
რატომ გაჰყავს რუსეთს უკრაინიდან ჯარი
31/03/2022 02:14:07 ანალიზი
ომის პირველ ფაზაში ფაქტობრივი მარცხის ფონზე კრემლს კიევის მიმართულებიდან, ხოლო ნაწილობრივ მთლიანად უკრაინიდანაც (საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი “Bellingcat” მესამე დღეა, უკრაინის მიმართულებიდან გაყვანილი ჯარების რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნებას აფიქსირებს) ჯარი გაჰყავს, მოთხოვნების თავდაპირველ სიას ცვლის და ცდილობს, რამენაირად “შეფუთოს” ის უხერხული, ფაქტობრივად ცუგცვანგური მდგომარეობა, რომელშიც ამ უგუნური ავანტიურით ჩაიგდო თავი. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის ეს მორიგი “აბი” მსოფლიოში ვინმემ “გადაყლაპოს” რუსეთის მოქალაქეთა იმ ნაწილის გარდა, რომელიც ამ დრომდე კრემლის ტოტალური საომარი ცენზურისა და სადეზინფორმაციო პროპაგანდის პირობებში აგრძელებს ცხოვრებას.
“29 მარტს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინული მხარე რუსეთის პრინციპულ მოთხოვნებს არსობრივად, დასთანხმდა” – ირწმუნებოდა მეორე დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი, პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი და დასძენდა, რომ “უკრაინულმა მხარემ პირველად გამოხატა მზადყოფნა, რუსეთს შეუთანხმდეს”. “უკრაინული დელეგაციის მიერ შემოთავაზებული პრინციპები შეიცავს, კერძოდ, უარის თქმას ნატო-ში გაწევრიანებაზე, უკრაინაში უცხოური სამხედრო ბაზებისა და კონტინგენტების განთავსებაზე, გარანტი ქვეყნების (მათ შორის რუსეთის) თანხმობის გარეშე სამხედრო წვრთების ჩატარებაზე. თუ ყველა ეს ვალდებულება შესრულდება, უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს პლაცდარმის ჩამოყალიბების საფრთხე აღმოიფხვრება", – განაცხადა მედინსკიმ. რაც შეეხება ყირიმისა და დონბასის საკითხებს, მას არ დაუმალავს, რომ მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ნარჩუნდება.
რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის იმ მტკიცების მიუხედავად, თითქოს უკრაინული წინადადებები მოსკოვის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რეალურად, უკრაინაზე თავდასხმისას რუსეთის მიერ დეკლარირებული მიზნები სულ სხვაგვარად იყო ფორმულირებული - “უკრაინის დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, კიევის მიერ ყირიმის რუსული კუთვნილებისა და დონბასის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება”, უკრაინული დელეგაციის მიერ სტამბოლის მოლაპარაკებებზე წარმოდგენილ წინადადებებს შორის კი არც “დემილიტარიზაცია” ფიგურირებს, არც “დენაციფიკაცია”, არც ყირიმსა და დონბასზე უარის თქმა. ერთადერთი, რაზეც კიევი თანახმაა, ეს არის ყირიმში სტატუს-ქვოს 15 წლით შენარჩუნება ამ პერიოდში ნახევარკუნძულის სამომავლო ბედის შესახებ მოლაპარაკებათა სისტემატიური მართვით – რასაც მოსკოვი აქამდე მიუღებლად მიიჩნევდა.
მედინსკიზე კიდევ უფრო თამამად იცრუა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა: “უკრაინულმა დელეგაციამ გამოხატა აღქმა იმისა, რომ ყირიმისა და დონბასის საკითხები საბოლოოდაა დახურულიო". თუმცა მის ტყუილს მეტისმეტად მოკლე ფეხები აღმოაჩნდა: სულ რაღაც ერთ საათში უკრაინის საგარეო უწყებამ საპასუხო განცხადება გაავრცელა: “ყირიმისა და დონბასის საკითხები საბოლოოდ მაშინ დაიხურება, როცა მათზე უკრაინის სუვერენიტეტი აღდგებაო".
როგორც მოლაპარაკებათა ამ რაუნდის შედეგების კომენტირებისას უკრაინული დელეგაციის წევრებმა, ხოლო მოგვიანებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადეს, კიევის წინადადებების გაზიარების შემთხვევაში უკრაინა იღებს უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებს ისე, რომ არც ყირიმზე ამბობს უარს, არც დონბასზე და ამასთანავე, ნებისმიერი შეთანხმების გაფორმება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც რუსეთი თავის ჯარს 23 თებერვლის პოზიციებზე დააბრუნებს.
იმაზე, თუ რა მოიტანა 29 მარტის მოლაპარაკებათა რაუნდმა, რით აიხსნება რუსული ჯარის უკან დახევა, მოსალოდნელია თუ არა რუსული საომარი საფრთხის გეოგრაფიის გაფართოება და რიგ სხვა თემებზე უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტის, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი გობრონიძის მოსაზრებებს გთავაზობთ.
მხარეთა პოზიციები და მოლაპარაკებათა პერსპექტივა
მოლაპარაკებების ეს რაუნდი, გობრონიძის შეფასებით, შინაარსობრივად საინტერესო იყო, გამოიკვეთა რამდენიმე კონკრეტული მიმართულებაც. თუმცა რაიმე ტიპის გარდატეხაზე და მით უფრო ომის სწრაფი დასრულების პერსპექტივაზე საუბარი, მისი შეფასებით, ნაადრევია:
“ჯერ არ გვაქვს საფუძველი, ვთქვათ, რომ რომელიმე მხარემ თავის პოლიტიკურ მიზანს მიაღწია, რაც შეიძლებოდა, ომის უახლოეს პერიოდში დასრულების საფუძველი გამხდარიყო. რუსეთი შორსაა არათუ თავდაპირველად დეკლარირებული მიზნებისგან, არამედ თუნდაც “გეგმა B”-ს შესრულებისგან. რაც შეეხება უკრაინას, მაგალითად, მის გზავნილს ქვეყნის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების თაობაზე, ცხადია, რაც უკეთესი პოზიციები ექნება კიევს სამხედრო თვალსაზრისით, მით მეტის მოთხოვნა შეეძლება მას მოლაპარაკებებზეც. ჯერ კი, სამწუხაროდ, უკრაინას არ გააჩნია ის გარდამტეხი სამხედრო უპირატესობა, რომელიც საფუძველს მისცემდა, სრულად ეკარნახა მოლაპარაკებების პროცესში მოსკოვისთვის საკუთარი დღის წესრიგი. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ პროცესი გაგრძელდება. თუმცა იმ პოზიციებიდან, რომელიც მხარეებს სადღეისოდ უკავიათ, რაიმე ტიპის შეთანხმებამდე მისვლა ძალიან გაჭირდება: ერთის მხრივ, უკრაინისთვისაა აბსოლუტურად მიუღებელი ის, რასაც რუსეთის ფედერაცია სამხედრო თვალსაზრისით უკრაინაში გეგმავს, ხოლო მეორეს მხრივ, რუსეთისთვის არაა არსებითი განსხვავება, ნატო-ს წევრი იქნება უკრაინა, თუ ექნება უსაფრთხოების ნატო-ს ტიპის გარანტიები, რომელსაც ამჟამად კიევი ითხოვს. შესაბამისად, მოსკოვი აუცილებლად გააგრძელებს უკრაინაზე ზეწოლას, რათა კიევის პოზიციების თუნდაც ეს ნაწილი სამომავლო ხელშეკრულებაში უკრაინისთვის სასურველი ფორმით არ დაფიქსირდეს. იმავდროულად, მოსკოვისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მოლაპარაკებებსა და შედგომ ხელშეკრულებაში ტერმინ “ნეიტრალიტეტის” შეტანა: ეს მას შესაძლებლობას მისცემდა, ომის პირველ ეტაპზე განცდილი სტრატეგიული მარცხი რუსეთის მოსახლეობისთვის “გამარჯვებად” მიესაღებინა და ამავდროულად, შეექმნა ერთგვარი დამატებითი არგუმენტი იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც საკუთარი ექსკლუზიური გავლენის ზონად მოიაზრებს და რომელთაგანაც ანალოგიური ტიპის ნეიტრალიტეტის მიღება სურს.
რატომ გაჰყავს მოსკოვს კიევის მიმართულებიდან ჯარი
გობრონიძის შეფასებით, უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ რუსეთს ჩრდილოეთ ფრონტზე მოქმედება უჭირს. სწორედ ამით შეიძლება, აიხსნას, მისი აზრით, ის ფაქტი, რომ რუსეთმა კიევის მიმართულებიდან ჯარების გაყვანა და სამხედრო აქტივობის ინტენსივობის კლება დააანონსა.
“არ უნდა ვიფიქროთ, რომ აღნიშნული რაიმე სახის კომპრომისული ნაბიჯი იყო რუსეთის მხრიდან [როგორც მოსკოვი ცდილობდა, წარმოეჩინა 29 მარტის მოლაპარაკებათა რაუნდის წინ – რედ.]. მოსკოვის მსგავსი განცხადებები უბრალოდ მცდელობაა, ხსენებული მიმართულებით რუსეთის შეიარაღებული ძალების წარუმატებლობა “შეიფუთოს” – თვლის უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი.
საყურადღებოა, რომ ბოლო დღეებში მოსკოვიდან ისმის საუბრები უკრაინის როგორც აღმოსავლეთ, ისე სამხრეთ მიმართულებით განსახორციელებელ მოქმედებებზე. გობრონიძის აზრით, რუსული ჯარის შეტევების სამიზნე ახლა სწორედ ამ მხარეს ინაცვლებს:
“უნდა ვივარაუდოთ, რომ საუბარი იქნება არა მხოლოდ დონბასის რეგიონის ე.წ. გათავისუფლებაზე (რასაც რუსული პოლიტიკური ელიტა ამტკიცებს), არამედ იმაზეც, რომ რუსულმა ჯარმა ტერიტორიული პოზიციები გაიმყაროს უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში. ეს მას სჭირდება ტერიტორიული უპირატესობის მისაღებად - იმისათვის, რათა შექმნას სახმელეთო კავშირი ყირიმის ნახევარკუნძულთან და იმავდროულად შეძლოს, რაიმე ფორმით დაიკავოს აზოვისა და შავი ზღვის უკრაინული სანაპიროები შავ ზღვაზე გარკვეული პოზიციების შესაძენად. თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, მივიღებთ ომის განახლებულ მიმართულებასა და მიმდინარეობას”.
თუმცა, გობრონიძის აზრით, მაქსიმუმი, რასაც შეიძლება, რუსეთის ფედერაცია გამორჩეს და შემდეგ ეს შიდა აუდიტორიას “წარმატებად” მიასაღოს, შეიძლება, იყოს შეთანხმება “ფინურ მოდელზე” (თავის დროზე ფინეთს მოუწია ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა და მართალია, სსრკ-მა ეს ერთგვარ გამარჯვებად წარმოაჩინა, თუმცა არსობრივად, ეს გამარჯვება მარცხის ტოლფასი იყო).
რამდენად მოსალოდნელია რუსეთის თავდასხმა სხვა ქვეყნებზეც
რაც შეეხება რუსეთის მიერ მისი საომარი ძალისხმევის გეოგრაფიული სივრცის შესაძლო გაზრდას, კერძოდ, კრემლელი პროპაგანდისტების მუქარას იმის შესახებ, რომ “უკრაინა მხოლოდ დასაწყისია”, გობრონიძის აზრით, საერთაშორისო ურთიერთობებში არაფრის გამორიცხვა შეიძლება, მაგრამ ძალიან დაბალია ალბათობა იმისა, რომ იმ ფონზე, რასაც ამჟამად რუსული სამხედრო მანქანა უკრაინაში განიცდის, მოსკოვი სამხედრო მოქმედებების არეალის გაფართოებას შეეცადოს, მით უფრო – ნატო-ს წევრი ქვეყნების მიმართულებით:
“ჩვენ ვხედავთ, როგორ წინააღმდეგობას აწყდება რუსეთის არმია დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან. რუსული ჯარი დღეს საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს განიცდის. ამ დროს პოლონეთის არმია, მაგალითად, სამხედრო სიძლიერის კუთხით უკრაინაზე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ბალტიისპირეთის ქვეყნები კი მართალია, იმდენად ძლიერები არ არიან, როგორც პოლონეთი (საქართველოს თავდაცვის ძალებიც გარკვეულწილად აღემატებიან შესაძლებლობებით ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისას), მაგრამ მოსკოვისთვის, მით უფრო ამ მდგომარეობაში მყოფი რუსეთისთვის მაინც უდიდესი რისკის შემცველი იქნება, გამოსცადოს, რამდენად მუშაობს პრაქტიკაში ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი, მით უფრო, რომ უკვე სახეზეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობის გაცხადებული პოზიცია - “ნატო მისი ტერიტორიის თითოეულ დუიმს დაიცავსო”.
როგორც უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი აღნიშნავს, აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს ძალები გაძლიერდა ისე, როგორც არასდროს, მთლიანობაშიც ევროპამ დაიწყო თავისი უსაფრთხოების გადაფასება და გერმანიაც კი – ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო, ერთ წელიწადში პრაქტიკულად ასამმაგებს თავის თავდაცვის ბიუჯეტს.
ამასთანავე, როგორც გობრონიძე მიუთითებს, ნატო-ს კონტინგენტი რუსეთის საზღვრებისგან არც ისე შორსაა: “არ უნდა დაგვავიწყდეს სამხრეთ კავკასიის მიმართულებაც, მას ნატო-ს მეორე არმიის მქონე თურქეთის რესპუბლიკა ესაზღვრება, რომელიც ასევე გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან ნატო-ზე თავდასხმა მესამე მსოფლიო ომის დაწყების ტოლფასი იქნება, მას კი რუსეთის ფედერაცია ნამდვილად ვერ გაუძლებს, მით უფრო – ამ მდგომარეობაში, როცა კონტრიერიშის მოგერიების შანსიც კი არ აქვს”.
ნატო-ზე შეტევა “სახის გადასარჩენად” ?
გობრონიძის აზრით, ნატო-ს რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა უკრაინის ომში შერცხვენილმა კრემლმა ვერც იმ “უფრო შთამბეჭდავი” მარცხის წვნევის მიზნით უნდა გაბედოს, რომელიც, მავანთა ხედვით, მას საკუთარი მოსახლეობის თვალში პოზიციის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა: “რუსეთის ფედერაციის კონვექციურ ძალებს არანაირი შანსი არ აქვთ ნატო-ს კოალიციური ძალების სიძლიერის წინაშე. სრულ აგონიაში მყოფი კრემლიც კი ვერ წავა ამდენად გამანადგურებელ სამხედრო ავანტიურაზე. ეს მას არათუ ვერ გადაარჩენს, პირიქით, დააჩქარებს კიდეც რუსული პოლიტიკური კლასის რღვევას”.
თანაც, როგორც გობრონიძე აღნიშნავს, ასეთ შემთხვევაში საქმე აუცილებლად მივა ბირთვული იარაღის გამოყენებამდე: “რუსეთის სტრატეგიული უსაფრთხოების დოკუმენტში ხომ პირდაპირაა ნათქვამი ის, რაც ამასწინათ კრემლის პრეს-მდივანმა პესკოვმა გაიხსენა - “კონვექციური ძალების მარცხის პირობებში მოსკოვი იტოვებს უფლებას, მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენოსო”, ბირთვული შეიარაღება კი ნატო-ს ათჯერ მეტი აქვს, ვიდრე რუსეთს”.