
“რუსეთს ჯარის შევსების კუთხით სერიოზული პრობლემები ექმნება”
30/03/2022 20:21:23 ანალიზი
ომის პირველ დღეებში კიევის მიმართულებით რუსული ჯარის სწრაფმა წინსვლამ ნათლად წარმოაჩინა, რომ უკრაინის დედაქალაქი რუსების საკვანძო მიზანს წარმოადგენდა. ამდენად, არ უნდა მოვტყუვდეთ კრემლის ამასწინანდელი განცხადებით, რომ იგი კიევის მიმართულებით საომარ აქტივობას ამცირებს და უკრაინიდან მთელი მისი ძალების გაყვანას გეგმავს, - თვლიან პენტაგონში.
“ის, რომ რუსეთმა ძალთა გარკვეული ნაწილი კიევის მიმართულებიდან უკან დახია, მხოლოდ გადადისლოცირებაა, არა რეალური უკან დახევა და უნდა ვემზადოთ უკრაინის სხვა მიმართულებებზე მძლავრი რუსული შეტევისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ კიევს საფრთხე აღარ ემუქრება: ამ ეტაპზე რუსეთს დედაქალაქის დაპყრობის გეგმა ჩაუვარდა, მაგრამ ჯერ კიდევ ნარჩუნდება რისკი, მისმა ჯარმა მასობრივი დაუნდობლობა გამოიჩინოს უკრაინასთან, მათ შორის კიევთან მიმართებაშიც. პუტინის მიზნები ბევრად სცდება დონბასის საზღვრებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამასწინანდელი – საწინააღმდეგო შინაარსის განცხადება კი სავარადოდ, მხოლოდ მიზნების გადავადებისა და ამჟამინდელი წარუმატებლობის სამომავლო ნაბიჯების ნაწილად წარმოჩენის მცდელობა იყო”, - განაცხადა პენტაგონის პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ.
ამერიკული თავდაცვის უწყების შეფასებებს სრულად იზიარებს საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფ “Bellingcat”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევიც.
“დიახ, უკვე რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებთ რუსეთის ძალების ნაწილის კიევიდან სხვა მიმარულებით გადასროლას. 29 მარტის მოლაპარაკებებზე მოსკოვი შეეცადა, ეს “კომპრომისად” წარმოეჩინა. თუმცა რეალურად, ეს რუსეთის იძულებითი ნაბიჯია – არა მარტო იმის გამო, რომ კიევის მიმართულებით რუსულ ჯარს არავითარი პროგრესი აღარ ჰქონდა და მთლიანობაში სუმი-კიევის ღერძი ჩაუვარდა, არამედ იმის გამოც, რომ ახლა რუსეთს ჰაერივით სჭირდება ახალი ძალები სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე, სადაც ასევე არასახარბიელოდ აქვს საქმე და ამის გამო უკრაინელების კონტრშეტევის შანსი აშფოთებს. ამასთან, რუსული ჯარის კიევისკენ დაბრუნების რისკი ნარჩუნდება, ხოლო ერთ თვეში მოხდება ეს თუ როდის – ამას ჯერ ვერ ვიტყვით. მეტიც, მგონია, რომ ამმხრივ გადაწყვეტილება ჯერ არც რუსეთის ხელმძღვანელობას მიუღია, რომელიც სავარაუდოდ, ჯერ იმას დააკვირდება, რა ვითარება შეექმნება ჯარს სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე” – განაცხადა გროზევმა რუსულ დამოუკიდებელ იუთუბ-არხ “Белый воротничок”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
“Bellingcat”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გამოეხმაურა ასევე რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს 29 მარტის მტკიცებას უკრაინული ჯარის დიდი დანაკარგებისა და “ომის პირველი ეტაპის ამოცანების შესრულებულობის” შესახებ. მისი შეფასებით, შოიგუს განცხადებები სულ მცირე, მანიპულაციური იყო:
“უკრაინული მხარის დანაკარგებზე, მათ შორის ტექნიკასა და შეიარაღებაზე საუბრისას ბ-ნი შოიგუ აქცენტირდებოდა იმაზე, რაც უკრაინას ომის დაწყების დროისთვის გააჩნდა, მაგრამ მას შემდეგ კიევმა უამრავი რამ მიიღო, იღებს და კიდევ მიიღებს სწორედ რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გამო. უკრაინა ხომ ახალი, უწინდელზე ბევრად უკეთესი შეიარაღების უზარმაზარ ნაკადს იღებს და შესაბამისად, უკეთესიც და ბევრად მეტიც აქვს, ვიდრე ომის დაწყების დროისთვის გააჩნდა. ამდენად, მოსკოვის მტკიცება “დემილიტარიზაციის” მიზნის მიღწევის თაობაზე სიმართლე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება. პირიქით, მოსკოვის მოქმედებამ უკრაინის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის განახლება-გაუმჯობესება გამოიწვია”.
რაც შეეხება 29 მარტის მოლაპარაკებათა რაუნდს, რომლის შედეგები ბევრმა ომის დასრულებისკენ პირველ ნაბიჯად აღიქვა, გროზევი მათ ოპტიმიზმს არ იზიარებს.
“ვუერთდები ექსპერტთა იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ ამ ეტაპზე წარმოდგენა არ გვაქვს, რა ხდება პუტინის თავში. ერთადერთი, ის შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ახლა მას რუსული ჯარისა და საომარი ვითარების შესახებ უკვე მეტ რეალურ ინფორმაციას აწვდიან, ვიდრე ადრე, შესაბამისად, ისიც მეტად უნდა იყოს დაბრუნებული რეალობაში და წესით, ამ ომიდან გასვლის გზებს უნდა ეძებდეს რაღაც ვირტუალურ კომპრომისებზე დაყრდნობით. მაგრამ ეს კომპრომისები ხომ უკრაინული მხარისთვისაც უნდა იყოს მისაღები. შესაძლებელი რომ ყოფილიყო კომპრომისის პოვნა დონეცკის, ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებისა და ყირიმის ირგვლივ, მეტი საფუძველი გვექნებოდა, გვეფიქრა ომის დასრულებაზე. მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვერც ერთ შესაძლებლობას, ამ სამ პუნქტთან დაკავშირებით უკრაინული მხარისთვის რუსულის ნებისმიერი შესაძლო შეთავაზება იყოს მისაღები” – ამბობს გროზევი.
მისივე აზრით, სუმი-კიევის მიმართულებიდან გაყვანილ რუსულ ნაწილებს ჯერ რუსეთის ტერიტორიაზე დააბრუნებენ (და ეს პროცესი გუშინდელი დღიდან უკვე დაიწყო), ხოლო შემდეგ გადაისვრიან დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებაზე რუსული პოზიციების გასამაგრებლად ე.წ. სახალხო რესპუბლიკების იმ ახალ ტერიტორიებზე, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვრებს უახლოვდება.
“ვფიქრობ, სწორედ ეს იქნება რუსული მხარის შემდეგი ნაბიჯი – ადმინისტრაციული საზღვრების განმტკიცება. თუმცა საკონტრაქტო საფუძველზე აყვანილი დაახლოებით 200 000 ახალი მებრძოლის გარეშე მოსკოვს ეს ძალიან გაუჭირდება. არადა, რუსეთის მოსახლეობაში ჯარის რეალური მდგომარეობისა და რეალური საომარი ვითარების შესახებ ინფორმაცია უკვე საკმაოდ ინტენსიურად ჟონავს და ვვარაუდობ, რომ მოსკოვს ხალხის საჭირო რაოდენობის მოგროვების კუთხით სერიოზული პრობლემები ექნება” – დასძენს გროზევი.