Accentnews.ge
ზელენსკი: აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინაში სიკვდილი მილიონობით ადამიანს ელოდება

ზელენსკი: აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინაში სიკვდილი მილიონობით ადამიანს ელოდება

26/02/2024 05:44:44 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელნსკის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინაში სიკვდილი მილიონობით ადამიანს ელოდება.

25 თებერვალს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ზელენსკის ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტმა ჰკითხა რესპუბლიკელი სენატორის ჯეი დი ვენსის განცხადებაზე, რომლის თანახმად, "უკრაინისთვის აშშ-ის დახმარება ბრძოლის ველზე რეალობას ვერ შეცვლის".

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "არ არის დარწმუნებული, რომ სენატორს ესმის, რა ხდება უკრაინაში"

"იმისათვის, რომ გაიგო რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე უნდა ჩახვიდე, ხალხს დაელაპარაკო და მიხვდები, რომ მხარდაჭერის გარეშე მილიონობით ადამიანს სიკვდილი ელოდება. ეს არის ფაქტი", – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის: კონგრესში რესპუბლიკელების დიდი ნაწილის წინააღმდეგობის გამო აშშ ამ დრომდე ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო თანხის გამოყოფას.

სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ. კენჭისყრა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში ამ დრომდე არ ჩატარებულა. რესპუბლიკელები წინააღმდეგობის მიზეზად ასახელებენ მექსიკასთან საზღვრის გავლით მასშტაბური არალეგალური მიგრაციის პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს არსაკმარისად მიიჩნევენ.

დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რამდენიმე თვეა, ცდილობს კონგრესის დარწმუნებას, რომ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება საჭიროა არა მხოლოდ რუსეთისგან უკრაინის დასაცავად, არამედ აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ აშშ-ის კონგრესი დაფინანსების გაგრძელების საკითხს დადებითად გადაწყვეტს.

2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

2022-2023 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გაუწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S