Accentnews.ge
“არავითარი წითელი ღილაკი არ არსებობს” – რა დევს პუტინის ადიუტანტის ჩემოდანში

“არავითარი წითელი ღილაკი არ არსებობს” – რა დევს პუტინის ადიუტანტის ჩემოდანში

20/04/2022 02:48:47 ანალიზი

კითხვა, რამდენად რეალურია, რუსეთმა გარკვეულ ეტაპზე ბირთვული იარაღი გამოიყენოს, აქტუალობას არ კარგავს. ე.წ. “წითელ ღილაკზე” საუბრები ბოლო ორი თვის განმავლობაში ხან – მეტი, ხანაც ნაკლები ინტენსივობით გრძელდება. ცალსახა პასუხი, რამდენად შესაძლებელია პუტინის მიერ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, ანალიტიკოსებს არ აქვთ, თუმცა ერთ რამეზე ყველა თანხმდება: ეს არც ისე მარტივია – თუნდაც იმის გამო, რომ არავითარი “წითელი ღილაკი” რეალურად, არ არსებობს და საუბარია ბევრად უფრო რთულ, მრავალკომპონენტიან სისტემაზე, რომელშიც პუტინი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.

“არავითარი წითელი ღილაკი არ არსებობს. რეალურად, იმ ჩემოდანში, რომელსაც პუტინის კვალდაკვალ მისი ადიუტანტი დაატარებს, დევს კოდი, რომელიც აუცილებელია ბირთვული იარაღის ამოქმედებისთვის – აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი” - განმარტავს სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი.

იგი პროცედურას ასე აღწერს: პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანებას იძლევა და გასცემს თავის “გასაღებს”, აუცილებელს მბლოკავ მოწყობილობაში სპეციალური კოდის შეყვანით ბირთვული მუხტის გამშვებ სისტემაზე წვდომის უზრუნველსაყოფად. ყველაზე სუსტი ტაქტიკური ბირთვული იარაღიც რომ ავიღოთ, ასეთი კი სადღეისოდ მსოფლიოში 152 მმ კალიბრის 0,4-კილოტონიანი საარტილერიო ქობინია, მასზეც ლითონის უმტკიცესი ზღუდეა დამაგრებული, რომელიც ხელს უშლის ქობინის ჩადებას გამშვები სისტემის ლულაში და ამ წინაღობის მოსახსნელად აუცილებელია 8-ნიშნა კოდი. ანუ, საქმე გვაქვს რთულ ციფრულ გასაღებთან. “პუტინს კოდის მხოლოდ ერთი – მთავარი ნაწილი აქვს, დანარჩენები კი შესაბამისი იერარქიის სხვადასხვა საფეხურებზე მყოფმა პირებმა უნდა შეავსონ (ან დაადასტურონ) კოდის მათ ხელთ არსებული ნაწილებით. ამ იერარქიული სისტემის რომელიმე საფეხურზე რომ ჩავარდნა მოხდეს, კოდის მოხსნა და შესაბამისად, ბირთვული დარტყმის განხორციელება შეუძლებელი გახდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ იერარქიის რომელიმე ერთ ან რამდენიმე საფეხურზე მყოფი პირები პუტინის ამ სიგიჟის განხორციელებას არ დასთანხმდებიან, ისინი კოდის საკუთარ ნაწილს გაანადგურებენ – და პროცესი ჩაიშლება” – განმარტავს ჟდანოვი და დასძენს, რომ ეს ბირთვული დარტყმის თავიდან აცილების პირველი გზაა.

არსებობს მეორე საშუალებაც, რომელიც ბირთვული მუხტის ერთი წერტილიდან მეორეში გადატანის საჭიროებას უკავშირდება. “პრეზიდენტის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანების აღსასრულებლად საჭიროა, ბირთვული მუხტი გაიცეს შენახვის ადგილიდან (სარაკეტო-ტექნიკური ბაზიდან) და გადატანილ იქნას იმ სამხედრო ნაწილში, რომელმაც ის უნდა გამოიყენოს. მოგეხსენებათ, googl-მა ამასწინათ რუსეთის ყველა სტრატეგიულ ობიექტს “საფარი” მოუხსნა და ახლა უკვე შესაძლებელია ყველა მათგანზე დაკვირვება. ამასთანავე, აგენტურულ დაზვერვას არ გაუჭირდება, ელექტრონული და რადიოტექნიკური საშუალებების გამოყენებით თვალი მიადევნოს ბირთვული მუხტის გადატანის პროცესს მისი ე.წ. რადიოაქტიური შლეიფის გამო და ეს შესაძლებლობას მისცემს მოწინააღმდეგე მხარეს, ბირთვული იარაღის გამოყენება მზადების პროცესშივე ჩაშალოს” – ამბობს ჟდანოვი.

მესამე გზად კი იგი პუტინის ბოლოდროინდელ მუდმივ ადგილსამყოფელზე – ბუნკერზე პრევენციული დარტყმის განხორციელებას ასახელებს.

ცნობისთვის: პუტინი და რუსეთის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები უკვე წლებია, პერიოდულად ახსენებენ ბირთვული იარაღის გამოყენებას და ამის პირობებსა და შესაძლებლობებზე საუბრობენ. ამ თემაზე რუსეთის პრეზიდენტმა 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც ისაუბრა, მომდევნო წლებში კი თემას კვლავ დაუბრუნდა და ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე გამაოგნებლად “იხუმრა” შესაძლო ბირთვული ომის მსხვერპლთა შორის განსხვავებაზე: “ისინი [მოწინააღმდეგეები – რედ.] ამოწყდებიან, ჩვენ კი სამოთხეში მოვხვდებითო”. “ბირთვული საფრთხის განეიტრალებას” ასახელებდა კრემლი უკრაინაში ამჟამინდელი შეჭრის ერთ-ერთ მიზნად ომის წინა პერიოდშიც. ორიოდ დღის წინ კი მოსკოვმა ბირთვული მუქარა ამჯერად ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების გეგმის საპასუხოდ გააჟღერა.

არსებული ინფორმაციით, რუსეთს სადღეისოდ შემდეგი სახეობებისა და რაოდენობის სტრატეგიული ბირთვული ქობინები გააჩნია: საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები – 1185 ერთეული; წყალქვეშა ნავების შეიარაღებაზე არსებული ბალისტიკური რაკეტები – 800; სტრატეგიული ბომბდამშენების შეიარაღებაზე არსებული რაკეტები – 580. ამას გარდა, მის შეიარაღებაშია ნაკლებად დამანგრეველი ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად.

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მოსკოვს ყველა ქობინი მზად აქვს გამოყენებისთვის. ექსპერტების აზრით, დაახლოებით 1500 მათგანი უბრალოდ განთავსებულია ბაზებზე, აეროდრომებსა თუ წყალქვეშა ნავებზე.

ზოგადად, ბირთვული იარაღის მთავარი ამოცანა მაქსიმალური ზიანის მიყენებაა, მისი სიმძლავრე კი დამოკიდებულია ქობინის ზომაზე, აფეთქების სიმაღლეზე, ასევე რელიეფის მახასიათებლებზე.

მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინა არათუ 2-3 დღეში ვერ აიღო – როგორც პუტინს მისი სამხედრო გარემოცვა ჰპირდებოდა, არამედ თვენახევარშიც კი - და მეტიც, მისმა ჯარმა ომის “პირველ ფაზაში” კონვექციური ბრძოლები პირწმინდად წააგო, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის მზადყოფნის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. „მათ ეს შეუძლიათ, რადგან მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერია! ჩვენ კი არ უნდა გვეშინოდეს, მზად უნდა ვიყოთ საამისოდ და ეს საკითხი მხოლოდ უკრაინას არ ეხება - ამაზე მთელმა მსოფლიომ უნდა იფიქროს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა კი განაცხადა, რომ უკრაინის ომში წარუმატებლობით გამოწვეულმა „პოტენციურმა სასოწარკვეთამ“ შესაძლოა, კრემლის ლიდერს საკუთარ მოსახლეობაში ვითომდა გამარჯვების განცდის შესაქმნელად ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ უბიძგოს.

„ამის გათვალისწინებით, არც ერთმა ჩვენგანმა არ უნდა აღიქვას ეს საფრთხე ზედაპირულად. თუმცა ჯერ-ჯერობით არ გვინახავს ჯარების განლაგების ან იარაღის გადაადგილების პრაქტიკული მტკიცებულებები, რომელიც პუტინის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გარდაუვალობაზე მიგვანიშნებდა” – დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S