Accentnews.ge
სანქციები და ვაჭრობა ოკუპანტთან: ვის აწყობს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება და რას მოუტანს ეს საქართველოს

სანქციები და ვაჭრობა ოკუპანტთან: ვის აწყობს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება და რას მოუტანს ეს საქართველოს

18/04/2022 23:41:02 ანალიზი

უკრაინაში ომი თვენახევარზე მეტია, გრძელდება. დასავლეთი რუსეთის შეჩერებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებითა და მოსკოვისთვის ფინანსურ-ეკონომიკური სანქციების დამძიმებით ცდილობს. თუმცა აგრესია არ წყდება. კონვექციურ ბრძოლებში განცდილი სრული მარცხითა და უკრაინის სწრაფი დაპყრობის გეგმის ჩავარდნით გავეშებული პუტინის არმია უკრაინულ მიწაზე სულ უფრო მეტ სისასტიკეს სჩადის. ამ ფონზე კიევი მეტ იარაღსა და სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვს. საქართველო კი, რომელიც რუსული აგრესიის მსხვერპლი თავადაც არაერთგზის გამხდარა და წესით, ყველაზე უკეთ უნდა ესმოდეს უკრაინის, რომელიც ყველაფერთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და უახლოესი მეგობარიც, ამ დრომდე რჩება იმ სახელმწიფოების ბანაკში, რომლებიც რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს არ უერთდებიან.

25 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეორე დღეს, საქართველოს ოკუპაციის 101-ე წლისთავთან დაკავშირებით წითელ არმიასთან მებრძოლი იუნკერების საფლავზე გასულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: "საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში”. მოგვიანებით, როცა უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სასტიკი სამხედრო დანაშაულების ფაქტები გამოაშკარავდა, მან დაამატა, “სწორედ ამაზე ვსაუბრობდი 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვხედავთ, რომ ჯერ-ჯერობით არავინააო”.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუყოვნებლივ გაიწვია საქართველოდან კონსულტაციებისთვის ელჩი “სანქციების საკითხისადმი ამორალური დამოკიდებულების გამო”. ამავდროულად, მან ღრმა მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც მრავალათასიანი აქციებით სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელებს რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. და ეს “მხოლოდ “ნაცების” მიერ მართულთა” პოზიცია როდია: საზოგადოებრივი განწყობების ერთ-ერთი ბოლო კვლევის შედეგების თანახმად, უკრაინის ომს საქართველოს ომად ქვეყნის მოსახლეობის 87% მიიჩნევს.

უკრაინის ხელისუფლებისა და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილების ფონზე პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სანქციებთან არმიერთების თემაზე მორიგი განაცხადება გააკეთა, “როცა საუბარი მიდის სანქციების დაწესებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ათასობით ჩვენი მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი – ყველა არის ჩართული ამ პროცესში და რა გამოდის, რას მთხოვენ - საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციებიო?!”.

მაგრამ მოდით, ვნახოთ, რაზეა რეალურად საუბარი და უპირველესად ვის ინტერესებს ითვალისწინებს ამ საქმეში ხელისუფლება. საკითხი საფუძვლიანად შეისწავლა “თავისუფლების მონიტორმა”, რომლის ჟურნალისტური გამოძიებიდან იკვეთება, რომ ომის გამო პროდუქციისთვის რუსული ბაზრის დახურვა უმთავრესად “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან, მის ძმასა და დეიდაშვილთან აფილირებულ კომპენიებსა და ამავდროულად მმართველი პარტიის შემომწირველებს დააზარალებდათ. კერძოდ, რუსეთში 20 უმსხვილესი ექსპორტიორიდან 10 მეღვინეა. აქედან უმეტესობა ერთის მხრივ, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირი და შემწირველია, ხოლო მეორეს მხრივ – სახელმწიფო პროგრამებიდან დაფინანსებული და სახელმწიფო შესყიდვების მონაწილე გამარჯვებული კომპანიები.

მარტო 2021 წელს, სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში - 130 მლნ, ხოლო ბელარუსში 11 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც ჯამში ღვინის მთლიანი ექსპორტის 59%-ია.

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახლავთ კომპანია KTW (“კახური ტრადიციული მეღვინეობა”). ბოლო მონაცემებით, მისი საექსპორტო ბაზრის 63%-ს რუსეთი წარმოადგენს. 2014-2019 წლებში კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 6 მლნ ლარზე მეტი ოდენობის დაფინანსება მიიღო. KTW-მ და მისმა გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” ჯამში 480 ათასი ლარი შესწირეს.

რუსეთში ღვინის კიდევ ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანიაა” - დეპუტატ ზაალ დუგლაძისა და მისი ძმის ბიზნესი, რომელშიც 23%-იან წილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საქართველოს არაფორმალური მმართველის – ბიძინა ივანიშვილის ძმა ალესანდრე ფლობს. შეღავათიანი აგროკრედიტით “დუგლაძეების ღვინის კომპანიას” 2 457 188 ლარი აქვს მიღებული. კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა “ქართულ ოცნებას” 693 067 ლარი შესწირეს.

რუსეთში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების უმსხვილეს ექსპორტიორებს - შპს “ბოლერო და კომპანიასა” და შპს “GVMT Group”-ს ერთი მეპატრონე ჰყავთ – ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილის ბიზნეს-პარტნიორი ვახტანგ კარიჭაშვილი. “ბოლეროსთან” დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფოსგან სუბსიდირებითა და არაერთ ტენდერში გამარჯვებით 22 014 813 ლარი მიიღეს. “ქართულ ოცნებას” კი ამ კომპანიებთან დაკავშირებულმა პირებმა და თავად “ბოლერომ” 2016 წლიდან დღემდე ჯამში 504 000 ლარი შესწირეს.

დირექტორი ირაკლი ბექაური ამბობს, რომ ომის გამო მათი პროდუქციისთვის რუსული ბაზრის დაკეტვის შემთხვევაში კომპანია მნიშვნელოვნად დაზარალდება, რადგან ამ დროისთვის მას პროდუქციის დაახლოებით 80% სწორედ რუსულ ბაზარზე გააქვს. ბექაური რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებისადმი საქართველოს არმიერთებაში ვერავითარ მორალურ დილემას ვერ ხედავს, რადგან “საქართველო არის ყველაზე დაზარალებული ქვეყანა, 2008-ში იგივე დაემართა და მაშინ ამ ტიპის მხარდაჭერა არც უკრაინისგან მიუღია, არც ევროპისგან”.

ერთი სიტყვით, ძლიერთა ამა ქვეყნისათა ღვინო რუსულ ბაზარზე უწყვეტ ნაკადად გაედინება, ოკუპანტი სახელმწიფოდან კი საპასუხოდ მათ პირად ჯიბეებსა და მმართველი პარტიის ყულაბაში შესაშური შემოსავალი შედის. ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ ვითარებაში ხელისუფლება ნაკლებ აქტივობას იჩენს ბაზრის დივერსიფიცირებისთვის, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის მიერ ევროკავშირთან “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” იმ შეთანხმების (DCFTA) სიკეთეებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად, რომელსაც 2014 წელს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.

ვნახოთ, რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ქართული ღვინო რუსულთან შედარებით, ბევრად უფრო განვითარებულ და სტაბილურ ბაზრებზე გასულიყო. როგორც “ღვინის სააგენტოში” აცხადებენ, “ქართული ღვინის ახალ ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის ბოლო 10 წელიწადში 65 მლნ ლარზე მეტია დახარჯული”. თანხა მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ… სულ რამდენიმე თვის წინ სტუდია “მონიტორმა” გამოავლინა, რომ ღვინის სააგენტომ გერმანიაში, ბერლინის ღვინის ფესტივალზე პროდუქციის დროულად ტრანსპორტირება ვერ უზრუნველყო, რის შედეგადაც ქართველი მეღვინეები გამოფენაზე ღვინის გარეშე დარჩნენ. და ეს, მაღალი ალბათობით, მსგავსი ჩავარდნების ერთეული შემთხვევა არაა.

ვნახოთ სტატისტიკური მონაცემებიც: 2012 წლიდან სხვადასხვა ბაზარზე (ჩინეთი, ესტონეთი, გერმანია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, აშშ, რუსეთი) ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, მაგრამ რუსეთში – ყველაზე მეტად. მეტიც, ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მონაცემებით, საქართველო რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველია, ანუ ღვინის სექტორში ყველაზე ნაკლებად დივერსიფიცირებული ბაზარი სწორედ ჩვენ გვაქვს.

“მესმის, რომ ადამიანი შესაძლოა, ტრადიციულ ბაზარს ანიჭებდეს უპირატესობას, მაგრამ დასავლეთის ბაზარი რუსულზე ბევრად დიდია, მარტო ევროპას დაახლოებით 500 მლნ-იანი ბაზარი აქვს. ამასთან, დასავლეთის ბაზარი პროდუქციის ხარისხის კუთხით მოდუნების შესაძლებლობას არ გაძლევს, რაც ძალია კარგი სტიმულია. მე პირადად ძალიან ბევრი რამ ვისწავლე უკვე“- ამბობს მეღვინე იაგო ბიტარიშვილი, რომელმაც 2006 წლიდან რუსულ ბაზარზე უარი თქვა, დასავლურ ბაზარზე აიღო ორიენტირი და სადღეისოდ საკუთარი წარმოების ღვინო უკვე 11 ქვეყანაში გააქვს. ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ ბაზრის დივერსიფიცირებას საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს და აქ სახელმწიფომ წამყვანი როლი უნდა ითამაშოს: “სახელმწიფო ბევრად აქტიურად უნდა ერთვებოდეს და ფერმერებს ახალი ბაზრების შესახებ აწვდიდეს ინფორმაციას, მათ შორის – წარმატებული მაგალითების შესახებაც. ადამიანებს ხომ უბრალოდ არ გააჩნიათ ინფორმაცია ამ ბაზრების მოცულობის, მათი საჭიროებების, ტექნოლოგიების და სხვა საკითხების შესახებ. ამიტომაც ქართველი ფერმერები იძულებით ირჩევენ იმ გზას, რომელიც მათთვის ცნობილია და ფიზიკურად არსებობს” – ამბობს ბიტარიშვილი.

და ამმხრივ პრობლემა მარტო ღვინის კუთხით როდი დგას. 8 წლის წინ, 2014-ში საქართველოსთვის ევროპის უზარმაზარი შიდა საექსპორტო ბაზარი გახდა ხელმისაწვდომი, მაგრამ მთავრობამ ეს შანსი მეტწილად ფურცელზე დატოვა სხვა ქართული პროდუქციისთვისაც. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მართალია, 2014-2021 წ.წ. როგორც მთელს მსოფლიოში, ევროკავშირშიც ექსპორტი მცირედით გაიზარდა, მაგრამ მთლიან ექსპორტში ევროპის ბაზრის წილი შემცირდა (20,9% - 16,9%), რუსეთისა კი პირიქით, გაიზარდა. მთავრობა ხშირად ახსენებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამებს, რომლებშიც ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს, მაგრამ ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ ექსპორტში რუსული ბაზრის წილი “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში 46-დან 610 მლნ დოლარამდეა გაზრდილი.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის კუთხით დღემდე დაუძლეველ პრობლემად რჩება ინფორმაციის, ცოდნის, ტექნოლოგიების ნაკლებობა. მცირე და საშუალო ბიზნესი აღნიშნავს ასევე კაპიტალის ხელმისაწვდომობის (მაგალითად, ბანკისგან სესხის აღების) პრობლემასაც. და ეს სურათი წლობით არ იცვლება.

თუმცა სტატისტიკის თანახმად, 2012 წლის შემდეგ რუსეთში არა მარტო ექსპორტია გაზრდილი, არამედ გაორმაგებულია იმპორტიც (2012 წ. - 476 828 480$, 2021 წ. - 1 022 509 610$). ხორბალი, ფქვილი, წიწიბურა, ზეთი, რძის ნაწარმი, შოკოლადი, ხახვიც კი – დღეს რუსული პროდუქციის სიჭარბეს ნებისმიერ მსხვილ სუპერმარკეტსა თუ მცირე მაღაზიებში ვაწყდებით. 2021 წლის მონაცემებით, საქართველო პირველი რიგის ჯგუფს მიკუთვნებული პროდუქტის - ხორბლისა და ფქვილის 92,5%-ს სწორედ რუსეთში ყიდულობდა.

არადა, რუსულ პროდუქტში გადახდილი თითოეული თეთრი ხომ პუტინის სახელმწიფოს ბიუჯეტს ავსებს და დიდწილად მის ჯარს ხმარდება, რომელიც დღეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინაშია შეჭრილი, ხვალ კი შესაძლოა, ისევ ჩვენ მოგვიტრიალდეს. გარდა ამისა, რუსეთისთვის რომ სავაჭრო ურთიერთობები ხშირად პოლიტიკური შურისძიების იარაღია, საქართველოს მოსახლეობას წესით, კარგად უნდა ახსოვდეს. 2006 წელს საქართველოდან რუსი აგენტების გაძევების შემდეგ მოსკოვმა ქვეყანას ზამთრის სიცივეში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. მაშინ ხელისუფლებას მოუწია, აზერბაიჯანულ გაზზე ფორსმაჟორულად გადასულიყო და ეს ის შემთხვევა იყო, რომელზეც ამბობენ, “ზოგი ჭირი მარგებელიაო”: მას შემდეგ ხომ საქართველო რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარაა.

ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ შეგვახსენებენ, რომ რუსეთისგან ენერგეტიკული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა ნებისმიერი სახის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ დროს შესაბამისი გადაწყვეტილებები ამ საკვანძო ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მიიღებოდეს.

კვლავ სანქციებთან მიერთება-არმიერთების თემას რომ დავუბრუნდეთ, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ დაადგინა, რომ მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაშიც კი საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 500 მლნ დოლარს, ანუ 2021 წლის ეკონომიკის 2-3%-ს იზარალებდა, რაც ნამდვილად არ იქნებოდა ჩვენი ეკონომიკის კატასტროფული შემცირება. “იმპორტი შემცირდება რუსეთიდან? - გადავინაცვლებთ სხვა ქვეყნებისკენ და მართალია, შესაძლებელია, იგივე ხორბალში ან სხვა პროდუქტში ცოტა მეტის გადახდა მოგვიწიოს, მაგრამ ეს ნამდვლად არ დაგვაქცევს და თანაც, ეს იქნება თანხა, გადახდილი ჩვენს სამომავლო მდგრად დამოუკიდებლობაში” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამავდროულად, რამდენიც არ უნდა იმეორონ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, მათმა მხარდამჭერებმა თუ ტროლ-ბოტების არმიებმა, რომ აქ “არავითარი მორალური დილემა არ დგას”, ფაქტია, რომ სანქციებისთვის არმიერთებით დღეს საქართველო როგორც მორალური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით ზარალდება, სამომავლოდ კი ამ ზარალმა შესაძლოა, ძალიან კონკრეტული, თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები ფინანსურ-ეკონომიკური ფორმაც მიიღოს. “თუკი შეგვიმცირდება დასავლეთის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა იმის გამო, რომ დღეს მთელი ცივილიზებული სამყაროს გვერდში არ დავდექით ამ საერთო ფრონტში, ჩვენ გაცილებით დიდ ზარალს მივიღებთ, მათ შორის – ეკონომიკურსაც და ეს ჩვენს მოსახლეობაზე, თითოეულ მოქალაქეზე ჰპოვებს ასახვას” – განმარტავენ IDFI-ში.

რუსი ოკუპანტების მიერ ბუჩაში, ირპენში, კრამატორსკსა და სხვა უკრაინულ ქალაქებში ჩადენილი არაადამიანური დანაშაულების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო გამკაცრებული საერთაშორისო სანქციების ახალი, მეორე ტალღა აგორდა. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას პოზიცია არც ამჯერად შეუცვლია. მაშინ, როცა მოსკოვი ბოლო თვეებში დასავლური სანქციებისთვის თავის ასარიდებლად ყველა გზას ეძებს, საქართველოში რუსეთიდან ათიათასობით მოქალაქე შემოდის - 2019 წელთან შედარებით, თითქმის 10-ჯერ მეტი. ამასთან, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში უკვე ასობით კომპანიაც დააფუძნეს. ამასთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორები საფრთხეებისა და რისკების შესახებ გვაფრთხილებენ. ერთ-ერთ სცენარად დასახელდა, მაგალითად, მოსკოვის მცდელობა, თბილისი და სხვა ქალაქები აქციოს ჰაბად რუსეთის საჰაერო გადაზიდვებისთვის და ადგილზე ეტიკეტის შეცვლის მეშვეობით რუსული წარმოების პროდუქციამ გზა ქართული პროდუქციის სახელით განაგრძოს.

სანამ თბილისში ირწმუნებიან, რომ რუსეთი საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ვერ გამოიყენებს, ოკუპანტ ქვეყანასთან ვაჭრობა გრძელდება, ჩვენ კი დროა, დავფიქრდეთ, რა უფრო დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყანას – სანქციებისადმი მიერთება, თუ რუსეთთან მოვაჭრე კომპანიების დაცვა?

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S