
რა ხდება პუტინის თავს: მთავარსარდლის ბრძანების ფაქტობრივი დეზავუირების მიზეზები
27/03/2022 11:17:36 ანალიზი
25 მარტის საღამოს – დასავლური ტელეკომპანიებისთვის, 26 მარტს კი უკვე ბეჭდური მედიისთვისაც ცენტრალურ თემად იქცა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, არმიის გენერალ სერგეი რუდსკოის მოულოდნელი განცხადება, რომლისთვისაც ქართულ მედიას სათანადო ყურადღება, ვაღიაროთ, არ მიუქცევია.
„მთლიანობაში, უკრაინაში მიმდინარე სპეციალური ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი საგრძნობლად შემცირდა, რაც საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ ძალისხმევის ფოკუსირება მთავარ მიზანზე - დონბასის გათავისუფლებაზე“ – განაცხადა, კერძოდ, რუდსკოიმ.
თითქოს უკრაინაში შეჭრის მიზნების განმარტებისას რუსეთის პრეზიდენტს არასოდეს არაფერი ეთქვას “დემილიტარიზაციაზე”, “დენაციფიკაციაზე”, “ნეონაცისტებისა და ნეოფაშისტებისგან გათავისუფლებაზე”. თითქოს მისი ბრძანების შემდეგ რუსული ჯარი ქვეყანას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან არ შეჰსეოდეს, ხარკოვის, კიევისა და სხვა მთავარი ქალაქებისკენ არ დაეწყოს სვლა, ხოლო სამკვირიანი წარუმატებელი კონვექციური ბრძოლის შემდეგ - ალყაშემორტყმული ქალაქების მიწასთან გასწორება ყველაფრით, რაც კი ხელთ გააჩნია, აკრძალული სახეობების (კასეტური, ვაკუუმური, ფოსფორული ჭურვები, ჰიპერბგერითი რაკეტები) ჩათვლით.
რუდსკოის განცხადების შემდეგ მესამე დღეა, დასავლელი ანალიტიკოსები ცდილობენ, გამოიცნონ, რა იყო ეს და როგორ უნდა აღვიქვათ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მთავარ მიზნად “დონბასის გათავისუფლების” გამოცხადება იმ ფონზე, რის დემონსტრირებასაც რუსული ჯარი მთელი მსოფლიოს თვალწინ უკრაინაში 24 თებერვლიდან გასული ერთი თვის განმავლობაში ახდენდა.
მათთვის რუსი გენერლის განცხადება არა მარტო გაუგებარი, გაუგონარიც კია: მან - ქვეშევრდომმა ხომ მსოფლოს გასაგონად მთავარსარდლის – ვლადიმირ პუტინის ბრძანების ფაქტობრივი დეზავუირება მოახდინა, ანუ, უხეშად დაარღვია სუბორდინაცია.
დასავლელი ანალიტიკოსების ვარაუდით, მსგავსი რამ მხოლოდ სამ შემთხვევაში შეიძლებოდა, მომხდარიყო:
- თუ რუსეთში განხორციელებულია სამხედრო გადატრიალება, მთავარსარდალი ვითარებას ვეღარ აკონტროლებს და ძალაუფლება სამხედროების ხელშია;
- თუ პუტინი საბოლოოდ გადადგა ჭკუიდან და ამდენად, გარემოცვა მის აზრს ანგარიშს აღარ უწევს;
- თუ პუტინი ცოცხალი აღარაა, ტელეეკრანებზე კი ვხედავთ ძველი კადრების მონტაჟს, თოჯინას ან რაიმე სხვა ხრიკს.
სამი ვარიანტიდან რომელს აქვს დღევანდელ რუსულ რეალობაში უფრო მაღალი ალბათობა – დასავლურ საექსპერტო წრეებში ვერ ყალიბდებიან.
აი, რუდსკოისა და პუტინის თანამემამულე ანალიტიკოსებს კი (სავარაუდოდ, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან “ცხრა პარასკევისა” და “შავზე თეთრის ძახილის” პრინციპებით მოქმედების მაგალითები ადრეც მრავალგზის უნახავთ) სუბორდინაციის უხეში დარღვევის ასპექტისთვის ყურადღება დიდად არ მიუქცევიათ. მათთვის რუსი გენერლის ხსენებულმა განცხადებამ სულ სხვა – ერთგვარად დამამშვიდებელი ეფექტიც კი იქონია.
ანალიტიკოსი ანდრეი პიონტკოვსკი, მაგალითად, მთავარ მიზნად ამჯერად “დონბასის გათავისუფლების” დასახელებას კარგ ნიშნად მიიჩნევს იმისა, რომ პუტინი “ჭკუიდან საბოლოოდ ჯერ არ გადასულა და თურმე, ძალუძს იმ რეალობის გაცნობიერება, რომლის შედეგებსაც ახლა ჭკუიდან გადაჰყავს”:
“მან აღმოაჩინა, რომ არავითარი “უძლეველი არმია” არ ჰყავს, რომ მისი ტანკები შუა გზაში ჩერდება, თვითმფრინავებს ხშირად ჩამოგდებაც კი არ სჭირდება - თავისით ვარდებიან, ჯარი სრულიად მოუმზადებელია შემტევი ოპერაციებისთვის (და ბევრი სხვა კუთხით), მარაგები გაძარცვულ-გაცამტვერებულია და ა.შ. - ანუ, ძალოვანები უახლოესი გარემოცვიდან მას მთელი ეს წლები მწარედ ატყუებდნენ, ის კი სიამოვნებით ტყუვდებოდა და ახლა ამ ადამიანს, რომელიც წლობით აშინებდა და ატერორებდა მსოფლიოს, ფაქტობრივად, აღარ რჩება არავითარი ბერკეტი, რაღაც დონემდე მაინც შეინარჩუნოს სახე”.
ერთადერთი, რაზეც ამმხრივ დასავლელი და რუსი დამოუკიდებელი ანალიტიკოსები თანხმდებიან, ისაა, რომ ეს უდავოდ გარდამტეხ მომენტად უნდა ჩაითვალოს უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიაში და მაღალი ალბათობით, მართლაც შეგვიძლია, ვისაუბროთ ომის პირველი ფაზის დასრულებაზე.
რაც შეეხება რუდსკოის განცხადების იმ ნაწილს, რომელშიც “უკრაინაში მიმდინარე სპეციალური ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანების შესრულებულობაზე” და “უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალის საგრძნობლად შემცირებაზეა” საუბარი, აქ როგორც დასავლელი, ისე რუსი ანალიტიკოსების აზრი ფაქტობრივად იდენტურია: მათთვის ეს მტკიცება “ღიმილისმომგვრელია” იმ ფონზე, რომ ომის დაწყებიდან გასული ერთი თვის განმავლობაში რუსეთმა უკვე ორი საერთო-საჯარისო და ერთი საჰაერო არმია დაკარგა; რომ ცოცხალი ძალის კუთხით მისი დანაკარგები მნიშვნელოვნად აღემატება აშშ-ის არმიის ჯამურ დანაკარგებს ბოლო ოცი წლის განმავლობაში წარმოებულ ყველა ომში (ერაყი, ავღანეთი); რომ პუტინის მითი “მსოფლიოს №2 არმიის” შესახებ სრულადაა გაცამტვერებული და "თუ რუსეთის ჯარმა ვინმე რამით მართლაც გააოცა, ეს უვარგისი ტექნიკა და ბრძოლის უაღრესად მოძველებული ტაქტიკაა – ზუსტად ისეთი, როგორსაც თავის დროზე ივანე მრისხანე იყენებდა ყაზანისა და ნოვგოროდის ასაღებად".
ამასთან, როგორც ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, ვითარება კრიტიკულ წერტილამდე მივიდა: ერთის მხრივ, აგრესორი ფაქტობრივად, მარცხდება, მაგრამ მეორეს მხრივ, სწორედ ამის გამო პუტინი, კუთხეში მიმწყვდეული ვირთხის მსგავსად, ახლა შესაძლოა, კიდევ უფრო საშიში გახდეს.
ამასთან დაკავშირებით, მათი აზრით, აშშ-სა და მის ნატო-ელ პარტნიორებს ჰმართებთ, მოვლენათა უარესი სცენარით განვითარებისთვის მოემზადონ, კერძოდ, მზად იყვნენ, უპასუხონ რუსეთის მხრიდან ქიმიური და შესაძლოა, ბირთვული იარაღის გამოყენებასაც.