელად. 17:25 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბერდის რაიონის ჩინარლის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც განლაგებულია თოვუზის რაიონის მუნჯუღლუს დასახლების მიმართულებით".
პარალელურად, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმად, "17:05 საათზე სოფელ ჩინარლისთან (ტავუშის რაიონი) და 17:30 საათზე სოფელ ვერინ შორჟასთან (გეღარქუნიკის რაიონი) აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სომხურ პოზიციებს ცეცხლი გახსნეს".