
ლენდ-ლიზი, როგორც საეტაპო მოვლენა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და მძლავრი დარტყმა პუტინის იდეოლოგიისათვის
10/05/2022 15:35:20 ანალიზი
9 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად ლენდ-ლიზის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. აშშ-ის კონგრესის ეს აქტი, რომელიც აპრილის ბოლოს წარმომადგენელთა პალატის მიერ იქნა მხარდაჭერილი, ახლა კი უკვე პრეზიდენტის მიერაა ხელმოწერილი, კვლავ მოიყვანს მოქმედებაში მექანიზმებს, რომლითაც აშშ მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეებს ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო-ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა სახის დახმარებას უწევდა.
«ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ეს ნაბიჯები ხარჯიანია, მაგრამ აგრესიისგან დამალვა კიდევ უფრო ძვირი შეიძლება, დაგვიჯდეს. მსგავსი პროგრამა წინა ჯერზე მეორე მსოფლიო ომის დროს მოქმედებდა. ამჯერად ევროპა ჩვენგან კიდევ უფრო მეტ დახმარებას ითხოვს», – განაცხადა ლენდ-ლიზის შესახებ კანონის ხელმოწერისას ჯოზეფ ბაიდენმა.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტი პავლე ლაკიიჩუკი ლენდ-ლიზის შესახებ კანონის მიღებისთანავე ფრონტზე დაუყოვნებლივ გარდატეხას არ ელის, თუმცა თვლის, რომ მთლიანობაში, ლენდ-ლიზი ამ ომის საბოლოო შედეგში საკვანძო როლს შეასრულებს.
«აშშ-ის მიერ ამ კანონის მიღება ნიშანდობლივია, მათ შორის, იმ კუთხითაც, რომ ეს ერთგვარი სიგნალია სხვა პარტნიორებისა და მათთვის, ვისაც სურვილი აქვს, აშშ-ის პარტნიორი იყოს. ახლა ისინიც იძულებულები იქნებიან, საკუთარი პოზიციების შესაბამისი კორექტირება მოახდინონ», – თვლის ექსპერტი.
ლაკიიჩუკი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ლენდ-ლიზის შესახებ კანონის მიღებამდეც აშშ-მა მნიშვნელოვნად გაზარდა უკრაინის სამხედრო-ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა, ამჯერად კი, მისი შეფასებით, გაიზრდება არა მარტო მოცულობები, არამედ მიწოდების სიჩქარეც.
«ომის დროს უდიდეს მნიშვნელობას იძენს რეაქციის ოპერატიულობა. თუ მშვიდობიან პერიოდში შეიარაღების მიწოდება შეიძლება, თვეობით და წლობით წელო, ომიანობისას მსგავსი ტემპები გამოუსადეგარია. ლენდ-ლიზის კანონის მიღების შემდეგ ბიუროკრატიული პროცედურები და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებიდან აღსრულებამდე დრო რამდენჯერმე შემცირდება. იმედი მაქვს, ამაში უახლოეს ხანებში დავრწმუნდებით», – ამბობს პავლე ლაკიიჩუკი.
თავისთავად ლენდ-ლიზის შესახებ კანონის ხელმოწერა სიახლედ არ ქცეულა, ის ხომ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ ჟურნალისტებს ჯერ კიდევ 6 მაისს დაუანონსა. მაგრამ ამ მოვლენის მასშტაბები და მისთვის შერჩეული დღე – 9 მაისი, რომელიც სსრკ-სა და შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში “დიდ სამამულო ომში” გამარჯვების თარიღად აღინიშნება, ლენდ-ლიზის შესახებ კანონის ხელმოწერას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საეტაპო მოვნებად აქცევს.
ყირიმელი პოლიტოლოგი ევგენია გორიუნოვა ლენდ-ლიზს მძიმე დარტყმად მიიჩნევს ვლადიმირ პუტინის რეჟიმის იდეოლოგიისათვის, რომელიც “დიდწილად მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების კულტს ეყრდნობა და ამ გამარჯვებაში ანტიჰიტლერული კოალიციის სხვა წევრების წვლილის ნიველირებას ცდილობს”.
«ჯო ბაიდენი ძველი ყაიდის პოლიტიკოსია, იგი ძალიან კარგად იცნობდა სსრკ-ს, იცნობს რუსეთს და ესმის, რომ მოსკოვში სიმბოლიზმს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. ამდენად, ის, რომ ლენდ-ლიზის შესახებ კანონს სწორედ 9 მაისს მოეწერა ხელი, შემთხვევითი ნამდვილად არ არის. თუ სსრკ გარკვეულწილად აკნინებდა, მაგრამ არ უარყოფდა გამარჯვებაში მოკავშირეების წვლილს, რუსეთის დღევანდელ რეჟიმს ეს მოკავშირეები საერთოდ არ ჰყავს. მისი ხედვით ხომ რუსეთმა “თავად გაიმარჯვა”, ამ გამარჯვებაში რუსეთის გარდა აღარავინ ფიგურირებს - აღარც უკრაინელები, აღარც ქართველები - აღარავინ, თურმე, მხოლოდ რუსეთს მოუგია ის ომი. აშშ კი ახლა პუტინის რუსეთს თვალნათლივ უჩვენებს, რომ სწორედ მან – კრემლმა აირჩია საკუთარი პოლიტიკის არასწორი მიმართულება და ამის გამო დაისჯება», – ამბობს ევგენია გორიუნოვა.
ისტორიული ანალოგიები
მეორე მსოფლიო ომის წლებში, ყირიმის გათავისუფლების შემდეგ, ლენდ-ლიზის ფარგლებში განსახორციელებელი მიწოდებების ერთ-ერთი დერეფანი სევასტოპოლისა და ქერჩის პორტებზე გადიოდა.
2020 წლის იანვარში ტავრიდის ცენტრალურ მუზეუმში გამართულ გამოფენაზე ამ მიწოდებების ნიმუშები იყო წარმოდგენილი, მათ შორის – ტომპსონის ავტომატები.
«ეს დიდი სამამულო ომის ნაკლებად შესწავლილი ფურცელია. მიწოდებები ქერჩისა და სევასტოპოლის პორტებით ხორციელდებოდა. ჩვენს ფონდებში დღემდე ინახება იმ შეიარაღების ნიმუშები. გვსურს, ყველას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ნაციზმის წინააღმდეგ ომი კოალიციის ქვეყნებმა – სსრკ-მა, ბრიტანეთმა და აშშ-მა აწარმოეს, რომლებმაც ერთობლივად გაუწიეს წინააღმდეგობა დამპყრობელს და ომისშემდგომ მშვიდობას სწორედ ყირიმში, იალტაში, იოსებ სტალინის, ფრანკლინ რუზველტისა და უინსტონ ჩერჩილის კონფერენციაზე ჩაეყარა საფუძველი», - განუცხადა მაშინ «Крым24»-ს რუსეთის მიერ კონტროლირებადი მუზეუმის ხელმძღვანელმა სერგეი მალგინმა.
დღეს კი ყირიმის რუსეთის მიერ ხელდასმული ლიდერი სერგეი აქსიონოვი თავის ტელეგრამ-არხში იმუქრება, რომ უკრაინისთვის ლენდ-ლიზის ფარგლებში მიწოდებულ შეიარაღებას რუსული არმია ჩაიგდებს ხელში, რაც “ლენდ-ლიზს თავდაპირველ ისტორიულ მნიშვნელობას დაუბრუნებს».
თუმცა ევგენია გორიუნოვა მსგავს განცხადებებს ხსნის აქსიონოვის შიშით, რუსულმა არმიამ ნატო-ელი მოკავშირეების მიწოდებებით გაძლიერებულ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკებებს ვერ გაუძლოს.
«რეალურად, უკრაინაში შეწჭრილმა რუსულმა არმიამ უკვე განიცადა მარცხი არაერთ ფრონტზე. ყველასთვის უკვე გასაგებია, რომ უკრაინის 72 სთ-ში, ორ კვირაში, სამ კვირაში არავითარი დაპყრობა არ გამოუვიდათ და აღარც გამოუვათ. დასავლური იარაღი სამომავლოდ უკრაინას მისი ტერიტორიების გათავისუფლებაში, კერძოდ კონტრშეტევებზე გადასვლასა და ყირიმის დაბრუნებაშიც დაეხმარება», – დარწმუნებულია გორიუნოვა.
რუსეთის ისტორიულ-კვლევით პროექტ «უკვდავი პოლკის» ხელმძღვანელი ანდრეი შალაევი კი 2022 წლის მოვლენებსა და აშშ-ის მიერ სსრკ-ისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს გაწეულ დახმარებას შორის პარალელებზე საუბრისას იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ლენდ-ლიზის შესახებ პირველი კანონი 1941 წლის მარტში გაჩნდა, როცა მეორე მსოფლიო ომი უკვე დაწყებული იყო, მაგრამ გერმანია სსრკ-ს თავს ჯერ არ დასხმია.
«აშშ-ის დაცვის უზრუნველყოფის შესახებ კანონი» ითვალისწინებდა დახმარების საჭიროების მქონე ნებისმიერი იმ ქვეყნის მხარდაჭერას, რომლის თავდაცვისუნარიანობა პირდაპირ ახდებდა გავლენას აშშ-ისა და მისი ინტერესების დაცულობაზე. იმხანად სსრკ და გერმანია ევროპას ერთმანეთში იყოფდნენ და უფრო მოკავშირეებად განიხილებოდნენ, ვიდრე მტრებად. ყველაფერი 1941 წლის 22-მა ივნისმა შეცვალა. სსრკ-ზე გერმანიის თავდასხმიდან 24 სთ-ში ფრანკლინ რუზველტმა განაცხადა, რომ აშშ სსრკ-ს ყოველმხრივ დაეხმარებოდა. მოლაპარაკებებმა თითქმის ერთი წელი წაიღო - და 1942 წლის ივნისში ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. თუმცა რეალურად, მიწოდებები, რაღა თქმა უნდა, ბევრად ადრე იყო დაწყებული და შემდგომში ისინი უკანა რიცხვით გაფორმდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაშინ ბრიტანეთმა აშშ-ს დაასწრო და ჯერ კიდევ 1941 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ სსრკ-ს ლენდ-ლიზით ტვირთებს მიაწვდიდა», – ამბობს შალაევი.
უნდა აღინიშნოს, რომ ლენდ-ლიზის ისტორიასთან ბრძოლა თანამედროვე რუსეთში არ დაწყებულა. ამერიკული მიწოდებების დაწყებისთანავე, როდესაც იოსებ სტალინმა უინსტონ ჩერჩილს ყოველთიურად 400 თვითმფრინავისა და 500 ტანკის მიწოდება სთხოვა, პირად წერილებში კი გულითად მადლობას უხდიდა დასავლელ მოკავშირეებს დახმარების გამო, НКВД-ს საქმიანობის ახალი პროფილი გაუჩნდა.
«1941 წლის შემოდგომიდან НКВД-ს განსაკუთრებულ თათბირებზე 58-ე მუხლით გამოტანილ განაჩენებში გაჩნდა ახალი განსაზღვრებები, მაგალითად ВАТ – «ამერიკული ტექნიკის ქება», რაც 10-წლიანი გადასახლებით ისჯებოდა», – ყვება ანდრეი შალაევი.
1943 წლის მარტში აშშ-ის ელჩმა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მკაცრად გააკრიტიკა სსრკ-ის ხელმძღვანელობა, რომელიც საბჭოთა ხალხს ამ დახმარების შესახებ ინფორმაციას უმალავდა. იმავე წლის ნოემბერში თეირანის კონფერენციაზე სტალინმა სადღეგრძელო წარმოთქვა და მაღალი შეფასება მისცა დასავლელი მოკავშირეების დახმარებას, თუმცა სსრკ-ის მოსახლეობას მისი სიტყვა გაცილებით გვიან და არასრულად უჩვენეს. “გოსპლანის” მიერ გამოცემულ წიგნში კი ლენდ-ლიზით მიღებული დახმარების წილი გამარჯვებაში «დაახლოებით 4%»-ით შეფასდა.
და რუსეთში ეს შეფასება დღემდე პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ იმ მოვლენების თვითმხილველები ლენდ-ლიზის ფარგლებში გაწეულ დახმარებას გაცილებით უფრო მაღალ შეფასებას აძლევენ. «ჩემთვის ცნობილი ვეტერანები ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი და მადლიერებით იხსენიებენ იმ დახმარებას, მის ფარგლებში მიღებულ როგორც საკვებსა და საბნებს, ისე დეტონატორებს, დენთსა და ყველაფერ დანარჩენს. ზოგიერთი რამ ამ დრომდე ინახება რუსულ სამხედრო საწყობებში», – ამბობს ანდრეი შალაევი.
ისტორიამ აჩვენა, რომ ლენდ-ლიზი გამარჯვების მნიშნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო. ყველამ ვიცით, რაოდენ ფაქიზი დამოკიდებულება აქვს რუსეთის ხელმძღვანელობას საკრალური თარიღების, მოვლენებისა და ანალოგიებისადმი. ეჭვგარეშეა, რომ ლენდ-ლიზის შესახებ 2022 წლის კანონი ასოციატიურ რეაქციას იწვევს, კითხვა კი ახლა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, ვისთან და რასთან», – დასძენს შალაევი.