
უგულავას 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს და პასპორტი და ID ბარათი ჩამოართვეს
12/12/2019 17:51:38 სხვა, სამართალი
ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს, გიგი უგულავას, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. უგულავას ასევე ჩამოერთმევა პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პროკურატურა 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.
"ალბათ, უცხოელი ძიუდოისტებიც რომ არ გავლახო, პასპორტი ჩამომართვეს" - ასე ეხმაურება უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებას.
საქმე ეხება 11 დეკემბერს მომხდარ ფაქტს, როდესაც უგულავასა და ევროპული საქართველოს კიდევ ერთ წევრს, საკრებულოს დეპუტატ გოკა გაბაშვილს აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში, გაფრენის წინ თავს დაესხნენ.
შსს-მ კი გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო. უწყებამ საქმე არა თავდამსხმელების, არამედ უგულავას წინააღმდეგ აღძრა. თავდამსხმელთაგან ერთერთი, ძიუდოისტი საბა (ბადრი) გავაშელაშვილი უგულავას ცემას ედავება.
გიგი უგულავა მომხდარს პროვოკაციად აფასებს. მისივე თქმით, ეს ყველაფერი აღბეჭდილი იქნება სათავლთვალო ვიდეოკამერებზე. თუმცა, საქმის პროკურორი ირწმუნება, რომ მათ ამ ვიდეოკადრების გამოყენების უფლება არ აქვთ.
პროკურორის განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიებას ხელთ აქვს მოწმეთა ჩვენებები და ამოღებულია ჩამწერი მოწყობილობა, რითიც ვიდეოგადაღება იწარმოებოდა.
„რაც შეხება თავად ვიდეოს მასალას, ამ კატეგორიის დანაშაულზე, ანუ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, კანონმდებლობის თანახმად არ არის გათვალისწინებული ვიდეო მასალის გამოთხოვა. ჩამწერი მოწყობილობა ამოღებული გვაქვს, რომ არ წაიშალოს და არ განადგურდეს“,- აცხადებს გიორგი ქობულაძე.