
ქართული რეალობის ტრაგედია, როდესაც სიტყვები ჯაბნის მოქმედებებს
09/05/2022 17:35:38 პოლიტიკა, ანალიზი
ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის სკანდალები უჩვეულო მოვლენა არაა, მაგრამ ამჯერად მმართველი გუნდის დეპუტატ ნინო წილოსანის კომენტარმა ინტერნეტ სივრცეში უცნაური დისკურსი შეიძინა. კერძოდ, გადაცემა „დროების“ ჟურნალისტმა დეპუტატს კითხა, ახსენდება თუ არა ერთი შემთხვევა მაინც, „ქართული ოცნების“ წევრებს პუტინის მისამართით გამოეყენებინოთ შეურაცხმყოფელი ეპითეტები: „ვიგინდარა, სამარცხვინო“, დეპუტატმა უპასუხა: „მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად შეურაცხყოფას, ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ ნამდვილად ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც ამ შემთხვევაში უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება“.
მმართველი გუნდის რიგმა წევრებმა, რომელთაც აშკარად შეუქმნა უხერხულობა დეპუტატ წილოსანის პოზიციონირებამ, თემის კომენტირებას თავი აარიდეს, ერთეულებმა თქვეს, „ყველა აგრესორია, ვინც ქვეყნის შიდა საქმეებში ერევაო“, პარლამენტის თავმჯდომარემ სპეკულაციაში თავად ჟურნალისტები დაადანაშაულა, თუმცა არც ერთი მათგანი არ გამიჯვნია კოლეგის, მსუბუქად რომ ვთქვათ, უხერხულ განცხადებას. პარალელურად ინტერნეტ სივრცეში აქტიურ კომენტატორთა ნაწილმა, ილია ჭავჭავაძის „ბედნიერი ერიდან“ გაიხსენა ამონარიდი:
„მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი,
არრის მქონე, არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი“.
ნაწილი კი რუსეთის პოლიტიკური ლიდერების გამონათქვამების გახსენებას შეუდგა საქართველოსთან მიმართებაში, თითქოს ტოლობის დასმა დასაშვებია პერსონების თუნდაც არასათანადოდ მოხსენიებასა და იმ პრობლემებს შორის, რაც ყოველ შემთხვევაში, დეკლარირებულად, საქართველო–რუსეთს შორის ურთიერთობაში „წითელ ხაზად“ მიიჩნევა: სუვერენიტეტის შეზღუდვა – ოკუპაცია, მავთულხლართებით გაყოფილი სოფლები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნა, შენი მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დევნა, დამცირება, შეურაცხყოფა, გამოყრა, გატაცება, მკვლელობა...
„მთელი ტრაგედია ქართულ რეალობაში მდგომარეობს, როდესაც სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და არა მოქმედებებს“,– ამბობს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და იქვე დასძენს, „პუტინს იმდენად არ უღირს საქართველო, გამუდმებით სიტყვიერადაც შეურაცხყოს“.
კონფლიქტოლოგი იხსენებს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართვას ვლადიმირ პუტინისადმი:
„მიუხედავად იმისა, რომ გაბუნიამ დიდი შეურაცხყოფა მიაყენა პირადად პუტინს, მან თქვა „მერე რა მოხდაო“. მისთვის სიტყვებს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას, რომ საქართველოს მუდმივად იყოს მიბმული რუსეთზე, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. მისთვის მნიშვნელობა აქვს მავთულხლართების გაბმას, ანექსიის გამუდმებულ მცდელობებს, საზოგადოების დემორალიზებას, დამცირებას. გავიხსენოთ გრიგორი კარასინის სიტყვები, „საქართველო ძალიან კარგად იქცევა და აუცილებლად დავუფასებთო“ და ის, რომ საქართველო „არამეგობრული ქვეყნების“ სიიდან ამოიღეს (გამოდის, რომ ოკუპირებული სახელმწიფო მისი მეგობარია), აი ეს არის მილიონჯერ მეტად შეურაცხმყოფელი, ვიდრე ის, იტყვის თუ არა რამეს პუტინი. პოლიტიკაში მოქმედებაა მთავარი და არა სიტყვები. ამიტომ, ქალბატონი წილოსანის გამოხტომა იყო ყოვლად სულელური და პროვოცირება მოახდინა სერიოზული დისკუსიისა“.
კონფლიქტოლოგს მაგალითად მოჰყავს, მათ შორის, საფრანგეთის პარლამენტის რიგი წევრების ვიზიტები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ფრაქციების განცხადებები, რომლებიც ემიჯნებოდნენ კოლეგების ქცევას:
„ანალოგიურად, ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააკეთოს განცხადება, რომ მიუღებელი, შემაშფოთებელია მსგავსი პოზიციონირება. მოუწოდონ დეპუტატებს, დაფიქრდნენ, როდესაც განცხადებებს აკეთებენ, რადგან ამით ხელს უშლიან საზოგადოებრივ მშვიდობას და რომ დეპუტატ წილოსანის სიტყვებს საერთო არაფერი აქვს ფრაქციის პოზიციასთან“.
ზაქარეიშვილის დასკვნით, თუ ფრაქცია დისტანცირებას არ მოახდენს, სავსებით სამართლიანად ჩაითვლება, რომ ის იზიარებს დეპუტატ წილოსანის პოზიციას.