Accentnews.ge
ერთობლივი შეტევა USAID-ზე: რატომ მოქმედებს თბილისი უნისონში კრემლთან და მის სოხუმელ სატელიტებთან

ერთობლივი შეტევა USAID-ზე: რატომ მოქმედებს თბილისი უნისონში კრემლთან და მის სოხუმელ სატელიტებთან

04/12/2023 18:31:15 ანალიზი

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, როგორც მოსკოვში, ისე თბილისსა და სოხუმში არაერთგზის გაიჟღერა ფაქტობრივად იდენტურმა სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულმა გზავნილმა, თითქოს დასავლეთს უკრაინის დასახმარებლად და მოსკოვის საქმის გასართულებლად ომში საქართველოს ჩაბმა სურდეს. ყველას გვახსოვს გაცვეთილი ცრუ ნარატივი „რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისაკენ ბიძგების“ შესახებ, რომელსაც როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ისე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები მოსკოვის კვალდაკვალ ფაქტობრივად ერთი და იგივე სიტყვებით იმეორებდნენ. ამას დაემატა ასევე მოსკოვის კვალდაკვალ ერთობლივი გალაშქრება არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ, რომელსაც როგორც თბილისში, ისე სოხუმში საზოგადოების მედგარი წინააღმდეგობა შეხვდა. თუმცა კრემლი ფარ-ხმალს არ ყრის და თავის სატელიტებს აიძულებს, აწარმოონ რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა ის უკანონო დევნა, რომლის ლეგალიზება ე.წ. „უცხოეთის აგენტების შესახებ“ ჩაგდებული კანონით სურდათ, თუმცა კანონის მიუღებლობის პირობებშიც აქტიურად გრძელდება.

სოხუმში ამ საქმეს მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდის ენთუზიაზმით ეწეოდა კრემლის შეგირდი - ახალგაზრდა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, რომელიც მუდმივად ადანაშაულებდა არასამთავრობო სექტორს „რუსეთის დაშლის მიზნით დაკვეთილ ჯაშუშურ საქმიანობაში“, „აფხაზეთში საქართველოს ინტერესების გატარებაში“ და „დასავლეთისა და ოფიციალური თბილისის რბილ ძალად“ მოიხსენიებდა. ამ სადეზინფორმაციო გზავნილების ფართო მასებში გასავრცელებლად არძინბამ აფხაზეთის რაიონებში არაერთი გასვლითი შეხვედრაც გამართა, რომელთაგან ერთ-ერთზე ღიად დააანონსა ოკუპირებულ რეგიონში NGO-ების უმრავლესობის აკრძალვაც კი. თუმცა ვინაიდან ახალგაზრდა „მინისტრს“ აფხაზეთში სწორედ რუსეთის და არა აფხაზი ხალხის ინტერესების გამტარებლის სახელი ჩამოუყალიბდა, არასამთავრობოების წინააღმდეგ მისმა პროპაგანდისტულმა ბრძოლამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერა ვერ ჰპოვა - და კრემლს საქმეში „მძიმე არტილერიის“ ჩართვა მოუწია ცნობილი პროპაგანდისტის - მედიაჯგუფ “Russia Today”-სა და ტელეკომპანია RT-ს ხელმძღვანელ მარგარიტა სიმონიანის სახით.

ამ უკანასკნელმა, რომელსაც ინალ არძინბას ხელმძღვანელობით მოქმედ დე ფაქტო უწყებასთან ერთობლივი პრეს-ცენტრი აქვს დაფუძნებული, გასული კვირის ბოლოს აფხაზ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და იერიში მიიტანა, კერძოდ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოზე (USAID), რომლის საბოლოო მიზნად „აფხაზეთისთვის დამოუკიდებლობის წართმევა“ დაასახელა:

„მსგავს არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ, ზეგავლენა მოახდინონ აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებასა და განვითარებაზე. ისინი თქვენთვის საკუთარი პოლიტიკის, საკუთარი ფასეულობების თავს მოხვევას ცდილობენ, აფხაზი ერის კულტურული კოდის შეცვლით ქვეყნის პარალიზებას ლამობენ, საბოლოო ჯამში კი დამოუკიდებლობას გართმევენ. გახსოვდეთ: რა ლოზუნგებითაც არ უნდა მოვიდნენ ისინი თქვენთან, სიკეთეს არ მოგიტანენ, მის ნაცვლად მოგიტანენ ბევრ ბოროტებას და ღმერთმა არ ქნას, ყველაფერი დასრულდეს სისხლისღვრით, როგორც სრულდება ხოლმე, როგორც წესი, მათი ჩარევები ყველგან. თქვენს ხელმძღვანელობას ვუსურვებ სიბრძნეს, გამბედაობასა და ძალას, რათა უკომპრომისოდ ებრძოლოს ამ ბოროტებას”, – განაცხადა სიმონიანმა.

თავის მხრივ, მოსკოვური დესანტით შეგულიანებულმა ინალ არძინბამ ჟურნალისტებთან საუბრისას დააანონსა, რომ „ცნობილ რუს ჟურნალისტებსა და საზოგადო მოღვაწეებთან სტუდენტების ანალოგიური შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“.

არძინბაცა და სიმონიანიც რომ კრემლის პოლიტიკის გამტარებლები არიან - საყოველთაოდაა ცნობილი და ეჭვს აღარც აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობაში იწვევს. ამდენად, ნაკლებადაა გასაკვირი პრეტენზიები, რომელიც USAID-ს მიმართ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოაყალიბა: „როგორც ამ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, აფხაზეთში რეალიზებადი პროექტები მიმართულია “კრემლის დამღუპველ გავლენასთან ბრძოლასა” და “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე”.. ვისაც აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების გაფუჭება სურს და ჩვენს რესპუბლიკას ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავს, მათთვის აფხაზეთის კარი უახლოეს დროში დაიხურებაო”.

გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ იგივე USAID-ი, რომლის აფხაზური პროექტების მიზანს - ხალხებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენისა და მშვიდობის ხელშეწყობა წარმოადგენს, ხოლო მთლიანად საქართველოში - ცხოვრების დონის ამაღლება და დემოკრატიის განვითარება, მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. ყველას გვახსოვს ამასწინანდელი სამარცხვინო ეპოპეა ორგანიზაციის ტრენინგის გამო გამოძიების დაწყებითა და დაკითხვებით, რომელსაც საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგელების მიერ USAID-ს „გადატრიალების მზადების დაფინანსებაში“ საჯაროდ დადანაშაულება გასდევდა ფონად. გამოძიება არ დასრულებულა და ვეჭვობ, არც არაფრით დასრულდება - დაახლოებით ისევე, როგორც ე.წ. „საბურავების საქმე“ ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისში და არაერთი სხვა პოლიტიკური საქმე შემდგომ წლებში... არადა, საუბარია ორგანიზაციაზე, რომელიც საქართველოს კეთილდღეობა-განვითარებაზე ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს და მთავრობაზე, რომელიც აშშ-ისგან ყოველწლიურად მილიონობით დოლარს იღებს...

რით დასრულდება არასამთავრობო სექტორთან ომი სოხუმსა დ თბილისში - დრო გვიჩვენებს. მაგრამ ერთი რამ უკვე დღესაა ნათელი: მოსკოვში დაწყებული ეს სამარცხვინო მოძრაობა, რომელიც პუტინის ხელისუფლების ოპონენტების განადგურებას ემსახურება, ფეხს მხოლოდ იქ იკიდებს, სადაც მმართველ ძალებს ანალოგიური მიზნები ამოძრავებთ და მზად არიან, საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად კარისაკენ მიუთითონ ყველას, ვინც წლების განმავლობაში ზრუნავს ხალხის კეთილდღეობაზე, ქვეყნის განვითარებასა და უკეთეს მომავალზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჩათვლით. და არათუ „არა უშავს“, არამედ „კარგიც კია“, თუკი ამასობაში საქართველოში სრულად გაიწმინდება ველი რუსეთის გავლენის მთელი ძალით დასაბრუნებლად - მთავარია, ძლიერთა ამა ქვეყნისათა სკამები და ფული გადარჩეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S