
ვინ ულოცავს პუტინს მეხუთე ვადით გაპრეზიდენტებას
18/03/2024 06:20:08 მსოფლიო
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 15-17 მარტს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხმების 87% მიიღო. იგი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება.
ვინ ულოცავს პუტინს მეხუთე ვადით გაპრეზიდენტებას
როგორც რუსული მედია იუწყება, ერთ–ერთი პირველი ვისგანაც პუტინმა მილოცვა მიიღო, „პატივცემული ამხანაგი, ჩრდილოეთ კორეის მეთაური კიმ ჩენ ინი არის". კიმ ჩენ ინი ღიად უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს. უკრაინის და მისი მოკავშირე დასავლეთის სახელმწიფოების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილ ბალისტიკურ რაკეტებს იყენებს.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმაც, რომელმაც ვლადიმირ პუტინის „დამაჯერებელ გამარჯვებას“ უწოდა მისი „პოლიტიკური ავტორიტეტის და რუსეთის საზოგადოების ფართო მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დასტური“.
პუტინს ხელახალი ვადით არჩევა ამ დროისთვის ასევე მიულოცეს ჰონდურასის პრეზიდენტმა სიომარა კასტრომ, ბოლივიის პრეზიდენტმა ლუის არსემ, კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა, ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ და ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ.
ცნობისთვის: რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 15-17 მარტს ჩატარდა, პუტინის გარდა, მონაწილეობდა ის სამი კანდიდატი, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდათ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უაი განუცხადეს, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბორის ნადეჟდინს, რომელიც სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით პუტინს და უკრაინის წინააღმდეგ ომს ღიად აკრიტიკებდა.
დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მასშტაბური დარღვევებით ჩატარდა, მათ შორის იყო საარჩევნო ურნებში ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა იძულება.
სამდღიანი კენჭიყრისას მოქალაქეების ნაწილი პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა. არაერთ ქალაქში საარჩევნო ყუთებს საღებავი შეასხეს და უბნებზე ხანძარი გააჩინეს. რუსეთის შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მსგავს ფაქტებზე სისხხლის სამართლის 33 საქმე აღძრეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე 112 309 947 ამომრჩეველია, ხოლო საზღვარგარეთ - 1 890 863. რუსეთი თავის „ტერიტორიას“ უწოდებს უკრაინაში ოკუპირებულ რეგიონებსაც - დონეცკს, ლუგანსკს, ხერსონს, ზაპოროჟიეს და ყირიმს.
რუსეთმა საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, მოსკოვის მიერ „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებულ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, რომელთა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარებას.