
სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს 15 წლის გოგონას თვითდაზიანების ფაქტებს
18/12/2019 10:30:38 სხვა, სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კიდევ ერთმა მოსწავლემ, 15 წლის მოზარდმა თვითდაზიანებები მიიყენა.
„ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ 15 წლის ბავშვმა თვითდაზიანებები მიიყენა. გამოძიება გრძელდება“ ,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არასრულწლოვან გოგონაზე, რომელმაც პედაგოგებს, მათივე თხოვნით, ლუკა სირაძესთან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, რაც ადმინისტრაციას პირის იდენტიფიცირებაში დაეხმარა.
თოლორაიას თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ნებისმიერი პირი, ვისთან მიმართებაშიც დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, პასუხისგებაში მიეცემა.
რაც შეეხება გამომძიებელის დაკავების ფაქტს, ლონდა თოლორაია ამბობს, რომ მარიანა ჩოლოიანი განყოფილებაში 15:00 საათიდან იმყოფებოდა და მის დაკავებაზე გადაწყვეტილების მისაღებად მოზარდის გარდაცვალებას არავინ დალოდებია.
„ჩვენ მართლა 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ამ ეტაპზე იყო ამ ერთი პირის დაკავების საფუძველი. დაკავებას თავისი მტკიცებულებითი სტანდარტი სჭირდება. მარიანა ჩოლოიანი განყოფილებაში არ მოგვიყვანია მას შემდეგ, რაც ბავშვი გარდაიცვალა. პოლიციის მუშაკი განყოფილებაში იმყოფებოდა 15:00 საათიდან და იგი იღებდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას, რომლის შემდგომ მიღებული უნდა ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება. ამიტომ, ვერ დავეთანხმები იმას, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და მხოლოდ ამის შემდეგ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული“ ,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.
12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.
17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.