
როგორ სრულდება ასოცირების ხელშეკრულება
23/03/2022 07:16:37 პოლიტიკა, ანალიზი
საქართველოს ხელისუფლებამ ორი წლით ადრე, ვიდრე ეს „ქართული ოცნების“ მიერ იყო დაანონსებული, უკრაინის კვალდაკვალ გამოთქვა ამბიცია ევროკავშირის წევრობაზე და 3 მარტს შესაბამის განცხადებაზე ხელმოწერით ოფიციალურმა თბილისმა შესაბამისი განაცხადის განხილვა მოითხოვა.
7 მარტს ევროკავშირში შემავალმა 27-მა ქვეყანამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიას, ბლოკის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელ ორგანოებს დაავალა სამივე ქვეყნის აპლიკაციებთან დაკავშირებით პირველადი მოსაზრების შემუშავება. ამ კონტექსტში ცხადია, საკუთარ როლს თამაშობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება, რომელსაც 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში მოეწერა ხელი და რომელიც ქვეყნის უახლეს ისტორიაში საგარეო ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტად სახელდება. შეთანხმება, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას ითვალისწინებს, შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივ დებულებებსა და გაძლიერებულ თანამშრომლობას მოიცავს.
„აქცენტი“ მკითხველს სთავაზობს სტატიების ციკლს, რომელშიც მიმოხილული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესი სხვადასხვა სფეროების მიხედვით. ამ მიზნით სააგენტომ ყველა შესაბამისი უწყებიდან გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია. უშუალოდ დღეს შემოთავაზებული პუბლიკაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შესრულებულ თუ შესასრულებელ რიგ საკითხებს მოიცავს.
უნდა აღინიშნოს, რომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს არ აქვს წამყვანი უწყების როლი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ნაწილში, თუმცა, როგორც საქართველოს მთავრობის წევრი მონაწილეობს აპროქსიმაციის ღონისძიებებში.
ასოცირების შეთანხმების მუხლების – თავი 21, მუხლები:372, 373,374 - რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე – ფარგლებში რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით ქვეყნის აქტივობები ასახულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის დოკუმენტებში.
„ასოცირების დღის წესრიგი ითვალისწინებს ევროპული საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ისეთი მიმართულებებით თანამშრომლობას როგორებიცაა: რეგიონული/ტერიტორიული განვითარებისა და უთანაბრობათა აღმოფხვრის მიზნით რეგიონული პოლიტიკის პროგრამების მომზადება/განხორციელებას, მრავალდონიანი მმართველობის ხელშეწყობას დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების მეშვეობით, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ინტეგრირებული ქმედებების განხორციელების ხელშეწყობას სივრცითი მოწყობის, წყლისა და ნარჩენების მართვის, გზების, ელექტროენერგიისა და სხვა ძირითადი ინფრასტრუქტურის, სოფლის განვითარების, ტურიზმისა და ბიზნესის ხელშეწყობის, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, ენერგოეფექტურობის, სოციალური ჩართულობისდა სხვა მიმართულებებით. შესაბამისად, ევროკავშირის სხვადასხვა სახის თანადაფინანსებით ზემოაღნიშნულ სფეროებში ხორციელდება პროექტები/პროგრამები“ - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, აღსანიშნავია რამდენიმე საგრანტო პროგრამა, რომელიც მიმართული იყო/არის საქართველოში ევროპული მიდგომით რეგიონული პოლიტიკის განხორციელების პროცესების ხელშეწყობაზე.
სამინისტროში აცხადებენ, რომ 2011 წლიდან დღემდე, ე.წ. ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამების ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაახლოებით 106 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამები და პროექტები განახორციელა და დღემდე ახორციელებს, კერძოდ, აღსანიშნავია:
- 2011-2018 წლების ევროკავშირის 2 საბიუჯეტო დახმარების პროგრამა, რაც ითვალისწინებდა განხორციელებული რეფორმებისთვის და აქტივობებისთვის წახალისების სახით დამატებით რესურსების გამოყოფას საქართველოს ბიუჯეტისთვის;
- მიმდინარე მე-3 პროგრამა„ევროკავშირის პროგრამა ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის“ (EU4ITD - 56 მილიონი ევრო), წარმოადგენს ევროკავშირთან შეთანხმებით საქართველოს მხარის მიერ დაგეგმილი აქტივობებისთვის შესაბამისი რესურსების გამოყოფას. ეს უკანასკნელი ხორციელდება „2020-2022 წლების საქართველოს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პროგრამის“ მეშვეობით.პროგრამა ითვალისწინებს როგორც საპილოტე რეგიონებში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისე - ბიზნესის მხარდაჭერას საგრანტო პროექტებით.
„ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვის ევროპული ახალი მიდგომის „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ (SmartSpecialization- S3)პლატფორმის საქართველოში დანერგვის მიმართულებით. მათ შორის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება შესაბამისი სამუშაოები საქართველოში „ევროპული ნომენკლატურა სტატისტიკური ერთეულებისთვის“ (EU NUTS) ეტაპობრივი დანერგვის კუთხით“ - აცხადებენ უწყებაში.
როგორც სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, „ევროპული ექსპერტიზის გამოყენებით მიმდინარეობს საქართველოს 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელება, რომლის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული პრინციპების რეალიზება და ადგილობრივი თვითმმართველობის თანმიმდევრული განვითარება, ასევე უზრუნველყოს საჯარო საკითხების გადაწყვეტაში თვითმმართველი ერთეულის როლისა და მნიშვნელობის გაზრდა, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობა და გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და კარგი მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება“.
ცალკეა გამოყოფილი ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილი, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანია, აღინიშნოს შემდეგი თანადაფინანსებითი აქტივობები პროექტების განხორციელების ფარგლებში:
- 2014 წლის 13 ივნისს ევროკავშირმა NeighbourhoodInvestmentFacility (NIF)-ის საშუალებით საქართველოს გამოუყო 8,000,000.00 ევროს გრანტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ დაფინანსებული პროექტის „წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია II“ (WaterInfrastructureModernisation II) ფარგლებში. აღნიშნული გრანტი მოიცავდა ევროკავშირის დირექტივებთან დაკავშირებულ საჭირო აქტივობების განხორციელებას წყლისა და ჩამდინარე წყლის სფეროში.
- ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი“-ს ფარგლებში 2016 წლის 18 ოქტომბერს აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდის - E5P (EasternEuropeEnergyEfficiencyandEnvironmentPartnership) გრანტი 6,000,000.00 ევროს ოდენობით. პროექტის მთავარი მიზანია თბილისის საჯარო სკოლების ყოვლისმომცველი რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური ინფრასტრუქტურის წარმოდგენა განათლების სექტორში.
- სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“ ფარგლებში 2018 წლის 4 ივლისს გამოყოფილ იქნა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდის - E5P (EasternEuropeEnergyEfficiencyandEnvironmentPartnership) გრანტი 1,870,000.00 ევროს ოდენობით. პროექტის მიზანია საქართველოს საჯარო შენობების ენერგოეფექტური განახლება.
- ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „ქუთაისის წყალარინების პროექტის“ ფარგლებში 2018 წლის 27 სექტემბერს ევროკავშირის მიერ EasternPartnershipTechnicalAssistanceTrustFund (EPTATF)-ის საშუალებით საქართველოსთვის გამოყოფილ იქნა 3,250,000.00 ევროს ოდენობის გრანტი.
- გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ფარგლებში 2018 წლის 10 დეკემბერს ევროკავშირმა NeighbourhoodInvestmentFacility (NIF)-ის საშუალებით საქართველოს გამოუყო გრანტი 3,600,000.00 ევროს ოდენობით, რაც განკუთვნილია აღნიშნული პროექტის ფარგლებში ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის.
- ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით მიმდინარე „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის“ (GTC) მხარდჭერის მიზნით 2020 წლის 17 იანვარს ევროკავშირმა NeighbourhoodInvestmentPlatform (NIP)-ის საშუალებით გრანტის სახით ტექნიკური დახმარება გამოყო 5,750,000 ევროს ოდენობით. აღნიშნული ტექნიკური დახმარებით ფინანსდება სხვადასხვა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები (მათ შორის გარემოსდაცვითი და სოციალური) და რიგი ღონისძიებები, კერძოდ ბანკის მიერ დაფინანსებულ საგზაო მონაკვეთებზე შავი წერტილების იდენტიფიცირებისა და აღნიშნულ მონაკვეთებზე საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებები, ასევე მიმდინარე საავტომობილო გზების პროექტების მართვის მხარდამჭერი ღონისძიებები.
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობის) გზა“ ფარგლებში 2020 წლის 30 დეკემბერს საქართველოსთვის გამოყოფილ იქნა 100,000 ევროს გრანტი, რომელიც მოხმარდება ზემოაღნიშნულ პროექტს. კერძოდ, გრანტის ფარგლებში მოხდება უპილოტო საფრენი აპარატების, ე.წ. „დრონების“ შეძენა და შესაბამისი პერსონალის ტრენინგი მათ გამოყენებაში.
- საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ დაფინანსებული პროექტის (ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება) ფარგლებში 2021 წლის 26 მარტს ევროკავშირის მიერ NeighbourhoodInvestmentFacility (NIF)-ის საშუალებით გამოყოფილ იქნა 7,150,000.00 ევროს ოდენობის გრანტი. პროექტის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია ქ. ხაშურში.