
“დაპატარავებული, ქანცგაცლილი, ხელმოცარული პლედმიფარებული ბერიკაცი აღლუმის ტრიბუნაზე” და ომის არგამოცხადების მიზეზები
11/05/2022 11:29:38 ანალიზი
ბევრი ვარაუდობდა, რომ 9 მაისს წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე მოსახლეობისადმი მიმართვისას ვლადიმირ პუტინი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გაახმოვანებდა – მაგალითად, იტყოდა, რომ უკრაინის “სპეციალური ოპერაციის მიზნები მიღწეულია” და გამოაცხადებდა მის დასრულებას, ან პირიქით, იტყოდა, რომ დასახული მიზნების მისაღწევად აუცილებელია ომის უკვე ფორმალურად გამოცხადება და საყოველთაო მობილიზაცია. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა, საერთოდაც ახალი არაფერი თქმულა. რუსეთის პრეზიდენტს არც ომი გამოუცხადებია, არც მობილიზაცია და აღარც ბირთვული იარაღი უხსენებია. მისი სიტყვა გაცილებით მოკლე და თავშეკავებული იყო, ბოლო თვეების ხმამაღალ, ხშირად მუქარისშემცველ გამოსვლებთან შედარებით. პუტინმა არჩევანი შეაჩერა ფორმულაზე “ბევრი პათოსი და არაფერი კონკრეტული”, რითაც კრემლის მრავალწლიანი პროპაგანდით ზომბირებულ მხარდამჭერებს იმედები გაუცრუა და შვებით ამოასუნთქა მოწინააღმდეგეები, რომლებიც 9 მაისს მისგან ახალი მაესკალირებელი გადაწყვეტილებების გამოცხადებას ელოდნენ.
პუტინის 9 მაისის გამოსვლის მოსმენის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთის ლიდერს უბრალოდ არ გააჩნია უკრაინის კონფლიქტიდან გამოსვლის გეგმა. იმაზე, რომ უკრაინაში ომის გაჩაღებით რუსეთის ლიდერმა თავად შეიყვანა თავი ჩიხში და ახლა საკმაოდ საბრალობელ მდგომარეობაშია, 9 მაისს პუტინის გამოსვლის მოსმენის შემდეგ ბევრი დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც. “დაპატარავებული, ქანცგაცლილი, ხელმოცარული პლედმიფარებული ბერიკაცი აღლუმის ტრიბუნაზე”; “9 მაისს პუტინი შიშველი მეფის შთაბეჭდილებას ტოვებდა”; “9 მაისს მსოფლიომ პუტინის უმწეობა იხილა”; “პუტინმა ხალხი უჩვეულოდ მოკლე მიმართვით გააკვირვა და მისი ჯანმრთელობის შესახებ ხმები გაამწვავა” – ამ და სხვა მსგავს სათაურებს ამ დღეებში უხვად ვაწყდებით როგორც უკრაინულ და დასავლურ, ისე დამოუკიდებელ რუსულ გამოცემებშიც.
ექსპერტები პუტინის 9 მაისის სფიჩის თავშეკავებულობას ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას უკავშირებენ, რომელიც სულ უფრო მეტად უცრუებს იმედებს კრემლს და აშკარად არ ემთხვევა მისი ლიდერის მოლოდინებს. რუსული ჯარი ცალსახად დამარცხდა კონვექციურ ბრძოლაში ომის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. მოსკოვი იძულებული გახდა, ეს პერიოდი “სპეცოპერაციის პირველ ფაზად” გამოეცხადებინა და წამოეწყო მეორე ფაზა, რათა პუტინს შესძლებოდა, მისი იდეოლოგიისთვის საკრალურ 9 მაისს მოსახლეობისთვის “უდიდეს გამარჯვებად” თავდაპირველად დეკლარირებულ მიზანთან – “უკრაინის დემილიტარიზაცია-დენაციფიკაციასთან” შედარებით, ბევრად უფრო მოკრძალებული - დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაპყრობა და სამხრეთში უკრაინის ზღვისგან სრულად მოკვეთა მაინც მიესაღებინა. თუმცა 9 მაისისთვის ვერც ეს ამოცანა შესრულდა: მართალია, რუსულმა ჯარმა დონეცკის ოლქში ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი მნიშვნელოვნად გაზარდა, მაგრამ ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მთელი ტერიტორია ვერ აიღო – ისევე, როგორც მარიუპოლი, რომელშიც “აზოვსტალის” კომპლექსს ამ დრომდე უმოწყალოდ ბომბავს, ოკუპირებულ ხერსონშინაში კი რუსები ფეხს ამ დრომდე ვერ იკიდებენ – მოსახლეობა კრემლის მიერ ხელდასმულ ახალ “ადმინისტრაციებს” არ ემორჩილება, კრემლის ხელმძღვანელი “კადრები” მუდმივ ფიზიკურ საფრთხეში ჰყავს, უკრაინული ჯარი კი ამასობაში ნელ-ნელა იბრუნებს ცალკეულ სოფლებსა და დაბებს.
ამ ფონზე პუტინს არც ბირთვული შანტაჟი გაუვიდა: დასავლეთმა მკაფიოდ მიანიშნა ომის დაწყებიდან მალევე კრემლიდან ბუნკერში გადასახლებულ პუტინს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას უპასუხოდ არ დატოვებს და პირველივე საპასუხო დარტყმა სწორედ მის ბუნკერზე მოვა. ვნახეთ, რომ 9 მაისს რუსეთის ლიდერს ბირთვული თემა აღარ უხსენებია: როგორც ჩანს, ერთხელ მის მიერ გაჟღერებული აზრი, რომ “ისინი [რუსები – რედ.] სამოთხეში მოხვდებიან, ყველა დანარჩენი კი – ჯოჯოხეთში”, პუტინისთვისაც ზღაპარი იყო, ან თუ მაშინ ამის ნაწილობრივ მართლაც სჯეროდა, ახლა ეს რწმენა საბოლოოდ გაუქრა.
ამასთან, სამხედრო კომპონენტის გარდა, პუტინის რეჟიმის წარუმატებლობას ამძიმებს კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი: კრემლის პროპაგანდისტული მანქანის ცრუ ნარატივები იმის შესახებ, თითქოს “უკრაინას ეროვნული იდენტობა არ გააჩნია” და “უკრაინელები რუსულ ჯარს წინააღმდეგობას არც კი გაუწევდნენ”, კარტის სახლივით ჩამოიშალა. არადა, რუსი სამხედროების უამრავი შეცდომა სწორედ ამ ცრუ ნარატივებსა და მოლოდინებს უკავშირდებოდა.
პარალელურად რუსული ეკონომიკა სულ უფრო მეტად ეფლობა ჭაობში. ექსპერტების პროგნოზით, პუტინის ქვეყანა დასავლური სანქციების რეალურ სიმძიმეს ივნისიდან იგრძნობს და აი მაშინ უკვე არა მარტო ოლიგარქატისა და ბიზნესის, არამედ მოსახლეობის პროტესტის თანდათანობით ზრდას უნდა ველოდოთ.
თუმცა კრემლის ლიდერის მიერ როგორც მისთვის, ისე მთლიანად რუსეთისთვის დამღუპველ მიზნებზე ხელის აღებას პუტინისგან ჯერ მაინც არ ელიან. 25 ათასზე მეტი დაღუპული რუსი სამხედრო მისთვის არაფერს ნიშნავს – 300 ათასიც რომ იყოს, ეს კრემლისთვის მხოლოდ სათოფე ხორცად დარჩება, სანამ თავად რუსეთის მოსახლეობა არ აუჯანყდება პუტინს ავადმყოფური იმპერიალისტური ამბიციებისთვის ამდენი მოქალაქის მსხვერპლშეწირვის გამო. ხალხი კი ჯერ არ “მომწიფებულა”: მართალია, უკრაინაში “სპეცოპერაციის” მიმართ მხარდაჭერის მარტის უმაღლეს მაჩვენებელთან შედარებით, აპრილში კვლევებმა ამ მხრივ გარკვეული კლება გამოავლინა, თუმცა კრიტიკულ მაჩვენებლამდე ჯერ კიდევ შორია.
სწორედ მოსახლეობის უკმაყოფილების მოსალოდნელი კრიტიკული ზრდის შიშს უკავშირებს ექსპერტების დიდი ნაწილი პუტინის მიერ 9 მაისს საყოველთაო მობილიზებისა და ომის არგამოცხადებას. მათი გამოცხადება ხომ იმის აღიარების ტოლფასი იქნებოდა, რომ “სპეცოპერაცია” ჩავარდა, უკრაინაში დღემდე გამოყენებული რუსული ძალები – ანუ მთელი არმიის დაახლოებით 65% მიზნებს ვერ აღწევს, უკვე გაღებული უზარმაზარი მსხვერპლი არასაკმარისია და პუტინი საკუთარი არაჯანსაღი, უტოპიური, ბევრი რუსისთვის დღემდე გაუგებარი იდეებისთვის მოქალაქეთა ბევრად დიდი რაოდენობის შეწირვას გეგმავს. როგორც სოციოლოგები აღნიშნავენ, დიახ, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი დღესაც მხარს უჭერს კრემლის იმპერიალისტურ გეგმებს, მაგრამ ერთია ტელევიზორის წინ დივანზე ჯდომით მხარდაჭერა, მეორე – ომში წასვლა და სიცოცხლის გაღება და ამ უკანასკნელისთვის ბევრი სულაც არაა მზად. საყოველთაო მობილიზაცია კი, მათ შორის, ხალხის დიდი მასისთვის იარაღის დარიგებას ნიშნავს და კრემლი შიშობს, ეს იარაღი რუსეთის მოსახლეობამ მის წინააღმდეგ არ შეატრიალოს.
გარდა ამისა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, საყოველთაო მობილიზებისა და ომის გამოცხადება პუტინისთვის დიდი საფრთხის შემცველია უშუალო გარემოცვის მხრიდანაც, რომელშიც კიპლინგის “მაუგლიში” აღწერილი წესი მოქმედებს: თუ მგლის ჯოგის მეთაური მიზანს აცდენს, მას კლავენ.
ამას ემატება არაოფიციალური ინფორმაცია ონკოდაავადებისა და ოპერაციის შესახებ, რომელიც პუტინისთვის 9 მაისის შემდგომ დღეებში უნდა ჩაეტარებინათ.
ასეა თუ ისე, რუსეთის ლიდერის მდგომარეობა ნამდვილად არაა შესაშური, რაც ბევრმა დამკვირვებელმა მას 9 მაისს ვიზუალურადაც შეატყო და მოსახლეობისადმი მიმართვის შინაარსის მხრივაც. და ეს კარგი სულაც არ არის, რადგან ასეთ ვითარებაში პუტინმა, კუთხეში მიმწყვდეული ვირთხის მსგავსად, შესაძლოა, სპონტანურ – უპირველესად საკუთარი თავისა და რუსეთისთვის დამღუპველ ნაბიჯებს სწორედ გამოუვალი მდგომარეობის გამო მიმართოს.
ამ კონტექსტში ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ უახლოესი 10 დღის ან მაქსიმუმ, ორი კვირის განმავლობაში “სპეცოპერაციის მეორე ფაზის” მიზნები ვერ მიიღწევა, კრემლმა შესაძლოა, უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების თემა გაააქტიუროს გადაქანცული რუსული ჯარისთვის ერთგვარი პაუზისა და გადაჯგუფების შესაძლებლობის მოსაპოვებლად, ხოლო შემდეგ იძულებით მაინც გამოაცხადოს მობილიზაცია, წამოიწყოს მესამე ფაზა და აღარ შეჩერდეს, სანამ არ მიაღწევს რაიმე მცირედ წარმატებას მაინც, რომელიც შეეძლება, მოსახლეობას “დიდ გამარჯვებად” მიასაღოს.
რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის ჯარს, ბრძოლით გარკვეულწილად გადაიღალნენ უკრაინელებიც, მაგრამ უპირველესად, მათი მოტივაცია რუსეთის ჯარისაზე განუზომლად მაღალია და გარდა ამისა, ისინი მხოლოდ ახლა იწყებენ შემტევი შეიარაღების გამოყენებას კონტრშეტევითი ოპერაციების ეფექტური განხორციელებისათვის. ამ მხრივ დიდი იმედები მყარდება ლენდ-ლიზზეც, რომლის შესახებ კანონს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პუტინისთვის საკრალურ დღეს - სწორედ 9 მაისს მოაწერა ხელი.
“როგორც ჩანს, პუტინმა დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ ომი ძალზე რთულად წარმოებს, რომ რუსეთი ამ წამოწყებით ყველა მიმართულებით ძალიან ბევრს კარგავს. პუტინის 9 მაისის სიტყვა არსობრივად, იმის აღიარებად უნდა ჩავთვალოთ, რომ ომი გაცილებით მეტხანს გასტანს, ვიდრე კრემლის ლიდერს ეგონა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ახლა იგი ერთგვარ მოლოდინის რეჟიმშია. გამორიცხული არაა, პუტინს საყოველთაო მობილიზაციის იდეაზე ხელი არ ჰქონდეს აღებული. თეორიულად, მას ჯერ კიდევ შეუძლია, ეს გააკეთოს. ყოველ შემთხვევაში, მოსკოვს წყალივით სჭირდება რაიმე ხელჩასაჭიდი მიღწევა მაინც, რომელსაც ხალხს წარმატებად მიასაღებდა. ამდენად, დიდი დანაკარგების მიუხედავად, კრემლი მზადაა, ომი ნებისმიერი ასეთი მიღწევის დადგომამდე გააგრძელოს” – წერს უცხოური მედია.