Accentnews.ge
ცვლილებები რუსულ სარდლობაში: ეჭვობენ, „სირიის ჯალათს“ გამოცდილება უკრაინაში გამოადგეს

ცვლილებები რუსულ სარდლობაში: ეჭვობენ, „სირიის ჯალათს“ გამოცდილება უკრაინაში გამოადგეს

13/04/2022 10:15:32 ევროპა, ანალიზი

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მოსკოვმა უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში განცდილი წარუმატებლობის ფონზე, სამხედრო კამპანიის ხელმძღვანელი შეცვალა. კერძოდ, არმიას რუსი გენერალი ალექსანდ დვორნიკოვი უხელმძღვანელებს – 61 წლის გამოცდილი სამხედრო ოფიცერი „სირიის ჯალათის“ რეპუტაციით. მას ჩეჩნეთის ნგრევაშიც აქვს მიღებული მონაწილეობა, თუმცა ოფიცრის კარიერაში ცენტრალურ ადგილს სირიის ეპიზოდი იკავებს და სწორედ ამ გარემოებაზე, მოსახლეობის წინააღმდეგ გამოჩენილ სისასტიკეზე ამახვილებენ ყურადღებას კომენტატორებიც: ის მეთაურობდა რუსულ ჯარებს სირიაში 2015-2016 წლებში – „ჯიჰადისტების“ და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე მეამბოხეების წინააღმდეგ შეტევებს, რა დროსაც რუსულმა ავიაციამ დაბომბა მჭიდროდ დასახლებული ქალაქები, განსაკუთრებით ალეპო. არსებული ცნობებით, განხორციელდა 10 000–მდე საჰაერო დარტყმა, ხოლო სამიზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საავადმყოფოები, წყლის წყაროები იყო. ამ „დამსახურებისთვის“ მან რუსეთის ფედერაციის გმირის და გენერლის წოდებაც მიიღო პუტინისგან 2020 წელს.

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურში ფიქრობენ, რომ დვორნიკოვის დანიშვნა უკრაინის ომის მეთაურად ძალის ცენტრალიზებისა და და კონტროლის დამყარების მცდელობას წარმოადგენს.

„ბევრი რუსი გენერლის მსგავსად, დვორნიკოვს აქვს სარდლობის გამოცდილება სირიაში. გარდა ამისა, 2016 წლიდან ის მეთაურობდა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქს, რომელიც ესაზღვრება უკრაინის დონბასის რეგიონს.

დვორნიკოვის არჩევა კიდევ უფრო ცხადყოფს, თუ როგორ აიძულა უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობამ და ომის არაეფექტურმა დაგეგმვამ რუსეთი თავისი მიზნები გადაეფასებინა“, - ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის 13 აპრილის ანგარიშში.

ამერიკელმა სამხედრო ანალიტიკოსი ეროვნული ინტერესების ცენტრიდან ჰარი კაზიანისი თემის კომენტირებისას გამოთქვამს შიშს, რომ პუტინი ახლო მომავალში შეჩერებას არ აპირებს და შეეცდება, აღმოსავლეთ უკრაინის მთელი ტერიტორია თუ არა, მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავოს:

”ვშიშობ, დვორნიკოვს აქვს ბრძანება, რომ თუ ის ვერ აიღებს აღმოსავლეთ უკრაინას, გიგანტურ ალეპოდ გადააქციოს”.

რუსი სამხედრო ექსპერტი იური ფიოდოროვი კი ეჭვობს, დვორნიკოვს უკრაინაში სირიული გამოცდილება გამოადგეს:

„ის საკმაოდ ცნობილი ფიგურაა. რუსულ სამხედრო ძალებს ხელმძღვანელობდა სირიაში, რაც არ გულისხმობს, რომ იქ თავად იბრძოდა. თავად სირიის გამოცდილება საკმაოდ წინააღმდეგობრვია – სირიის ომი კარდინალურად განსხვავდება უკრაინის ომისგან. კერძოდ, სირიაში რუსული ძალების მოქმედება იმით შემოიფარგლებოდა, რომ პილოტები მიწასთან ასწორებდნენ ქალაქებს, დასახლებულ პუნქტებს იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგეს არანაირი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალება არ ჰქონდა. ბომბავდნენ ფაქტობრივად დაუცველ ჯგუფებს, მოსახლეობას. ამდენად, დვორნიკოვს არანაირ რთული სამხედრო ამოცანების გადაჭრა არ უწევდა. მართალია, ამბობენ, თითქოს ის იყო უწევდა კოორდინაციას ასადის სამხედრო ძალებსაც, მაგრამ ამასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვები მაქვს, რადგან იქ იყვნენ ერაყელი, სირიელი მეთაურები – ძალიან ამბიციური პერსონაჟები. ამდენად, არ ვარ დარწმუნებული, რომ დვორნიკოვს სირიის გამოცდილება დაეხმარება. აქ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა – მან კოორდინირება უნდა მოახდინოს და უხელმძღვანელოს სხვადასხვა რეგიონებიდან გადმოსროლილ სახმელეთო დანაყოფების, რომელთა მომზადების დონეც ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც მათ საბრძოლო ეფექტურობას ამცირებს და მართვის ძალიან რთულ ამოცანას წარმოშობს, რომ ერთიანი სამხედრო „მუშტი“ შეიკრას. გაუმკლავდება თუ არა ამ ამოცანას დვორნიკოვი, რთული სათქმელია“.

სპეციალისტები კიევის მისადგომებიდან რუსული სამხედრო ძალების უკან დახევის ფონზე ბრძოლების გამწვავებას აღმოსავლეთ უკრაინაში ელიან. როგორც მათ შორის დასავლეთის სპეცსამსახურები იუწყებიან, რუსეთი უკრაინიდან გაყვანილი დანაყოფების გადაჯგუფებას ახდენს, ამასთან, გეგმავს, დანაკარგები წვევამდელების, რეზერვისტების და წლების წინ სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული პერსონალის ხარჯზე შეავსოს, თუმცა ამ ეტაპზე, გარდა ლოჯისტიკისა, ამ მხრივაც აქვს პრობლემები დაბალი მოტივაციის გამო.

იხილეთ ასევე: „იქნება ტერაქტები“: რუსებს კრემლის მორიგი ავანტიურის შესახებ აფრთხილებენ

როგორც პროცესზე დამკვირვებლები პროგნოზირებენ, ზეწოლა უკრაინაზე თვის ბოლომდე მაინც გაგრძელდება – რუსები ეცდებიან, 9 მაისამდე მიაღწიონ გარკვეულ წარმატებას, რათა პუტინს დაგეგმილ აღლუმზე ტოტალური პროპაგანდის ქვეშ მყოფი საზოგადოებისთვის „გამარჯვებად“ რაიმეს შესაღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S