
"ჰამასის" ერთ–ერთი ლიდერის ლიბანში მკვლელობის შემდეგ მაკრონმა ისრაელი გააფრთხილა
03/01/2024 08:16:46 მსოფლიო
"ჰამასის" ერთ–ერთი ლიდერის ლიბანში მკვლელობის შემდეგ გაჩნდა ისრაელის მიმართ საერთაშორისო მოწოდებები თავშეკავების თაობაზე.
კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის ომის კაბინეტის წევრ ბენი განცთან სატელეფონო საუბრი გამართა და ისრაელი ლიბანში ესკალაციის თაობაზე გააფრთხილა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური.
ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".
ისრაელის არმია 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ღაზას სექტორში აწარმოებს ომს "ჰამასის" წინააღმდეგ, რასაც წინ უძღოდა ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობის ფართომასშტაბიანი თავდასხმა.