Accentnews.ge
ერევნისადმი ზურაბიშვილის ხისტი, თუმცა ადეკვატური გზავნილები

ერევნისადმი ზურაბიშვილის ხისტი, თუმცა ადეკვატური გზავნილები

14/03/2019 19:29:10 კავკასია

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სომხეში საკმაოდ რეზონანსული გამოდგა: მან მეზობლებსრიგ «სამწუხარო» გარემოებებზე მიუთითა, განსაკუთრებული აქცენტი კი ამ კონტექსტში ორ საკითხზე - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემის არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით დადასტურების აუცილებლობაზე, ასევე რეგიონული კონფლიქტების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის დაუშვებლობაზე გააკეთა.

კერძოდ, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ

  • რეგიონული კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა გადმოვიდეს”;

  • თუ სომხეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ეს უნდა იყოს აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივადაც”.

ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენრის“ ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის ეს განცხადებები შესაძლოა, ვინმემ ხისტად აღიქვა, თუმცა არაადეკვატური ისინი არ ყოფილა.


ვეთანმები პრეზიდენტის განცხადებას, რომ ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობა უმთავრესი და პრიორიტეტული საკითხია. ასევე ვიზიარებ მის მოსაზრებას, რომ ყარაბაღის, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების ანატომიაცა და მოგვარების ფორმატებიც სრულიად განსხვავებულია. გასაგებია, რომ არაღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენლები ცდილობენ, ურთიერთობების საკუთარი ფორმატი შექმნან, მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რომ სომხეთს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური გავლენა აქვს ყარაბაღზე და, როგორც კონფლიქტის შემდგომი ურთიერთობები აჩვენებს, ერევანი არის მხარე, რომელიც დაინტერესებულია და ჩართულია ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში. და ბუნებრივია, ამ მეზობელმა სახელმწიფომ, რომელიც ჩვენი მეგობარია, უნდა იცოდეს ჩვენი გულისტკივილიც, ის, თუ როგორ აღიქმება საქართველოს მიერ ყარაბაღის წარმომადგენლების ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტები. ამდენად, შეიძლება პრეზიდენტის ტონალობა ვიღაცას არ მოეწონა, განცხადება კატეგორიულად მოეჩვენა, მაგრამ ის ადეკვატური იყო“,– განუცხადა „აქცენტს“ ჯეჯელავამ.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ სომხეთში გაკეთებული განცხადებები უნისონშია მის მიერ აზერბაიჯანში გაკეთებულთან, რომელიც ასევე ტერიტორიულ მთლიანობას შეეხებოდა:

სომხეთის ბოსტანში ისროლა კენჭები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ეხებოდა საქმე და ხაზი გაუსვა, „ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულიაო“. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, საგარეო ვექტორის თვალსაზრისით უფრო ხისტი იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესების გამოხატვაში. რთულია, გამოცდილ დიპლომატს რჩევა მისცე, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მის ადგილას უფრო შერბილებულ ტონს და ნეირტრალურ დამოკიდებულებას ვარჩევდი იმ თემებთან დაკავშირებით, რომელთა გარღმავებაც სასარგებლო არ იქნება. ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში უკვე მივეჩვიეთ პრეზიდენტის "უცნაურ" გამონათქვამებს და ალბათ, ჩვენს პარტნიორებსაც მოუწევთ, ყური შეაჩვიონ და გაგებთ მოეკიდონ მათ“.

ანალიტიკოსი არ ელის, რომ სომხეთში ვიზიტისას ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ თემებზე ყურადღების გამახვილებას რაიმე ხელშესახები შედეგები მოჰყვეს, თუმცა მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ საკუთარი ინტერესების მკაფიოდ დაცვას აზრი ყოველთვის აქვს:

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის უმნიშვნელვანესი თემა და ქართული საზოგადოება არც ერთ ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, დათმობაზე წავიდეს“.

რაც შეეხება მეორე - რეგიონული კონფლიქტების საქართველოში გადმოტანის საკითხს, მისთვის გაუგებარია, რა კონკრეტული საფუძველი ჰქონდა პრეზიდენტს, როდესაც ამაზე საუბრობდა:

მაშინაც კი, როდესაც ყარაბაღის კონფლიქტი უმწვავეს ფაზაში იყო, საქართველომ მაქსიმალურად აირიდა კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის შესაძლებლობა. ხოლო ახლა, როდესაც აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ–მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთთან პირდაპირ კონტაქტზე არიან და ამ თვალსაზრისით გარკვეული გარღვევა ნამდვილად არის, რამ მისცა ჩვენს პრეზიდენტს ამ განცხადების გაკეთების შესაძლებლობა, არ მესმის".

ანალიტიკოსის თქმით, "თუ აქ იგულისხმებოდა ახალქალაქში განვითარებული მოვლენები, ძეგლისისტორია იყო თემა, რომელმაც სიმწვავე დიპლომატიური თვალსაზრისით სომხეთის მხრიდან დაშვებული გარკვეული შეცდომების გამო შეიძინა":

"ეს ძეგლი დიდი ხანია, დგას, მაგრამ განახლებულის გახსნისთვის ასეთი ფორმატის მინიჭებამ (საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის დასწრებამ და ელჩის მონაწილეობამ) გაამწვავა სიტუაცია. თორემ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს თავის დროზე არ ჰქონიათ ასეთი მწვავე რეაქცია. ეს იყო გარკვეული ტიპის შეცდომა, რისგანაც ყველამ თავი უნდა დავიზღვიოთ. ამ ტიპის დაშვებები მეზობელი სახელმწიფოების ურთიერთობებში ხდება ხოლმე, მაგრამ ნამდვილად არ არის იმ მასშტაბის პრობლემა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვისაუბროთ რეგიონული კონფლიქტების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის რისკზე. მე გაცილებით მაღალი წარმოდგენის ვარ ჩვენს მოქალაქე სომხებსა და აზერბაიჯანელებზე. ისინი სრული პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ თემას, გაცნობიერებული აქვთ, პირადად მათთვის, ზოგადად მოქალაქეებისთვის და სახელმწიფოსთვის რამდენად გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს კონფლიქტის აქ გადმოტანას. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამის მცდელობა არ ყოფილა და არ ვფიქრობ, რომ სადღეისოდ რამე მსგავსი რისკის ნიშნები იგრძნობოდეს”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S