Accentnews.ge
როდესაც სისტემა გთელავს: რეკომენდაციები ბავშვებსა და მშობლებს

როდესაც სისტემა გთელავს: რეკომენდაციები ბავშვებსა და მშობლებს

18/12/2019 11:07:53 სხვა, სამართალი

16 წლის ლუკა სირაძის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დროა, საკუთარი უფლებების შესახებ მეტი ვიცოდეთ. მეტი იმაზე, თუ როგორ მოვიგერიოთ სისტემა, როგორ არ დავაჩაგვრინოთ თავი. ამ მიზნით „აქცენტი“ იურისტის რეკომენდაციებს გთავაზობთ.

„პარტნიორობის ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელ ანა აბაშიძეს ბავშვებისა და მშობლებისთვის ორი მთავარი რჩევა აქვს:

  • ბავშვებმა ხმა არ ამოიღონ ადვოკატის გარეშე;
  • მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ის ვერ უზრუნველყოფს დაცვის გარანტიებს.

„სისტემა, რომელიც სადღეისოდ გვაქვს, უბრალოდ არ ვარგა და არსებითად შესავლელია. მაგრამ სანამ შეიცვლება, ყველა მშობელმა და პირველ რიგში, თავად ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სამართალდამცველს ადვოკატის გარეშე არ დაელაპარაკოს. ეს მშობელმა უნდა უზრუნველჰყოს, მაგრამ ბავშვმაც უნდა იცოდეს, რომ აქვს უფლება, სიტყვა არ თქვას ადვოკატის გარეშე. სადღეისოდ ეს თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა. ბავშვმა უნდა იცოდეს ისიც, რომ არაფერი ემუქრება, როდესაც ხმას არ იღებს. ქვეყანაში არსებულ ყველა კანონში და, რაც მთავარია, ბავშვთა დაცვის კონვენციაში არსებობს საკვანძო ჩანაწერი – „ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის პრიმატი“. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც უკჯობესია ბავშვისათვის, მე კი ვერავინ დამიმტკიცებს, რომ პოლიციელთან, გამომძიებელთან ბავშვის უადვოკატოდ საუბარი მისი ჭეშმარიტი ინტერესია“,– განმარტავს იურისტი.

რაც შეეხება მშობლებს, სადღეისოდ მოწმის სტატუსით გამოსაკითხ ბავშვს არ ენიშნება დაცვა, ამიტომ მშობლებისთვის ერთადერთი გზა რჩება: დაუკავშირდნენ კერძო ადვოკატს, ან გამოიყენონ ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიმიტირებული რესურსი და გამოკითხვის პროცესს ადვოკატთან ერთად დაესწრონ:

„როდესაც ბავშვი სისხლის სამართლის გამოძიების პროცესშია ჩართული, მას სჭირდება ემოციური მხარდაჭერა, უსაფრთხოება და სამართლებრივი გარანტიები. ემოციური მხარდაჭერის ნაწილში შესაძლოა, მშობელი კარგი კანდიდატი იყოს, მაგრამ რაც შეეხება სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, მშობელი გამოსადეგი პიროვნება არ არის: ის მინიმუმ, არ არის აღჭურვილი ცოდნითა და გამოცდილებით, როგორ აარიდოს ბავშვი ისეთ სტრესებს, როგორიც, მაგალითად, ლუკა სირაძემ მიიღო. ამის გარანტი არის ადვოკატი“.

„მოზარდ ბიჭებს ქუჩაში აჩერებენ, პოლიციის მანქანაში სვამენ და ხორციელდება ტერორი“

იურისტის ინფორმაციით, პოლიციელების მხრიდან უშუალოდ ქუჩაში ბავშვთა უფლებები ყოველდღიურ რეჟიმში ირღვევა:

„უშუალოდ პირველწყაროსგან – ბავშვებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ მოზარდ ბიჭებს ქუჩაში აჩერებენ, პოლიციის მანქანაში სვამენ ისე, რომ სამხრე კამერები გამორთულია და ხორციელდება ტერორი. ეს ცალსახა კანონდარღვევაა. იმის გამო, რომ პოლიციელების კვალიფიკაცია ძალიან დაბალია, ცდილობენ საბჭოური მეთოდების გამოყენებას თითქოსდა კეთილი მიზნის მისაღწევად. რელურად, ეს კონტრპროდუქტიულია: ბავშვის ღირსების შელახვა რაიმე დანაშაულის პრევენციას სასიკეთოდ არ მოემსახურება. ამას ქუჩაში ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ, განსაკუთრებით ბიჭებთან მიმართებაში. ეს არ არის ერთი და ორი პოლიციელის გადაცდომა, ეს სისტემის კრიზისია და ამ კრიზისიდან გამოსავალი ძალიან სწრაფადაა საპოვნელი“.

რა არის შესაცვლელი

„სისტემა მთლიანად შესაცვლელია“,– აღნიშნავს აბაშიძე.

დამოკიდებულება

„ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ბავშვის შეხება სისტემასთან: არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დაელაპარაკებიან. როდესაც სისტემას ეხება, ეს მისთვის უკვე უდიდესი ტრავმაა. უნდა გვესმოდეს, რომ ის ბავშვია და მის მიერ ჩადენილი ქმედება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც სრულწლოვანის საქციელი. კანონმდებლობა ამას გვეუბნება, თუმცა პრაქტიკაში სხვაგვარად ხდება და ეს უდიდესი პრობლემაა. დამნაშავე ბავშვი არ არსებობს. ბავშვს ყოველთვის აქვს მიზეზები და ამ შემთხვევაში მთავარი ამ მიზეზების კვლევაა და არა შედეგების გამოსწორების ესოდენ უხეში მცდელობა“,– განმარტავს აბაშიძე.

მისივე დაკვირვებით, სისტემა შერჩევითი პრინციპით მოქმედებს:

„პოლიციელის კომუნიკაცია ბავშვთან მინიმუმამდე არის დასაყვანი და საჭიროა პროცესში სხვა პროფესიონალების შემოყვანა, როდესაც გამოძიების ინტერესი ნამდვილად არის ბავშვისგან ინფორმაციის მიღება, მაგრამ არა ისეთი ბრუტალური გზით, როგორც ეს დღეს ხდება: არა პოლიციის შენობებში, არამედ სხვაგან, სადაც იქნება უსაფრთხო, მეგობრული და პატივისცემის დამადასტურებელი გარემო, როგორც წარმატებულ ქვეყნებში ხდება. სადღეისოდ ჩვენი კანონი არ ითვალისწინებს, თუმცა არც კრძალავს და ვხედავთ, როგორი შერჩევითია სისტემის მოქმედება. გაგახსენებთ ხორავას ქუჩის საქმეს. როგორ დაკითხეს ბავშვები? - მოწმე ბავშვთან შეხება არც ერთ პოლიციელს არ ჰქონია, მოწვეული იყო ინტერვიუერი, პროფესიონალი ადამიანი, რომელმაც მინიმალური სტრესის ფონზე აიღო გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია“.

სავალდებულო ადვოკატი

„დღეს პოლიციელს აქვს უფლება, ბავშვი გამოკითხოს, ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება ჩაატაროს და თუ, მაგალითად, ბავშვი მოწმის სტატუსით არის წარმოდგენილი, მხოლოდ მშობლის დასწრებაც კი საკმარისია. ეს ბავშვის დაცულობის უმდაბლესი სტანდარტია და ამ სისტემას პროტესტი ყველა ბავშვმა და მშობელმა უნდა გამოუცხადოს: არ ეთანამშრომლოს სისტემას, სანამ ბავშვის დაცულობის მაქსიმალური გარანტია არ იქნება, რაც ნიშნავს «ადვოკატი ყველა ბავშვს». მხოლოდ ამ პირობებში უნდა ხდებოდეს ბავშვის კომუნიცირება სისტემასთან. „სავალდებულო სახელმწიფო სახაზინო ადვოკატი“ – ეს ცვლილება უნდა შევიდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, სადაც წერია, რომ მოწმის სტატუსით გამოსაკითხ ბავშვს არ ენიშნება დაცვა. ზომების მიღება მშობლის სისწრაფესა და ეფექტურობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“.

მთავარ ფოტოდ გამოყენებული ნახატის ავტორია მარიამ გელაძე

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S