Accentnews.ge
გიუნტერ ბეხლერი: მორალური და სამართლებრივი თვალსაზრისით, უკრაინის სრული მხარდაჭერა სავალდებულოა!

გიუნტერ ბეხლერი: მორალური და სამართლებრივი თვალსაზრისით, უკრაინის სრული მხარდაჭერა სავალდებულოა!

22/11/2023 12:59:48 ანალიზი

გარდა დიქტატორებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, კიმ ჩენ ინი, ეს უდავოა: რუსეთის აგრესიული ომი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ არღვევს გაერო–ს ქარტიის პრინციპებს ომის შესახებ [დოკუმენტის თანახმად, აკრძალულია ძალადობის და ომის გამოყენება ქვეყნების დასაპყრობად, ან სისხლისღვრის გზით საზღვრების გაფართოება] თუმცა ძალზე საკამათოა, თუ როგორ უნდა დაისაჯოს ამ კანონის დარღვევა. პასუხების მასშტაბი მერყეობს დასავლური აგრესიისგან სავარაუდო რუსული თავდაცვის გააზრებიდან, მსხვერპლისა და მოძალადის ნეიტრალურ თანაბარ მოპყრობამდე და რუსული იმპერიის ნარჩენების განადგურებამდე. რა პასუხს გვაძლევს მორალი? ამან შესაძლოა, ხელი შეუწყოს „მშვიდობისმოყვარე მომლაპარაკებლებსა“ და „რისკზე ორიენტირებულ იარაღის მომწოდებლებს" შორის არსებული უფსკრულის შემცირებას.

მორალური სახელმძღვანელო არ შეიძლება, განისაზღვროს ვოლუნტარისტული გზით. როგორც შესაბამისობა, ასევე „კარგი კონვენციები“ აშკარად წინასწარ არის განსაზღვრული: ომის აკრძალვით საერთაშორისო სამართლის მიხედვით და, შესაბამისად, ძალადობაზე უარის თქმით საერთაშორისო ურთიერთობებში; აგრესორისგან ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლებით; ეროვნული ინტერესით სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეროვნული ტერიტორიის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; მსხვერპლი ქვეყნის მოსახლეობის ნებით, დაიცვას მოსახლეობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა – თუნდაც წარმოუდგენელი მსხვერპლის ფასად. სამოქალაქო და სამხედრო მსხვერპლის თავიდან აცილება თავდასხმის რაც შეიძლება ეფექტურად და გამარჯვებით დასრულებით არის ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მთავრობის მოქმედების პრინციპის ნაწილი. მან ასევე უნდა მიმართოს ყველა ღონეს ომის ესკალაციისა და გაფართოების თავიდან ასაცილებლად.

გაწერილი სახელმძღვანელო არა მხოლოდ შეესაბამება მორალურ მოსაზრებებს, არამედ ის ჰარმონიაშია თანამედროვე საერთაშორისო სამართალსა და მორალურ კონვენციებთან. მორალისა და კანონის ამ ნორმატიული თანმიმდევრულობისგან განსხვავებით, მორალი და საერთაშორისო სამართალი განსხვავდება ომის შესახებ მრავალ პოლიტიკურად მოტივირებულ ნარატივებში. აქ არის რამდენიმე ანოტირებული მაგალითი:

  • "უკრაინის ომი ძალიან ბევრ რესურსთანაა დაკავშირებული და სამხრეთის კონფლიქტებსა და სიღარიბის პრობლემას ყურადღების მიქცევისაგან აშორებს". ამის საწინააღმდეგოდ: რაც არ უნდა გამართლებული იყოს გლობალური სამხრეთის პროტესტი, უკრაინაში ომის სისასტიკეების რელატივიზაცია არ უწყობს ხელს გლობალური უსამართლობის მოგვარებას; ისინი არსებობდნენ 2022 წლის 24 თებერვლამდე დიდი ხნით ადრე და სავარაუდოდ, მომავალშიც იარსებებენ. უსამართლობას უსამართლობით ვერ გადაიხდი.
  • "უკრაინა სხვა არაფერია, თუ არა სრულყოფილი დემოკრატია; კორუმპირებული ქვეყანა იდეალიზებული და გაზვიადებულია". გარდა იმისა, რომ დღეს არ არსებობს იდეალურად დემოკრატიზებული პოსტსაბჭოთა ქვეყანა (და ბევრი დასავლური ქვეყანა არ არის ბევრად უკეთეს მდგომარეობაში), ქვეყნის კონსტიტუციურობა არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც საზომი, დაცული იქნება თუ არა გაეროს ქარტია. თუმცა, დე ფაქტო ჩანს, რომ არა დემოკრატიის კუთხით დეფიციტი, არამედ შედარებით წარმატებული და არასრული გარდამავალი პერიოდი უკრაინაში გახდა საფრთხე თავად რუსეთის ავტორიტარული ხელისუფლებისთვის. თუ გაეროს წევრები დაუშვებდნენ დემოკრატიისკენ მიმავალი გზა ძალით შეჩერებულიყო არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ მეზობელ თუ მესამე ქვეყნებში, მაშინ ისინი მთლიანად ძირს უთხრიდნენ არსებულ საერთაშორისო სამართალს, თუ არა არსებულ მსოფლიო წესრიგს.
  • "მეზობელ სახელმწიფოში ტერიტორიების ოკუპაციით, რუსეთი იცავს რუსი წარმოშობის მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში დისკრიმინირებულნი არიან". ფაქტია, რომ ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო - და უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ფედერაცია - ებრძვის სტალინის ეროვნული პოლიტიკის შედეგებს. მაშინ, როცა რუსეთში ფედერაცია მრავალი ხალხის ჩაგვრის ინსტრუმენტად იქცა, მოსკოვი მიზანმიმართულად ამძაფრებს პრობლემებს მეზობელ ქვეყნებში, რათა ხელი შეუშალოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას და ევროპულ ორიენტაციას (მაგალითად, საქართველოს კონფლიქტში).
  • "უკრაინის ომი მარიონეტული ომია, რომელიც რუსეთსა და აშშ-ს (ნატო) შორის მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის მხარდაჭერა საბოლოოდ უსარგებლოა". თუ ეს ჰიპოთეზა სწორი იქნებოდა, მაშინ მარიონეტული ომი უდანაშაულო მესამე მხარის ტერიტორიაზე განსაკუთრებით გასაკიცხი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ქვეყნის ხალხი განუზომლად იტანჯება კონკურენტი დიდი სახელმწიფოების სახელით, რეალურად მეომარი სახელმწიფოების მოსახლეობას, როგორც ჩანს, უფლება აქვს, გააგრძელოს თავისი ყოველდღიური ცხოვრებით ტკბობა. მათ შეუძლიათ თავდაჯერებულად იგნორირება გაუკეთონ იმ ომს, რომელიც მათი სახელით მიმდინარეობს.
  • „დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდება ახანგრძლივებს უაზრო ომს, რომლის მოგება მაინც შეუძლებელია. ამიტომ: მოლაპარაკება ახლავე!". როგორც შევიტყვეთ: მოსკოვში მზადყოფნის გარეშე მოლაპარაკებები საერთოდ არ იქნება. მეორეს მხრივ, აუცილებელია სრული პატივისცემა იმისა, რომ უკრაინას არ სურს ახლა ცეცხლის შეწყვეტა. ის რისკავს, იძულებით დათანხმდეს ქვეყნის დაყოფას ან დიქტატორულ მშვიდობას. რას ნიშნავს ეს, ამჟამად ჩანს სომხეთსა და მთიან ყარაბაღში. იძულებითი ცეცხლის შეწყვეტა ზრდის უკრაინაში სამოქალაქო ომის რისკს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის არსებობას. ფაქტობრივად, იარაღის მიწოდების შეწყვეტა ან განმეორებითი შეფერხება ახანგრძლივებს ბრძოლას და ზედმეტად ზრდის მსხვერპლის რაოდენობას. მრავალრიცხოვან სამხედრო ექსპერტებს, მრჩევლებს და შუამავლებსაც კი, რომლებიც თვლიდნენ, რომ რუსეთის თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა და რომლებმაც შესთავაზეს დამორჩილება ან დანებება კიევს, რადგან ისინი ცდებოდნენ, ეს უკვე უნდა გაეგოთ.
  • ”დასავლური იარაღის მიწოდება ზრდის ომის გაფართოების ან ესკალაციის, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების რისკს". პირიქით, ჩვენ ვნახეთ, რომ სადღეისოდ, ნატო-მ დიდი შეზღუდვები დაუწესა როგორც საკუთარ თავს, ისე უკრაინის თავდაცვას: საომარი მოქმედებების არანაირი გეოგრაფიული გაფართოება ნატო–ს ტერიტორიაზე; არანაირი ჩართვა აგრესორის ტერიტორიაზე; შორ მანძილზე მოქმედი იარაღის არანაირი გამოყენება და ასე შემდეგ. უკრაინა მთლიან თავდაცვის სისტემაში საჭირო იარაღის ნაკლებობას ანაზღაურებს კრეატიული გადაწყვეტილებებით, რაც დიდ ფასსა და დიდ დროს მოითხოვს. რაც შეეხება ბირთვული საფრთხეს, დაჟინებით უნდა ითქვას, რომ სავალდებულო საერთაშორისო სამართალი (ძალის გამოყენების აკრძალვა) ასევე ვრცელდება მთავარ ბირთვულ სახელმწიფოებზე.

რომ შევაჯამოთ, ეს ექვსი საკმაოდ ხშირად გამოყენებული ნარატივი ასახავს მორალურად საეჭვო პასუხს ჩვენს თვალწინ მომხდარ ხოცვა-ჟლეტაზე. სამხედრო აგრესიის მსხვერპლნი და შესაბამისად, უკრაინის მოსახლეობა დამატებით ისჯებიან საჭირო დიპლომატიური და სამხედრო მხარდაჭერის უარყოფით; მოყოყმანე მთავრობების მიერ დროის „ყიდვით“; უკრაინის დახმარების ინსტრუმენტალიზებით შიდა პოლიტიკური ძალაუფლების თამაშებისთვის (საარჩევნო კამპანიები); რუსეთის ხელისუფლების ცარიელ მუქარებზე შიშით უკან დახევით და ა.შ. ამრიგად, უკრაინის კაპიტულაცია გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებლობის სფეროში გადადის. მორალი, საერთაშორისო წესრიგი და მდგრადი მშვიდობის პერსპექტივები ევროპაში და, შესაძლოა, მთელ მსოფლიოში, უკანა პლანზე გადადის. გასაკვირი არ არის, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა არ ენდობა დასავლეთის მთავრობებს. ძალიან ხშირად ბოლო წლებში მოლაპარაკებები მთავრდებოდა ცუდი კომპრომისებით, რომლებიც მავთულხლართების მწარმოებლებისთვის დიდ ბიზნესად იქცა. თითქმის ყველა შეთანხმება შეესაბამება რუსეთის ინტერესებს, მაგრამ არა ოკუპირებული და დანაწევრებული ქვეყნების ინტერესებს. როგორც DER SPIEGEL-ის (16 სექტემბრის გამოცემა) სტატიის სათაურია, "ომი უკრაინაში 2008 წლის აპრილში დაიწყო ბუქარესტის უარით უკრაინას ნატო–ში გაწევრიანების უფლებაზე". განა თხუთმეტი წელი არ არის საკმარისი იმისთვის, რაც მორალურად არის საჭირო? რამდენ რევიზიონისტურ სიხარბეს მიიღებენ დასავლური მთავრობები, სანამ საბოლოოდ დაიწყებენ მდგრადი ევროპული სამშვიდობო წესრიგის განხორციელებას საერთო და თანაბარი უსაფრთხოების უზრუნველყოფით ყველა ქვეყნისთვის?

მორალურად და იურიდიულად მხოლოდ ერთი პასუხია: დამოუკიდებელი უკრაინის, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების მხარდაჭერა მშვიდობიანი დიპლომატიის და კოლექტიური თავდაცვის ყველა საშუალებით დღის წესრიგია. ცეცხლის შეწყვეტისა და მდგრადი სამშვიდობო წესრიგისთვის მომავალი მოლაპარაკებებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის უკან დახევა და უკრაინიდან გაყვანა. ვინც ჯერ კიდევ სერიოზულად არ აღიქვამს რუსეთის სამხედრო მიზნებს, შესაძლოა მალე კიდევ უფრო დიდი მორალური კატასტროფის მიზეზი გახდეს.

ავტორი: მკვლევარი გიუნტერ ბეხლერი. იგი მსახურობდა შვეიცარიის ელჩად საქართველოსა და სომხეთში. იგი იყო სპეციალური წარმომადგენელი მრავალ სამშვიდობო პროცესში, მათ შორის ნეპალში, სუდანში, სამხრეთ კავკასიასა და კამერუნში. 2016 წლიდან 2018 წლამდე ბეხლერი იყო ეუთოს თანათავმჯდომარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S