
მსოფლიო სასურსათო კრიზისი: მოუწევს თუ არა აშშ-ს შავ ზღვაში რუსული ფლოტის განადგურება?
24/05/2022 13:08:34 ანალიზი
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ირგვლივ შავი ზღვის სანაპირო ზოლი დაბლოკა და უკრაინული ხორბლის გატანის შესაძლებლობას არ იძლევა, დასავლეთის (და არა მარტო მისი) დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას მსოფლიო სასურსათო კრიზისის საფრთხე წარმოადგენს. აპირებს თუ არა ნატო დერეფნის ორგანიზებისთვის ოპერაციის ჩატარებას, რათა არა მარტო უკრაინას დაეხმაროს ხორბლის რეალიზებიდან შემოსავლების მიღებაში, არამედ ასობით მილიონი ადამიანი მსოფლიოში შესაძლო შიმშილს გადაარჩინოს? - ეს საკითხი ბოლო დროს აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო წრეებში სულ უფრო აქტიურად განიხილება. “უნდა გვესმოდეს, რომ ამ დანაშაულებრივი ქმედებით რუსეთმა არა ცალკე აღებულ უკრაინასა და დასავლეთს შეუქმნა რაღაც პრობლემა, არამედ შიმშილის საერთაშორისო საფრთხის საკითხი დააყენა დღის წესრიგში. ანუ, ეს საკითხი უკვე გასცდა არათუ უკრაინის ომის, არამედ თუნდაც ევროპის პრობლემატიკის ფარგლებს. უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიო კატასროფის ზღვარზეა და ამ კატასტროფის ავტორი ვლადიმირ პუტინია. პრობლემის მასშტაბებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა არა უბრალოდ ცალკეული ქვეყნების მიერ უკრაინის დახმარების, არამედ ამ პრობლემით მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის დაკავების საკითხი და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ხსენებული ოპერაციის ჩატარება განიხილება” – ამბობს აშშ-ში მცხოვრები ანალიტიკოსი იური შვეცი.
ამისათვის, მისი თქმით, მანდატის გაცემა გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეუძლია, რომელშიც რუსეთს, სამწუხაროდ, დღემდე აქვს ვეტოს უფლება, თუმცა შესაძლებელია გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მოპოვება, რომლის საფუძველზეც ნატო-ს ქვეყნების ავიამზიდთა ჯგუფი შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში შევა უკრაინული პორტების დებლოკაციისა და ხომალდების გადაადგილების იმ თავისუფლების უზრუნველსაყოფად, რომელიც პუტინმა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა დაარღვიეს, ჩაიდინეს რა ამით ფაქტობრივად, ომის აქტი კაცობრიობის წინააღმდეგ.
პარალელურად, როგორც შვეცი აღნიშნავს, მსგავსი ოპერაციით შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილის თავზე ცის უსაფრთხოებაც იქნებოდა უზრუნველყოფილი.
“ბოლო რადენიმე კვირაა, ეს საკითხი აქტიურად განიხილება აშშ-სა და ბრიტანეთში და ვფიქრობ, შავ ზღვაში მსგავსი ოპეაციის ჩატარების შესაძლებლობა სრულიად რეალურია” – აღნიშნავს ანალიტიკოსი.
რაც შეეხება საფრთხეს, მსგავსმა ოპერაციამ შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი საომარი დაპირისპირება არ გამოიწვიოს იმ ფრთოსანი რაკეტებისა და მაღალი სიშორის შეიარაღების გამოყენებით, რომლის უკრაინისთვის მიწოდებაცაა დაგეგმილი, როგორც შვეცი განმარტავს, ამისათვის უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაც კი არაა საჭირო:
“რეალურად, აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტი რუსეთისას სერიოზულ სამხედრო ძალად არასოდეს განიხილავდა. უკვე დღეს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში მდგომი ამერიკული შემტევი სამხედრო საზღვაო დაჯგუფება საკმარისია მთელი რუსული შავი ზღვის ფლოტისა და ყირიმის ნახევარკუნძულზე მყოფი რუსული ძალების გასანადგურებლად. ამდენად, დარწმუნებული ვარ, პუტინი ვითარების გამწვავებაზე ვეღარ წავა. მას უკვე მკაფიოდ უჩვენეს, რომ შავი ზღვა რუსეთის საჭყუმპალაო ტბა არაა, ხოლო უკრაინული პორტების ბლოკირებითა და მთელს მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანის შიმშილის საფრთხის წინაშე დაყენებით მან უკვე ჩაიდინა მთელი კაცობრიობის წინაშე იმხელა დანაშაული, რომ რეალურად, უკვე ამით არსებობს საკმარისზე მეტი საფუძველი ერთის მხრივ, ამ ქმედებისთვის რუსეთის სათანადოდ დასასჯელად და მეორეს მხრივ, მის მიერ წარმოქმნილი ამ საერთაშორისო საფრთხის ნეიტრალიზებისთვის. ეს პუტინმა მშვენივრად უწყის, ამდენად, მისი მხრიდან უბრალოდ სრული სიგიჟე იქნებოდა მცდელობა, მსგავსი ოპერაციისთვის სამხედრო გზით ხელის შეშლა ეცადა”.
შვეცის თქმით, “მართალია, პუტინს ძალიან უყვარს ვა-ბაკზე წასვლა და ფსონის ზრდა, მაგრამ მხოლოდ მანამდე, სანამ საკუთარი ფიზიონომიის სიახლოვეს მაგარ მუშტს არ დაინახავს”:
“დღემდე მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა საკითხებში იგი ფსონებს სწორედ იმიტომ ზრდიდა და სულ უფრო მეტ თავხედობაზე სწორედ იმიტომ მიდიოდა, რომ ცხვირწინ ამ ძლიერ მუშტს არ ხედავდა. სწორედ ეს ვითარება შეცვლა უკრაინის ომმა და თუ თავიდან პუტინს ეს საკმარისად არ ჰქონდა გაცნობიერებული, ახლა ეს ახალი რეალობა მის გონებამდეც აღწევს”.
ამის ერთ-ერთ მორიგ დასტურად ანალიტიკოსს ის მოჰყავს, თუ როგორ შეიცვალა კრემლის რეჟიმის რიტორიკა მოკლე პერიოდში ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში წევრობის საკითხთან დაკავშირებით:
“გავიხსენოთ, რით იწყებოდა უკრაინის წინააღმდეგ ეს ომი: პუტინმა დასავლეთს თავხედური ულტიმატუმების წაყენება დაუწყო და განაცხადა, რომ ნატო არათუ აღარ უნდა გაფართოებულიყო, არამედ საერთოდაც 1997 წლის საზღვრებს უნდა დაჰბრუნებოდა. მაგრამ რას ვხედავთ დღეს? - ნატო არათუ ძველ საზღვრებს არ დაუბრუნდა და არათუ რუსეთის კარის ზღურბლზეა მიმდგარი, არამედ ცალი ფეხი უკვე ფაქტობრივად რუსეთშიც აქვს შედგმული! თუ ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანდებიან, რუსეთის მთელი ჩრდილოეთ ფლოტი ნატო-ს კონტროლსქვეშ იქნება, ანუ, ფაქტობრივად ნეირალიზებული. და რა გვესმის ამ ფონზე პუტინისგან? - “ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება საფრთხეს არ მიქმნისო”. რა გამოდის: გასული წლის ოქტომბერში იგივე ნატო, ოღონდ შვედეთისა და ფინეთის გარეშე, რუსეთს თურმე, “საფრთხეს უქმნიდა”, ხოლო ახლა - უკვე შვედეთითა და ფინეთით “არ უქმნის”?!".
აი, ასეთ რუსეთთან და მის ასეთ მმართველობასთან გვაქვს დღეს, შვეცის შეფასებით, მსოფლიოს საქმე:
"პუტინს გადამეტებული წარმოდგენა აქვს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე მხოლოდ მანამ, სანამ მის რეალურ სახეს არ უჩვენებენ და რუსეთს საკადრის ადგილს არ მიუჩენ. და თუ ვინმე დღემდე სერიოზულად აღიქვამს მის რუსეთს, დროა, ეს რეალობა გააცნობიეროს”.
უნდა აღინიშნოს, რომ ის, თუ როგორ შეიძლება, მოხდეს უკრაინულ საცავებში დასაწყობებული ხორბლის უზარმაზარი მარაგებისა (ჯამში 20 მლნ ტონამდე) და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტრანსპორტირება, პარალელურად აქტიურად განიხილება ევროკავშირშიც. აუცილებელია მათი გატანა ბალტიისპირეთის პორტებში და იქიდან უკვე საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდება.
პრობლემა მართლაც მნიშვნელოვანია, მრავალმილიარდიანი, უკრაინასა და ევროპის ქვეყნებს ხომ განსხვავებული სარკინიგზო-სალიანდაგო სისტემები აქვთ და ამასთანავე, უკრაინას არც საგზაო ტრანსპორტი ჰყოფნის ამ მიზნის მისაღწევად.
ამდენად, ამჟამად დასავლელი პარტნიორები ე.წ. სოლიდარობის ზოლების ორგანიზების შესაძლებლობას განიხილავენ, რომელთა მეშვეობითაც ევროკავშირს უკრაინული პროდუქციის ქვეყნიდან გატანა შეეძლება.