
გზავნილები თბილისიდან: რა განაპირობებს პრეზიდენტის და პრემიერის განსხვავებულ პოზიციონირებას
26/05/2022 13:14:40 ანალიზი
ბოლო პერიოდია, მმართველი გუნდისა და პრეზიდენტის პოზიციონირებაში, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ „ქართულ ოცნებას“ მიუძღვის წვლილი საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში, მნიშვნელოვანი განსხვავებები შეიმჩნევა და ეს გამოჩნდა დღესაც – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზოგადოებისადმი მიმართვისას. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმგვარ პრობლემურ საკითხებზე, რომელთა არსებობასაც მმართველი გუნდი ან არ აღიარებს, ან დუმილს ამჯობინებს მიუხედავად პარტნიორებისა და ოპონენტების მწვავე კრიტიკისა. კერძოდ:
- პრეზიდენტმა ისაუბრა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობის აუცილებლობაზე და გამარტა, რომ კრიტიკა არ შეიძლება, წარმოჩინდეს შიდა საქმეებში ჩარევად;
- მიანიშნა ავტორიტარიზმის რისკებზე და ბრძანა, რომ მსგავს ცდუნებას ძალაუფლების გადანაწილება აზღვევს;
- ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარება საქართველოსთვის შესაძლებლობების გზებსაც ხსნის და ამ გზაზე თამამი და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და თუ შესაძლებლობა კვლავ ხელიდან იქნება გაშვებული, ამას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ;
- გაიმეორა, რომ ევროპული ინტეგრაციის შესაძლებლობა უკრაინელებმა საკუთარი სისხლის ფასად გააჩინეს მათ შორის საქართველოსთვის;
- პატივი მიაგო უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ ქართველებსა და უკრაინელებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მხოლოდ უკრაინისთვის არ იბრძვიან;
- თქვა, რომ საჭიროა უკრაინისადმი ტოტალური სოლიდარობა;
- რუსული დეზინფორმაცია უწოდა ნარატივს, რომ საქართველო ძალის გამოყენებით გეგმავს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას, ხოლო ცხინვალში დაგეგმილი „რეფერენდუმი“ რუსულ პროვოკაციად შეაფასა.
განსხვავებით პრეზიდენტისგან პრემიერს რუსეთი, რომელიც ბოლო 200 წელია, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მთავარ გამოწვევად ჩამოყალიბდა, არ უხსენებია; ისაუბრა დამოუკიდებლობისკენ ქართველი ხალხის სწრაფვაზე; თქვა, რომ ევროინტეგრაცია საზოგადოების დაკვეთაა და რომ ამ მიმართულებით „ქართულმა ოცნებამ“ არსებითი ნაბიჯები გადადგა და ახლა ევროკავშირისგან ელის „ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და სამართლიან გადაწყვეტილებას".
პროცესზე დამკვირვებლების ნაწილის ხედვით, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი იმიჯის გადარჩენას ცდილობს, აანალიზებს რა, რომ „ქართული ოცნება“ ავტორიტარიზმის გზას ადგას. ნაწილის ხედვით, ზურაბიშვილის გამოსვლები გათვლილია საერთაშორისო პარტნიორებზე, სადემონსტრაციოდ, რომ ხელისუფლებაში განსხვავებული პოზიციის მქონე ფიგურებიც საქმიანობენ. პოლიტიკოს კომენტატორთა ნაწილი ზურაბიშვილისგან მეტ მკაფიოობას ითხოვს, სხვა შემთხვევაში მის მცდელობას უშედეგოდ მიიჩნევენ, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც.
„სწორედ ესაა პრეზიდენტის ფუნქცია – თუ სხვა ინსტიტუტების მხრიდან არასწორ პოლიტიკას ან რაღაც გადახრას აქვს ადგილი, ღიად მიმართოს ხალხს ამასთან დაკავშირებით. დღეს მე კმაყოფილი ვარ მისი გამოსვლით. პრაქტიკულად, დაამტკიცა, რომ არ არის არც ერთი ინსტიტუტის ან პერსონის გავლენის ქვეშ. ყოველ შემთხვევაში, მის სიტყვაში ეს გავლენა არ იგრძნობოდა. ვიტყოდი, რომ შთამბეჭდავი, სამართლიანი გამოსვლა იყო. განსაკუთრებით მომეწონა, რომ ხაზი გაუსვა უკრაინაში დაღუპულ ქართველებს და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. ამასთან დაკავშირებით აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს თავისი პოლიტიკური მოსაზრებები, რომ არ უნდა გააღიზიანოს რუსეთი, მაგრამ მეორეს მხრივ, არსებობს უფრო მაღალი ღირებულებები, ვიდრე უსაფრთხოების ცნებაც კი. ამ შემთხვევაში ეს ღირსებაა და დაფასება მათი, ვინც სიცოცხლეს წირავს. დაფასება სავალდებულო რიტუალია. თუ ჩვენ მათ სახელს არ ვახსენებთ, მაშინ ისტორიის არასწორ მხარეს ვდგავართ. პრეზიდენტს ისინი აუცილებლად უნდა ეხსენებინა და თუ სხვებმა არ ახსენეს, პრაქტიკულად, მათი „ჯვარიც“ ატარა, ყველას სათქმელი თქვა და ვეღარ წამოგვაძახებენ, „საქართველოში თავიანთ გმირებს პატივს არ სცემენო“,– თქვა „აქცენტთან“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორ კახა გოგოლაშვილმა.
რაც შეეხება პრემიერ–მინისტრის პოზიციონირებას, ანალიტიკოსის დაკვირვებით, პრემიერის ბოლოდროინდელ გამოსვლებში მკაფიოდ იგრძნობა გარკვეული შეზღუდვები, ლიმიტი, ჩარჩო, რაც მის განცხადებებს პროგნოზირებადს ხდის:
„პრეზიდენტის გამოსვლა იყო ბევრად თავისუფალი და დღევანდელობის მიმართ ბევრად რეზონანსული, ხოლო პრემიერისას აკლდა „მარილი“ – სიმართლის „სიმები“, რომელიც ლიდერის გამოსვლაში უნდა ჟღერდეს: არ შეიძლება, თქვა, რომ „ყველაფერი გავაკეთეთ“; არ გაჟღერებულა პარტნიორების მიმართ მადლიერება – თუ ჩვენ რაღაც ავაშენეთ და მივაღწიეთ განვითარების გარკვეულ დონეს, ეს მხოლოდ ჩვენი დამსახურება არაა: გვერდზე გვედგნენ და კვლავ გვიდგანან აშშ, ევროკავშირი და ამას ხაზი დამსახურებულად უნდა გაესვას; არც დაპირებები მოგვისმენია იმ ნაკლოვანებების გამოსწორების, რაც გვაქვს, რის გამოც ვიღებთ შენიშვნებს. პრეზიდენტმა სწორად აღნიშნა, რომ თუ დღეს შესაძლებლობა გაჩნდა, მხოლოდ იმის გამო, რომ უკრაინელები იბრძვიან. ხოლო ჩვენგან საჭიროა უპირველესად, ამის დაფასება და მეორე – პარტნიორების დარწმუნება, რომ თუ გვენდობიან და მოგანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, არ გავაწბილებთ ამ ნდობას, დავძლევთ ნაკლოვანებებს. სულაც არ არის აუცილებელი, ეს ნაკლოვანებები ვინმეს დავაბრალოთ. არც ისე დიდი ხანია, რაც ქვეყანა დემოკრატიული გზით ვითარდება. შეუძლებელიც არის, ჩვენ უკვე ვიყოთ მაღალ დონეზე განვითარებული დემოკრატიული საზოგადოება, მაგრამ ჩვენ და უპირველესად, მთავრობას უნდა გვქონდეს მტკიცე ნება“.
რაც შეეხება პრეზიდენტის შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს პროცესებზე, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მას შეკვეცილი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მოქმედების ინსტიტუციური ბერკეტი არ გააჩნია, თუმცა სახელმწიფო რანგირების სისტემაში #1 ფიგურაა, რაც ავტომატურად იწვევს მისი სიტყვის მიმართ მოქალაქეების ყურადღებას. და ვინაიდან ხელისუფლების მთავარი წყარო სწორედ ხალხია, თუ პრეზიდენტს რაიმეს მიღწევა სურს, ეს ბერკეტი აქტიურად უნდა გამოიყენოს – მიმართოს ხალხს და ამ გზით იმოქმედოს, რადგან სხვა შემთხვევაში, მას მთავრობა და პარლამენტი იშვიათად უწევს ანგარიშს:
„მის [პრეზიდენტის] მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალა, როდესაც ხალხი მიხვდა, რომ არ ასრულებს დაკვეთას, საუბრობს ისე, როგორც თვლის სამართლიანად, სწორად და საჭიროდ. ბევრი რამ, რასაც პრეზიდენტი დღეს აჟღერებს, თანხვედრაში მოდის საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამით მოიპოვეს ხალხის მხარდაჭერას და რაც მთავარია, ნდობას. მას პრეზიდენტის მანდატთან ერთად ნდობა არ მიუღია. მაგრამ როგორც ჩანს, დღეს უკვე ხალხის მიერ მინიჭებული ნდობა, მანდატი და გავლენა გააჩნია – რეიტინგებიც [საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები] ამაზე მეტყველებს. ამიტომ, მას შეუძლია, დამოუკიდებლად იმოქმედოს და თავად გააკეთოს ან იგივე მთავრობას გააკეთებინოს საზოგადოების გავლენით“.