Accentnews.ge
EMC – დაღუპული მოზარდის ტრაგიკული შემთხვევა სისტემურ გამოწვევებს ააშკარავებს

EMC – დაღუპული მოზარდის ტრაგიკული შემთხვევა სისტემურ გამოწვევებს ააშკარავებს

18/12/2019 16:08:57 სხვა, სამართალი

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) 15 წლის მოზარდის დაღუპვის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ტრაგიკული შემთხვევა სახელმწიფოში არსებულ სისტემურ გამოწვევებს ააშკარავებს. 

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საგანმანათლებლო და სამართალდამცავმა სამსახურებმა ვერ შეძლეს მოზარდის ინდივიდუალური საჭიროებების გამოკვეთა და ამ საჭიროებებზე მორგებული მხარდამჭერი სოცილური და ფსიქოლოგიური მიდგომების გატარება.

“ცხადია, ამ პირობებში მიუღწეველი რჩება „არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსის“ მიზნები, რომლის ამომავალ პრინციპს მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა წარმოადგენს. ამავდროულად, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მისივე ცნობით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან ცალსახად იკვეთება, რომ პოლიციის განყოფილებაში მოზარდის დაკითხვისას უხეშად დაირღვა პროცესუალური სტანდარტი, რომელიც საგამოძიებო უწყებას ავალდებულებს, რომ არასრულწლოვნის დაკითხვას ესწრებოდეს მისი კანონიერი წარმომადგენელი. ამ პროცესში აგრეთვე შეილახა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი, რაც გულისხმობს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას.

"არსებითია სამართალდამცავმა სისტემამ სათანადოდ გაიაზროს დანაშაულების სტრუქტურული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზები და მათ ტრანსფორმაციული, და არა მხოლოდ რეპრესიასა და დასჯაზე ორიენტირებული მიდგომებით გაუმკლავდეს. საქართველოში, სადაც სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, სოციალური დაუცველობა, სოციალური ფრუსტრაცია მზარდია და მასშტაბური, არ შეიძლება  სახელმწიფოს მხოლოდ ადამიანების დასჯაზე ორიეტირებული საპოლიციო პოლიტიკა ჰქონდეს. არსებითია სამართალდამცავმა სისტემამ, სხვა რელევანტურ სოციალურ და განათლების უწყებებთან ერთად, დანაშაულის პრევენციაზე, თემზე და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომებით იმუშავოს. ცხადია, ამ პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას და მხარდაჭერას საჭიროებენ არასრულწლოვნები, რომელთაც სახლემწიფოსგან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა და დაცვა სჭირდებათ. ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებით რეფორმებს და სამართალდამცავ სისტემაში, თუმცა, ეს ძალისხმევა ამ სისტემას უფრო ჰუმანურს, სოციალურ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებულს და სანდოს არ ხდის. ამის მიზეზი პოლიციელების ინდივიდუალური თვითნებობისა და გადაცდომის მიღმა, სახელმწიფოს, როგორც არსებითად დამსჯელი მექანიზმის გაგებაშია. დამსჯელი სახელმწიფოს კონცეფცია ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში გაბატონებული ხედვაა და არსებითად გამორიცხავს მზრუნველი სახელმწიფოს გაგებას, რომელიც ადამიანების და ჯგუფების სოციალურ ტრანსფორმაციაზე, განვითარებაზე და მხარდაჭერაზე უნდა იყოს ორიენტირებული.  სიმპტომატურია ისიც, რომ წლების განმავლობაში სოციალური მომსახურების და განათლების სისტემის რეფორმები სუსტი და არაჯეროვანია. ამ სფეროებში დახარჯული რესუსრსების მასშტაბი, სახელმწიფოსთვის მათ არასაკმარის პრიორიტეტულობასაც აჩვენებს. ბუნებრია, რომ ამ პროცესში სუსტი და არასაკმარისია სამართალდამცავი და განათლების და სოციალურიდ დაცვის სისტემების კოორდინაცია და ურთიერთმხარდაჭერა.

ლუკა სირაძის ტრაგიკული საქმე არ არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა, რომელიც ააშკარავებს სახელმწიფო უწყებების რეპრესიულ და კარცერულ ბუნებას. ჩვენი გამოცდილება არაერთ მსგავს შემთხვევას გვახსენებს (მათ შორის, დემურ სტურუას, ა. კვირიკაშვილის საქმეები) და საზოგადოებას კვლავაც არ აქვს პასუხები, თუ რა ზომები მიიღო სახელმწიფომ წარსულში მსგავს ტრაგედიებზე", –აცხადებენ ორგანიზაციაში.

EMC მოუწოდებს:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს

  • ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე ეფექტიანად, ჯეროვნად და დროულად გამოიძიოს და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროგრესის შესახებ საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია;

  • გამოძიების პროცესში არსებითად დაინახოს ყველა საჯარო რგოლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, სამართლიანი რეაგირების ზომები მიიღოს;

საქართველოს მთავრობას


  • სხვადასხვა აქტორების მონაწილეობით გააანალიზოს არასრულწვლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზები და სხვადასხვა უწყებების კოორდინირებით შეიმუშავოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს;

  • სკოლებში გაძლიერდეს ფსიქოლოგიური და სოციალური დაცვის სამსახურები და მოსწავლეთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა დაინერგოს.

  • დანაშაულთა ბრძოლის პოლიტიკაში გაიაზროს დანაშაულის სტრუქტურული სოციალური მიზეზები და გააძლიეროს სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციისა და ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული მუშაობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S