
დიალოგი რუსეთის გვერდის ავლით: „საინტერესო და იმედის მომცემი სურათი იკვეთება“
25/05/2022 20:00:57 ანალიზი
სომხეთმა და აზერბაიჯანმა, რომელთა შორის შუამავლადაც განსაკუთრებით ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსეთი გვევლინებოდა, ორიოდ დღის წინ რიგ შეთანხმებებს ბრიუსელში მიაღწიეს. კერძოდ, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მხარეები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მუშაობის დაწყებაზე შეთანხმდნენ.
როგორც მიშელმა განმარტა, უახლოეს დღეებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დემარკაციისა და უსაფრთხოების ერთობლივი კომისიის პირველი შეხვედრა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გაიმართება. თუმცა, კონკრეტულად როდის და საზღვრის რომელ მონაკვეთზე, ევროპელმა მაღალჩინოსანმა არ დააკონკრეტა:
„დისკუსია იყო ღია და პროდუქტიული. განვიხილეთ მთელი რიგი საკითხებისა. დეტალურად განვიხილეთ ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის, განაღმვა, დაკავებულების გათავისუფლება და დაკარგულების ბედი. მივაღწიეთ შემდეგ შედეგებს: უახლოეს დღეებში სახელმწიფოთაშორის საზღვარზე გაიმართება ერთობლივი სასაზღვრო კომისიების პირველი სხდომა, რომელზეც განიხილება ყველა საკითხი, რომელიც ეხება დემარკაციას და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.
ამასთან, როგორც რადიო Azatutyun იუწყება, 22 მაისს ბრიუსელში გაიმართა მესამე ხანგრძლივი შეხვედრა იგივე შემადგენლობით, თუმცა სომეხ და აზერბაიჯანელ ლიდერებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, მხოლოდ შარლ მიშელი შემოიფარგლა მოკლე კომენტარით:
„ლიდერები შეთანხმდნენ სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის აუცილებლობაზე. შეთანხმდნენ დასავლეთ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის და სომხეთის სხვადასხვა ტერიტორიებიდან აზერბაიჯანამდე ტრანზიტის პრინციპებზე. ასევე შეთანხმდნენ პრინციპზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვები ორი ქვეყნის საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურის მარშრუტებზე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმდნენ საზღვრის ადმინისტრირებაზე, უსაფრთხოების პრინციპებზე და ტრანზიტის საფასურზე“.
აპრილის ბოლო შეხვედრის დროს მხარეებმა განაცხადეს, რომ ისინი შეთანხმდნენ, მშვიდობისთვის მზადებაზე სწრაფი ტემპით გადავიდნენ, თუმცა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში პროგრესი არ ყოფილა. პირიქით, მხარეები ბოლო დრომდე დაუსწრებლად კამათობდნენ. ხოლო მანამდე ადგილი ჰქონდა პერიოდულ დაძაბულობას უშუალოდ სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე და ყარაბაღში.
„ბრიუსელმა დრო სწორად შეარჩია“
„ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა ფიქრობს, რომ კრემლის გვერდის ავლით წარმოებული მოლაპარაკებები არის შედეგი გლობალური ცვლილებებისა.
„ვლადიმირ პუტინმა რუსეთი ისეთ ფაზაში შეიყვანა, რომ ახლა მოსკოვის მხრიდან რაიმეს დაშვებაზე საუბარი მართებული არ იქნებოდა. 24 თებერვლამდე ძველი საერთაშორისო წესრიგი რთულად, მაგრამ მაინც აგრძელებდა არსებობას, შესაბამისად, მოქმედებდა ერთგვარი შეთანხმება, რომ რუსეთს ჰქონდა ექსკლუზივი, პოსტ საბჭოთა სივრცეში ყოფილიყო ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ძალა, რომელზეც იქნებოდა დამოკიდებული კონფლიქტები და შემდეგ ამ კონფლიქტების მოგვარების ბედიც. თუმცა დღეს ვითარება სრულიად შეიცვალა. ცხადია, ამ მოცემულობას ყველა დაინტერესებული მხარე იყენებს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია რუსეთის პოლიტიკური გავლენების შემცირება საერთაშორისო პოლიტიკასა და უშუალოდ ჩვენს, გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონში – სამხრეთ კავკასიაში, რომელიც შედის დასავლური ინტერესების სფეროში“,– ამბობს „აქცენტთან" ანალიტიკოსი და დასძენს, რომ „მათ შორის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიც შეეცდებიან, ისარგებლონ შექმნილი მდგომარეობით და ნელ–ნელა გამოვიდნენ მოსკოვის იმპერატიული გავლენებიდან“.
„ბრიუსელმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობისთვის დრო სწორად შეარჩია. სომხეთი უკიდურესად არის დამოკიდებული რუსეთის პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, სამხედრო პოტენციალზე, თუმცა ისიც კი ცდილობს, „ლუფტი“ გამოიყენოს“,– აღნიშნავს ანალიტიკოსი.
ჯეჯელავა პროგნოზირებს, რომ წინ რთული პროცესია ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების აღსრულების თვალსაზრისით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აზერბაიჯანმა უკუაგდო მთიანი ყარაბაღის სტატუსის განხილვის თემა, რაც სომხური საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხია და ურთულებს მდგომარეობას ფაშინიანსაც. თუმცა ჯეჯელავა მაინც თვლის, რომ აზერბაიჯანთან პირდაპირი დიალოგი რუსეთის გვერდის ავლით და ბრიუსელის შუამავლობით მაინც პოზიტიური მოვლენაა, მეტად ენდობა რა საზოგადოება ბრიუსელს, ვიდრე მოსკოვს:
„ცხადია, სომხეთში პრორუსული განწყობები არსებობს, თუმცა ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ ეს განწყობები საგრძნობლად შემცირდა. მოქალაქეთა იმ ნაწილისთვისაც კი, რომლისთვისაც ფაშინიანი მიუღებელია, ასევე კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლებაში პრორუსული ოპოზიციური ფიგურების მოსვლა. სწორედ ამ განწყობებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ამჟამად ფაშინიანს, რათა გააგრძელოს დიალოგი აზერბაიჯანთან მაქსიმალური შედეგის მიღების მიზნით. აქ არის მთიან ყარაბაღში დევნილების დაბრუნების თემა, სტეფანაკერტში მცხოვრები სომხების ბედი, თუ არ განისაზღვრება მთიანი ყარაბაღის სტატუსი... ამ პროცესს თან ახლავს ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებით. მათ შორისაა ნახიჩევანის დერეფანი, რომელიც მომგებიანია სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვისაც. ამდენად, ვფიქრობ, რომ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თემებზე დიალოგი რთული, მაგრამ მაინც შედეგიანი იქნება“.
საქართველო–სომხეთ–აზერბაიჯანის ფორმატის პერსპექტივა
ბოლო ორი წელია, საქართველოს ხელისუფლება პერიოდულად აქცენტირებს ახალი ფორმატის შექმნის აუცილებლობაზე. ცნობილია, რომ მას მხარს უჭერს ბრიუსელი, აშშ, თურქეთი, შედგა რიგი შეხვედრები, მათ შორის საქართველოს პრემიერ–მინისტრი სტუმრობდა ამ მიზნით ბაქოსა და ერევანს, თუმცა პროცესი, მიუხედავად მეზობელი ქვეყნების მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულების დაფიქსირებისა, წინ არ წასულა. პარალელურად კრემლი შეუდგა ე.წ. 3+3 ფორმატის (რუსეთი, ირანი, თურქეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ლობირებას, რომელიც იმთავითვე მკვდრადშობილად გამოცხადდა პროცესზე დამკვირვებელთა მხრიდან ხსენებული ქვეყნების ერთმანეთთან წინააღმდეგობრივი ინტერესების გამო. უშუალოდ საქართველომ კი რუსული ფაქტორის გათვალისწინებით მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ჯეჯელავა ფიქრობს, რომ ე.წ. 3+3 ფორმატი აქტუალობას კარგავს, უკრაინაში პროცესების ლოგიკურ დასასრულამდე მისვლის შემდეგ, ის მიუღებელიც გახდება, ხოლო საქართველო–აზერბაიჯან–სომხეთს რეგიონული ურთიერთობების ახალ ფორმატში გადაყვანის შესაძლებლობა მიეცემათ:
„ცხადია, აქ არ უნდა დაგვავიწყდეს თურქეთის ფაქტორი. ამჟამად თურქეთსა და სომხეთს შორის მთელ რიგ საკითხებზე მიმდინარეობს დიალოგი [რასაც რუსეთში არ მიესალმნენ – რედ.], განიხილება სომხეთის რეგიონულ, საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში საქართველო, თურქეთ, აზერბაიჯანთან ერთად ჩართვის შესაძლებლობა. სომხეთი თავის მხრივ მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას აგრძელებს ირანთან. ამდენად, ძალიან საინტერესო, იმედის მომცემი სურათი იხატება და ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაიხსნება ახალი ურთიერთობებისთვის“.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, შეიცვლება რა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაც, აქცენტი მეტად გაკეთდება შედარებით მცირე ალიანსებზე:
„უკრაინის ომმაც დაადასტურა, რომ მსგავსი ალიანსები უფრო მოქნილი და ეფექტურია ნაკლები ბიუროკრატიის გათვალისწინებით. გარკვეული კონტურებიც იკვეთება ბრიტანეთის, აშშ–ის, პოლონეთის, უკრაინის, თურქეთის ჩართულობით. ყველაფრის წინასწარ პროგნოზირება რთულია, მაგრამ შავი ზღვის რეგიონი კვლავ აქტუალური იქნება და აქაც შეიქმნება ახალი ალიანსები და უსაფრთხოების სისტემები. მთავარია, ჩვენი ადგილი ვიპოვოთ. ის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ურთიერთობების ახალი, თვისობრივად განსხვავებული პლატფორმა უნდა შეიქმნას, ამაში დარწმუნებული ვარ. და ახალი რეალობა [სომხეთ–აზერბაიჯანის შეთანხმება ბრიუსელში; სომხეთ–თურქეთის დიალოგი – რედ.] შესაძლებლობებს გააჩენს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და შესაძლოა, სტრატეგიული თანამშრომლობის თვალსაზრისითაც“.
ამასთან, პერსპექტივების კონტექსტში ანალიტიკოსი ახსენებს, რომ საექსპერტო წრეებში მუშავდება პროექტი რეგიონში ჩინეთის მეტი ჩართულობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს ტვირთების ტრანზიტს ირანიდან, სომხეთის გავლით საქართველოში, ხოლო საქართველოდან ევროპაში:
„თუ პოლიტიკური თვალსაზრისით პროექტი მისაღები იქნება, შესაძლოა, სომხეთის ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად შეცვალოს. ცხადია, მსგავსი პროექტი თურქეთსა და ჩინეთს შორის შეთანხმების გარეშე ვერ განხორციელდება“.
ამრიგად, ჯეჯელავა ასკვნის, რომ „ეპოქალური ცვლილებების მიჯნაზე ვართ, გამოჩნდება მეტი შესაძლებლობა ყველასთვის, ვინც ისტორიული პროცესის სწორ მხარეს აღმოჩნდება“.
რაც შეეხება საქართველოს, ანალიტიკოსის ხედვით, ქვეყანას ისტორიულ ჭრილში მკაფიოდ გაცხადებული აქვს ნება, იყოს ცივილიზებული დასავლეთის ნაწილი და სწორედ ახლა არის მომენტი, როდესაც გარდაუვალი აუცილებლობა დგება, სწრაფვა ბოლომდე მიიყვანოს.