Accentnews.ge
როდის დასრულდება ომი

როდის დასრულდება ომი

12/05/2022 11:48:27 ანალიზი

მესამე თვეა, ყირიმი უკრაინის სამხრეთ ოლქების დასაპყრობად მიმავალი რუსული ჯარების პლაცდარმად რჩება. აქედან რეგულარულად ხდება ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გადასროლა. აქვე მიიღება უკრაინულ ჯართან ბრძოლებში განადგურებული რუსული ტექნიკა, მაროდიორების მიერ უკრაინაში ნაქურდალი, “ექსპროპრიირებული” ხერსონული ხორბალი და სხვა ნადავლი. გზები ყირიმის ჩრდილოეთში მნიშვნელოვნად დაზიანდა მძიმე ტექნიკის სისტემატიური გადაადგილების გამო. ანექსირებული ნახევარკუნძულის კრემლის მიერ ხელდასმულმა ხელმძღვანელობამ ამ დღეებში განაცხადა, რომ არმიანსკსა და კრასნოპერეკოპსკზე გამავალი ტრასა, რომელიც პუტინის ჯარების ერთ-ერთ სტრატეგიულ სახმელეთო დერეფანს წარმოადგენს, მიმდინარე წლის ბოლომდე რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადავა და შეკეთდება. გაგანია ომის დროს გაკეთებული ეს განცხადება რუსული არმიისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მიმართულების დაგეგმილი რეკონსტრუქციისა და სტატუსის შეცვლის თაობაზე ადგილობრივებმა იმის ნიშნად აღიქვეს, რომ რუსეთი უკრაინასთან ომის დასრულებას წლის ბოლომდე შეიძლება, გეგმავდეს. თუმცა შეგვიძლია თუ არა, რეალურად ვიქონიოთ ამის იმედი?

უკრაინის გლობალისტიკის ცენტრ “სტრატეგია XXI”-ის სამხედრო პროგრამების ხელმძღვანელი პავლე ლაკიიჩუკი ასე არ თვლის. “ყირიმის ჩრდილოეთში არსებულ გზებზე გადაადგილება ახლა უკვე თავად სამხედრო ტექნიკასაც კი უჭირს, თუმცა მათი შეკეთების გეგმებს ომის სწრაფი დასრულების იმედი არ უნდა დავუკავშიროთ. კრემლის ყირიმელი მარიონეტები ამ დაპირებებს უბრალოდ უკმაყოფილო ადგილობრივთა დასაშოშმინებლად გასცემენ და ამავდროულად რემონტისთვის გამოსაყოფი თანხების საკუთარ ჯიბეებში გადასანაწილებლად ემზადებიან», – დარწმუნებულია სამხედრო ექსპერტი.

მისივე აზრით, ამჟამად ფრონტზე არსებული ვითარება და კრემლის პოლიტიკა ომის სწრაფი დასრულების იმედს არ იძლევა. “მთელი რიგი სპეციალისტები კრემლის ბოლო მოქმედებებზე დაყრდნობით ომის “ცხელი” ფაზის დასრულების სავარაუდო ვადად აგვისტო-სექტემბერს ასახელებენ. თუმცა მე ამაში ეჭვი მეპარება. ვთვლი, რომ ეს, საუკეთესო შემთხვევაში, კონფლიქტის დაძაბული ფაზიდან პერმანენტულში გადასვლის ვადები შეიძლება, იყოს», – განმარტავს ექსპერტი.

ომის განგრძობად ფაზაში გადასვლას ვარაუდობს მისი კოლეგა, საინფორმაციო-კონსალტინგური კომპანია “Defence Express”-ის ანალიტიკოსი სერგეი ზგურეციც. «არა მგონია, რუსეთი ყირიმის მსგავსი, ესოდენ მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ხაზის გაწყვეტაზე წავიდეს. უკრაინაში ომის სწრაფ დასრულებაზე საუბარი სადღეისოდ შეუძლებელია, რადგან რუსეთმა მასში ჯერ ვერც ერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. ამჟამად ხერსონის, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქებისკენ საბრძოლო მასალისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების არტილერიის გადასროლა ხორციელდება და ყირიმს ამ მხრივ რუსეთის სამხედრო გეგმებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს», – განმარტავს ანალიტიკოსი.

მისივე აზრით, ომის დასრულების ვადები დიდწილად დონბასისთვის მიმდინარე ბრძოლების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. «ამჟამად უკრაინის აღმოსავლეთში რუსების სამხედრო მოქმედებები არაეფექტურია ფრონტის მთელს ხაზზე – იზუმიდან პოპასნაიამდე. თუმცა არ მაქვს შეგრძნება, რომ რუსები თუნდაც ამ პირობებში საბრძოლო მოქმედებების აკეცვას გეგმავდნენ. ვფიქრობ, ბრძოლები სულ მცირე, წლის ბოლომდე გასტანს. ხოლო თუ დაიწყო ისტერია ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული იარაღის გამოყენებასა და კონფლიქტში ნატო-ს ქვეყნების ჩაბმასთან დაკავშირებით, მაშინ ომი განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდება», – თვლის სერგეი ზგურეცი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით ასევე ვერ ხედავს სრულმასშტაბიანი ომის დასრულების ნიშნებს. ამასთან, მან ცალსახად აღნიშნა, რომ უკრაინა “კონფლიქტის “გაყინვაზე” არ წავა”.

რუსულ ჯარში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში წარმოებული ე.წ. “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ვადად 2022 წლის სექტემბერია განსაზღვრული, - იუწყებოდა ადრე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო.

თავად რუსეთის ხელისუფლებას “სპეცოპერაციის” დასრულების ვადები არ დაუკონკრეტებია. ბოლოს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ “ეს მოხდება მაშინ, როცა ყველა დასახული მიზანი იქნება მიღწეული”. თუმცა ეს “მიზნები” მოსკოვმა საჯარო რიტორიკაში უკვე რამდენჯერმე შეცვალა. ამდენად, ომის დასრულების სავარაუდო ვადების გასათვლელად რუსული მხარის წარმომადგენლების განცხადებებზე დაყრდნობა ნამდვილად არ ღირს.

ორიოდ დღის წინ აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე გეგმიური მოხსენებით ცენტრალური დაზვერვის დირექტორის ოფისის (17 სადაზვერვო სააგენტოდან ერთ-ერთის) ხელმძღვანელი ევრილ ჰეინსი წარსდგა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის სავარაუდო გეგმებსა და მათი განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრა. ჰეინსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში გრძელვადიანი კონფლიქტისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც ჯერ კიდევ იმედოვნებს, დონბასის რეგიონის ფარგლებს გარეთაც მიაღწიოს გარკვეულ შედეგებს.

“პუტინის გადაწყვეტილება, ამჟამინდელი მთავარი სამხედრო ძალისხმევა უკრაინის აღმოსავლეთზე მიმართოს, მაღალი ალბათობით, მხოლოდ დროებითი ნაბიჯია აგრესიის პირველ ფაზაში განცდილი მარცხის დროს წართმეული სტრატეგიული სამხედრო ინიციატივის დასაბრუნებლად. რუსეთის ლიდერი, როგორც ჩანს, კონცენტრირებულია დონბასის რეგიონებიდან თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთამდე სახმელეთო დერეფნის გაფართოებაზე. თუმცა მომდევნო თვეების განმავლობაში კონფლიქტის ტრაექტორია შესაძლოა, სულ უფრო ძნელად პროგნოზირებადი და პოტენციურად მზარდი გახდეს” – აღნიშნა ჰეინსმა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლები სავარაუდოდ, კიდევ 1-2 თვეს გასტანს, თუმცა მთლიანობაში ომი მათი დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან “პუტინი კვლავინდებურად ინარჩუნებს სტრატეგიულ მიზნებს”.

ეს “სტრატეგიული მიზნები” ევრილ ჰეინსს არ დაუკონკრეტებია. შესაბამისად, გაურკვეველი რჩება, იგულისხმებოდა აქ კრემლის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დეკლარირებული უტოპიური გლობალური მიზნები აშშ-ისა და მთლიანად ნატო-ს დამარცხების თაობაზე, თუ მხოლოდ უკრაინა.

პარალელურად ამერიკულ მედიაში გაჩნდა სადაზვერვო წყაროების ცნობები იმის შესახებ, რომ სადღეისოდ აგრესორს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების უკვე დაახლოებით 80% აქვს ოკუპირებული. მათი სრულად დაპყრობის შემთხვევაში რუსეთი გეგმავს, გაჭრას ყირიმისკენ სახმელეთო დერეფანი, რომელიც ხერსონსა და ყირიმისთვის წყლის მიწოდების სათავე ნაგებობასაც მოიცავს. სწორედ ეს წარმოადგენს აგრესორის უახლოეს მიზნებს და მათი მიღწევის შემთხვევაში, ამერიკული დაზვერვის ცნობით, ამ სახმელეთო ხიდმა შესაძლოა, მოიცვას ოდესაცა და დნესტრისპირეთიც.

თუმცა, აშშ-ის სადაზვერვო თანამეგობრობის შეფასებით, ეს უკანასკნელი შეუძლებელია რუსეთში რაიმე ფორმით საყოველთაო მობილიზების ჩატარების გარეშე, რომელსაც პუტინი ამ დრომდე ყოველმხრივ არიდებდა თავს, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც მოუწევს. "პუტინს მოუწია, თვალი გაესწორებინა მისი ამბიციების შეუსაბამობისთვის რუსული ჯარის პოტენციალთან, რამაც უკრაინაში რუსეთის მოქმედების შესახებ მოსკოვის გადაწყვეტილებების მიღება სიტუატიურად აქცია. ეს კი, თავის მხრივ, რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადების ალბათობას ზრდის” – აღნიშნა ევრილ ჰეინსმა.

თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან მოქმედი სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა სკოტ ბერიერმა სენატში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ რუსული არმიის მიერ უკრაინაში განცდილმა მარცხმა შესაძლოა, პუტინის ხელისუფლება დაასუსტოს, მაგრამ ამავდროულად, გაზარდოს მისი ჟინი, წინააღმდეგობა გაუწიოს აშშ-სა და მის მოკავშირეებს. ამდენად, გამორიცხული არაა, კრემლმა კვლავ გაააქტიუროს ბირთვული შანტაჟის თემა.

ამერიკული სადაზვერვო თანამეგობრობა კრემლის ხედვებს ასე აყალიბებს: დონბასისა და ლუგანსკის ოლქების სრულად დაპყრობის შემთხვევაში რუსეთი ეცდება, ალყაში მოაქციოს უკრაინის შეიარაღებული ძალების იქ მყოფი დაჯგუფება, რომელიც ყველაზე მძლავრად და ბრძოლისუნარიანად მიიჩნევა. ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში რუსეთი უკრაინის არმიას საკმაოდ მძიმე დარტყმას მიაყენებს. თუმცა ეს მხოლოდ უახლოესი 1-2 თვის გეგმებია, პუტინი კი გაცილებით ხანგრძლივი ომისთვის ემზადება, მიამიტურად თვლის რა, რომ შეუძლია არა მარტო მთლიანობაში უკრაინის დაპყრობა, არამედ აშშ-ის, ნატო-სა და ევროკავშირის დამარცხებაც. კრემლის ეს ამბიციები, აშშ-ის სადაზვერვო თანამეგობრობის მონაცემებით, ემყარება შემდეგ გათვლას: დასავლური სანქციები აშშ-სა და ევროპას ბუმერანგივით შეუბრუნდება, ინფლაცია ამ ქვეყნებში გაიზრდება, ფასები კიდევ უფრო მოიმატებს, დაიწყება რეცესია, შედეგად ცალკეული ევროპული ქვეყნები ინდივიდუალურად დაიწყებენ იაფი ნახშირწყალბადების წყაროების ძიებას და კვლავ მიაკითხავენ რუსეთს, დასავლეთის ამჟამინდელი ერთობა დაირღვევა და "პუტინი ამ ფონზე გამარჯვებული გამოვა”.

თუმცა არა მარტო დასავლელი, არამედ თავად რუსი ეკონომისტებიც თანხმდებიან იმაზე, რომ რა პრობლემებიც არ უნდა გამოიწვიოს რუსეთის მიმართ სანქციებმა თავად დასავლეთში, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ელის რუსეთის ეკონომიკას უკვე უახლოეს ხანებში – ივნისიდან ხანგრძლივი დროით. და როგორ აპირებს ამ ვითარებაში პუტინი გრძელვადიანი ომის საწარმოებლად ჯერ მარტო ფინანსური რესურსის მობილიზებას – ჯერ-ჯერობით სრულიად გაუგებარია.

არანაკლებ პრობლემურად გამოიყურება სადღეისოდ კრემლისთვის ხსენებული ნაპოლეონისეული გეგმების განსახორციელებლად აუცილებელი საყოველთაო მობილიზაციის ჩატარებაც. მართალია, რუსეთიდან ჟონავს ინფორმაცია უკვე დაწყებული ფარული მობილიზაციის თაობაზე (კომისარიატებში მოქალაქეების მასობრივი დაბარებები და არაგეგმიური სამედიცინო შემოწმებები, ქვეყნის რიგ რეგიონებში მოხალისეების შეგროვების შესახებ განცხადებების გამოქვეყნება, მოსკოვის მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფრთხილება, “მზად იყვნენ ფრონტზე გასაგზავნად” და სხვა), თუმცა მოსახლეობის ფართო მასები ომში წასვლისა და კრემლელი “ნაპოლეონის” პირადი ამბიციებისთვის სიცოცხლის გაწირვის არავითარ დაუოკებელ სურვილს ჯერ-ჯერობით არ ავლენენ. გარდა ამისა, როგორც სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, მობილიზაცია რეალურად, ძალზე ხანგრძლივი პროცესია, ომის დაწყებისთანავე კრემლიდან ბუნკერში გადასახლებულ პუტინს კი დრო არ რჩება.

“ამხანაგი სტალინი თავის დროზე მობილიზაციისთვის 10 წელი ემზადებოდა. პუტინის რუსეთში მსგავსი მომზადება არ შეგვიმჩნევია. მობილიზაცია – ეს ძალზე შრომატევადი, რთული და ხანგრძლივი პროცესია. დღესაც რომ გამოცხადდეს ოფიციალურად, ლოგიკური იქნება, ვივარაუდოთ, რომ უახლოეს საჯარისო კონტინგენტებს ფრონტის ხაზზე მხოლოდ 3-4 თვეში ვიხილავთ – ასეთია მობილიზაციისა და ჯარების გაშლის წესები” – განმარტავს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი სერგეი გრაბსკი.

მისივე შეფასებით, სადღეისოდ ვითარება ძალზე დაძაბულია, მაგრამ რუსული არმია ქანცგაცლილია, ფრონტის ხაზზე მყოფი მებრძოლებისთვისაც კი აღარ ჰყოფნის რეზერვები. “ვნახეთ, რომ მარიუპოლიდან პოპასნაიაზე რუსი სამხედროები დასვენების, შევსებისა და გადამზადების გარეშე გადაისროლეს. დაზვერვის მონაცემებით, სატანკო ეკიპაჟებში 2-2 კაცი ჰყავთ 3-ის ნაცვლად. ან ვინ უნდა ასწავლოს რამე ფრონტზე ახალგადასროლილებს, როცა კვალიფიციური კადრები არ ჰყოფნით? - ვინც უკვე ვიხილეთ ფრონტზე, მათი მომზადების დონე საკმაოდ დაბალია. ამგვარ ვითარებაში არიან უკვე დღეს და სამმა თვემ შესაძლოა, ძალზე არასასურველი როლი ითამაშოს იმ პოზიციების შენარჩუნების კუთხით, რომლებსაც რუსები სადღეისოდ იკავებენ. უკრაინული არმია ხომ ამ ყველაფრის ფონზე დღიდან დღემდე მყარდება, ვიღებთ რეზერვებს, შეიარაღებას… გარდა ამისა, არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი – ეკონომიკა: მოსწყვიტო დიდი რაოდენობის მუშა-ხელი რუსეთის ეკონომიკას, რომელიც ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაშია – ეს ქვეყანას უდიდეს პრობლემებს შეუქმნის. რით აპირებენ ამ რესურსების შევსებას? კიდევ ერთი მომენტი საზოგადოების მზადყოფნის დონეა: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კრემლის პროპაგანდით ზომბირებული მოსახლეობის მხრიდან უახლოეს ხანებში სოციალურ აფეთქებას უნდა ველოდოთ, მაგრამ ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი მაფიქრებინებს, რომ რუსული საზოგადოება მობილიზაციისთვის მზად არ არის. ჰოდა, რას მისცემს ასეთ ვითარებაში პუტინს სამხედრო თვალსაზრისით ეს წამოწყება, თუ ბუნკერული მმართველი მობილიზაციის გამოცხადებას მართლაც გეგმავს - ძნელი წარმოსადგენია” – ასკვნის სამხედრო ექსპერტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S