
ბრიტანეთის პარლამენტმა კვლავ “ბრექსითის” გადავადებას დაუჭირა მხარი
15/03/2019 17:37:08 სხვა, მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის გადავადებას დაუჭირა მხარი. კენჭისყრის პროცესს “BBC” პირდაპირ ეთერში გადასცემდა. გადავადებას 412-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 202-მა მისცა ხმა.
მანამდე დეპუტატებმა სხდომაზე უახლოეს ხანებში “ბრექსითის” საკითხზე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა ჩააგდეს.
თავდაპირველად “ბრექსითი” 2019 წლის 29 მარტისთვის იყო დანიშნული. თუმცა ამ თარიღამდე ორი კვირით ადრე ტერეზა მეის მთავრობამ და დეპუტატებმა ვერ შეათანხმეს პირობები, რომლითაც სამეფო ევროკავშირს დატოვებს. მთავრობის ევროკავშირთან შეთანხმებაზე მუშაობა თითქმის ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა კენჭისყრისას დეპუტატებმა იგი ორგზის ჩააგდეს.
ტერეზა მეის მთავრობა ირწმუნება, რომ “ბრექსითის” გაჭიანურება ხანგრძლივი არ იქნება და 30 ივნისამდე გასტანს. თუმცა ამისათვის პარლამენტმა 20 მარტამდე უნდა დაამტკიცოს შეთანხმება,რომელიც მთავრობასა და ევროკავშირს შორის იქნა მიღწეული. ამასწინათ პარლამენტმა ევროკავშირთან შეუთანხმებლად გასვლას მხარი არ დაუჭირა. გარდა ამისა, მიღებულ იქნა შესწორება, რომელიც ამას სამომავლოდაც კრძალავს.
მომავალ კვირას ტერეზა მეი მესამედ შეეცდება, ევროკავშირთან საკუთარი შეთანხმება პარლამენტში გაიტანოს. თუ ეს არც მესამედ გამოუვა, “ბრექსითი” განუსაზღვრელი ვადით გადაიდება და დიდ ბრიტანეთს მაისში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება მოუწევს. გარდა ამისა,ევროკავშირის ქვეყნებმა დიდი ბრიტანეთის კავშირიდან გასვლის ახალი თარიღი უნდა დაამტკიცონ.
ხუთშაბათს გამართულ დებატებზე დეპუტატები ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობაზე მსჯელობდნენ. ამ ინიციატივას რიგი დეპუტატები მხარს უჭერენ, თუმცა ეწინააღმდეგება როგორც ტერეზა მეის მთავრობა, ისე ოპოზიციის მიერ ფორმირებული მინისტრთა ჩრდილოვანი კაბინეტი, - იუწყება “CNN”.
ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხზე რეფერენდუმი 2016 წლის ივნისში ჩატარდა. გასვლას სამეფოს 17,4 მლნ-მა მოქალაქემ (რეფერენდუმის მონაწილთა 51,89%-მა) დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 16,1 მლნ-მა (48,11%) მისცა ხმა.
სოციოლოგიური კვლევების კომპანია YouGov-ის მონაცემებით, ბრიტანელების 49 % თვლის,რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლა უნდა გადავადდეს. წინააღმდეგ 34%-ია. დანარჩენ რესპონდენტებს ამ საკითხზე მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნიათ.ევროკავშირთან შეუთანხმებლად გასვლას გამოკითხულოთა მხოლოდ 20 % უჭერს მხარს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021