
"დაკითხვაზე არასრულწლოვნები ერთმანეთს დააპირისპირეს, რამაც ორივე მხარეს დიდი სტრესი მიაყენა"
18/12/2019 10:57:09 სხვა, სამართალი
საია-ს იურისტის, რეზო აჭარაძის თქმით, 15 წლის ლუკა სირაძის დაკითხვაზე სამართალდამცველებმა არასრუწლოვნები ერთმანეთს დააპირისპირეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
აჭარიძის თქმით, ფაქტობრივად დადასტურებულია, რომ 10 დეკემბერს მოზარდს განყოფილებაში დაემუქრნენ, რათა მას ეღიარებინა, რომ თითქოს „მწვანე სკოლის“ კედლები და შიდა ტერიტორია მოხატა. ლუკა სირაძე ამას არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ ეს მას არ ჩაუდენია.
ამასთანავე, იურისტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოზარდი რამდენიმე წუთით პოლიციელმა გაიყვანა ცალკე „რის შემდგომაც ის დაბრუნდა ძალზე ანერვიულებული და ატირებული, მოითხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა, ეს არ აღმოუჩინეს“.
„ფაქტობრივად, ძველი სტილის დაკითხვა იყო: დაპირისპირებაც კი მოხდა, რასაც უარყოფს გამომძიებელი, რომელიც დაკავებულია. დაპირისპირება სხვა მოწმესთან, კლასიკური დაპირისპირება.
არასრულწლოვნები ჰყავდათ დაბარებული ამ განყოფილებაში და დააპირისპირეს ერთმანეთს, რამაც ორივე მხარეს დიდი სტრესი მიაყენა და უკიდურესად დათრგუნა,“ – ამბობს იურისტი.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.
12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.
17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.
ამასთანავე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კიდევ ერთმა მოსწავლემ, 15 წლის მოზარდმა თვითდაზიანებები მიიყენა.
„ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ 15 წლის ბავშვმა თვითდაზიანებები მიიყენა. გამოძიება გრძელდება“ ,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არასრულწლოვან გოგონაზე, რომელმაც პედაგოგებს, მათივე თხოვნით, ლუკა სირაძესთან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, რაც ადმინისტრაციას პირის იდენტიფიცირებაში დაეხმარა.
თოლორაიას თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ნებისმიერი პირი, ვისთან მიმართებაშიც დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, პასუხისგებაში მიეცემა.