
ჰარვი ვაინშტეინი სექსუალური შევიწროების გამო ქალებს ჯამში 25 მილიონს გადაუხდის
12/12/2019 11:55:34 სხვა, მსოფლიო
ყოფილმა ჰოლივუდელმა პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტეინმა შეთანხმებას მიაღწია ქალებთან, რომლებიც მას სექსუალური შევიწროების ბრალდებას უყენებდნენ. როგორც “The New York Times” მოლაპარაკებების მონაწილე ადვოკატებზე დაყრდნობით იუწყება, გარიგების პირობების თანახმად, 30-ზე მეტი ქალი, მათ შორის მსახიობები და ვაინშტეინის სტუდიის თანამშრომლები ჯამში 25 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ, რის სანაცვლოდაც პროდიუსერს ბრალის აღიარება არ მოუწევს.
ირკვევა, რომ ყველა ხარჯს თავის ბანკროტად გამოცხადების პროცესში მყოფი ვაინშტეინის სტუდიის წარმომადგენელი სადაზღვევო კომპანიები დაფარავენ.
იურისტებმა დააზუსტეს, რომ შეთავაზებულმა გარიგებამ ყველა ძირითადი დაინტერესებული მხარის წინასწარი მოწონება დაიმსახურა, თუმცა ჯერ სასამართლოს მიერ არ დამტკიცებულა.
ერთ-ერთი დაზარალებულის ადვოკატებმა გარიგებაზე უარი განაცხადეს და აპირებენ, ვაინშტეინის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მიაღწიონ.
მიმდინარე წლის მაისში ამერიკული მედია უკვე წერდა, რომ ვაინშტეინმა გარიგება დადო რამდენიმე ქალთან, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ. The Wall Street Journal-ის ცნობით, პროდიუსერმა აიღო ვალდებულება, 75 მსხვერპლისთვის ჯამში დაახლოებით 44 მილიონი დოლარი გადაეხადა.
ვაინშტეინი ასევე ფიგურირებს რამდენიმე საქმეში გაუპატიურების ბრალდებით. მომავალი წლის იანვარში იგი სასამართლოს წინაშე წარსდგება ორი ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმესთან დაკავშირებით და ბრალის დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.
• 2017 წლის ოქტომბერში ათობით ცნობილმა მსახიობმა ქალმა ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. პროდიუსერი ბრალდებებს უარყოფდა. მალევე ანალოგიური ბრალდებები გაისმა კინოსამყაროს და პოლიტიკის სფეროს სხვა რიგი წარმომადგენლების მიმართაც.
• ვაინშტეინის შემთხვევა აქციის #metoo (ინგლ. – "მეც") დასაწყისად ითვლება, რომლის ფარგლებშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალებმა სოცქსელებში საკუთარი ანალოგიური ისტორიების თხრობა დაიწყეს.
• თავად ჰარვი ვაინშტეინი მისი საპროდიუსერო კომპანიის დირექტორთა საბჭოდან და ამერიკული კინოაკადემიიდან გარიცხეს. იგი ჯერ დააპატიმრეს, მოგვიანებით კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.