
გადაიარაღების რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს
02/06/2022 15:30:32 ანალიზი, თავდაცვა
ქართული შეიარაღებული ძალების გადაიარაღების აუცილებლობაზე თავდაცვის სპეციალისტები დიდი ხანია, საუბრობენ, თუმცა საკითხმა კიდევ მეტი აქტუალობა ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების კონტექსტში შეიძინა. საქმე იმაშია, რომ ქართული შეიარაღების დაახლოებით 70% მოდერნიზებულ, მაგრამ მაინც საბჭოთა ტიპის იარაღზე მოდის, ხოლო ძირითადმა მომწოდებლებმა (ჩეხეთი, პოლონეთი, უკრაინა, ბულგარეთი) ან გახარჯეს თავიანთი მარაგები, მიაწოდეს რა უკრაინას, ან გადავიდნენ დასავლური ტიპის შეიარაღებაზე. შესაბამისად, საქართველოს აქვს რისკი, ადრე თუ გვიან, მათ შორის, როგორც საბრძოლო მასალის, ისე სარემონტო ტექნიკის გარეშე დარჩეს. სწორედ იმიტომ, რომ ქვეყნის იარაღით მომარაგების ხაზი ღია დარჩეს, ხოლო ქართველ სამხედროებს ამ იარაღის ათვისების შესაძლებლობა ჰქონდეთ, სპეციალისტები იმგვარი ეტაპობრივი გადაიარაღების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას, როგორც დაიწყო მაგალითად, შეიარაღებიდან საბჭოთა წარმოების ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის „კალაშნიკოვის“ ამოღების პროცესი. რაც შეეხება მიზნის მიღწევის გზას, მათი ხედვით, ჯერ ქვეყანამ უნდა გააცნობიეროს და აღიაროს საფრთხე და შემდეგ აქტიურად დაიწყოს პარტნიორებთან გამოწვევებსა და საჭიროებებზე საუბარი და შემდეგ კი იქნება შესაძლებელი:
- აშშ–ის შუამავლობით იარაღი შეიძინოს ქვეყანამ არა საბაზრო, არამედ მისაღებ ფასად;
- გაზრდილი რისკების გათვალისწინებით ითხოვოს აშშ–ის ყოველწლიური ფინანსური დახმარების გაზრდა და ამ რესურსით ისევ აშშ–ის შუამავლობით შეიძინოს იარაღი;
- კვლავ აშშ–ის შუამავლობით და რისკების გათვალისწინებით მოხვდეს დახმარების პროგრამაში, რაც შესაძლებელს გახდის იარაღის უსასყიდლოდ მიღებას;
- უკრაინას გადაეცეს საბჭოთა იარაღი და სანაცვლოდ მიიღო დასავლური ტიპის ისევე, როგორც ეს უკვე მოხდა აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების შემთხვევაში;
- სხვა შემთხვევაში კი იარაღი შეიძინოს კრედიტით ისევე, როგორც საფრანგეთიდან შეიძინა ცის კონტროლის საშუალებები.
რაც შეეხება კრიტიკულ საჭიროებებს, მაგალითად გადამდგარი გენერალ–მაიორი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, „ჯეოქეისის“ მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე თვლის, რომ აუცილებელია, თავდაცვის სამინისტროში ან უსაფრთხოების საბჭოში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯერ არსებულ შესაძლებლობებს შეაფასებს, შემდეგ განსაზღვრავს საჭიროებებს და რაოდენობას.
„საშუალებები, რომელთა აღჭურვა–შეკეთება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია, ამ ეტაპზე უნდა შენარჩუნდეს. ხოლო დანარჩენი, რომელთა შეცვლაც აუცილებელია და მარაგებიც ცოტაა, თავისთავად უნდა შეიცვალოს.
რაც შეეხება ტიპს, თანამედროვე ომში მნიშვნელოვანია საცეცხლე და სამანევრო შესაძლებლობების გაზრდა. ჩვენ არა მოდური, არამედ ეფექტურ იარაღი გვჭირდება. რაც ახლა ბრენდულია, ეს ჩვენ შესაძლოა, არ გამოგვადგეს, ამიტომ სწორად და ზუსტად უნდა განისაზღვროს საჭიროება და რაოდენობა“,– ამბობს „აქცენტთან“ გადამდგარი გენერალ–მაიორი და იქვე დასძენს, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში, საჰაერო დაცვის, დაზვერვის და თვალთვალის საშუალებები გვჭირდება. განსაკუთრებით, ეს ეხება უპილოტო საფრენ საშუალებებს. იმავდროულად, თავად რომ ვეცადოთ მთელი რესურსის მხოლოდ უპილოტოებზე დამყარებას, არ მგონია, სწორი, რადგან დავაგვიანებთ, ვიდრე ჩვენის წარმოებას შევძლებთ. ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ და შეძენის და დამუშავების პარალელურად უნდა ვიფიქროთ ამ უპილოტო სისტემების საწინააღმდეგო შესაძლებლობების გაზრდაზე. ვინაიდან, ჩვენს სავარაუდო მოწინააღმდეგეს (ვინც არ უნდა იყოს ის), ექნება შესაძლებლობა, თავად იმოქმედოს უპილოტო საშუალებებით.
„დეტალებში წასვლა არ მინდა, მაგრამ იგივე ავტომატი და ტყვიამფრქვევი ომში გადამწყვეტი არაა. შეიძლება, იგივე კალაშნიკოვით იომო (როგორც ეს აზერბაიჯანელებმა გააკეთეს), მთავარია, გადამწყვეტი სისტემები გქონდეს“.
ამ კონტექსტში კაპანაძე საარტილერიო საშუალებებზე და საბრძოლო მასალაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ჭურვების რაოდენობა გადასათვლელია, რადგან იმდენი გაიხარჯა უკრაინაში, საბჭოთა წარმოების სად უნდა შევძინოთ, გაუგებარია – უკრაინას აღარ აქვს, აღმოსავლეთ ევროპამ კი რაც ჰქონდა უკრაინას მისცა. რუსეთისგან ხომ არ შევიძენთ? ამასთან, უნდა გადაიხედოს, კონკრეტულად რა ტიპის გვჭირდება. მაგალითად, ახლა ძალიან მოდურია თვითმავალი საარტილერიო დანადგარები. ცხადია, მას თავისი უპირატესობები აქვს, მაგრამ ასევე აქვს დიდი მინუსებიც: საქართველოსნაირ მთაგორიან ქვეყანაში ბევრგან ვერ იმუშავებს – ფიზიკურად ვერ მივა იქამდე, სადაც საჭიროა. ვიმეორებ, გადასახედია, რა გვჭირდება, რა კალიბრის, რა ტიპის, რამდენი და რა შესაძლებლობების“.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც კაპანაძე კრიტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს, საინჟინრო შესაძლებლობების გაძლიერებაა:
„შეიძლება, ვცდები, მაგრამ ბოლო ხუთი წელია, არ ყოფილა სწავლება წყლიანი დაბრკოლების გადალახვაზე. საქართველოში 27 060 მდინარეა, ხოლო უკრაინამაც აჩვენა, რა მნიშვნელობა აქვს გადალახვის შესაძლებლობებს და მის სწორად განხორციელებას. თუ გვსურს, გავზარდოთ ჩვენი მობილობა და მობილურობაში მოწინააღმდეგეს პრობლემები შევუქმნათ, ამას სჭირდება საინჟინრო ძალების და საშუალებების გაძლიერება. აქ იგულისხმება საინჟინრო დანაღმვა–განაღმვის საშუალებები, საინჟინრო გადალახვის, საინჟინრო მოდიფიკაცია–მოწყობის შესაძლებლობები“.
კაპანაძე იზიარებს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომელიც სადღეისოდ 1 მილიარდი ლარია:
„ახლანდელი 1 მილიარდი მე რომ გენშტაბის ხელმძღვანელი ვიყავი [2013–2016 წლებში – რედ], იმ დროის 700 მილიონია, ხოლო თუ დოლარებში გადავიყვანთ, დაახლოებით, $300 მილიონი. მაგალითად, იგივე სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტი $700 მილიონია, აზერბაიჯანის –$2,5 მილიარდი“.
გენერალი ფიქრობს, რომ ყველა კრიზისი იმავდროულად შესაძლებლობაცაა, ამიტომ ორმხრივ ურთიერთობებში მაქსიმალურ აქტიურობას უჭერს მხარს.