
ბორტნიკოვი პუტინის ნაცვლად? - რა ხდება ურალის ბუნკერში
22/03/2022 18:25:45 ანალიზი
უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, ომის ფონზე რუსეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში განვითარებული მოვლენებისა და ძალოვან უწყებებში დაწყებული რეპრესიების გამო გარკვეული წრეები პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის შეცვლასა და უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსის - არმიის გენერალ ალექსანდრე ბორტნიკოვის გაპრეზიდენტებას გეგმავენ.
ვინ არის ბორტნიკოვი
ალექსანდრე ბორტნიკოვი დაიბადა 1951 წლის 15 ნოემბერს ქალაქ პერმში. 1973 წელს დაამთავრა ლენინგრადის სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინერიის ინსტიტუტი, 1975 წელს – სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების უმაღლესი სკოლა. იმავე პერიოდში გაწევრიანდა კომუნისტურ პარტიაში. იმ პერიოდიდან დღემდე უწყვეტად მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების ორგანიებში სხვადასხვა თანამდებობეზე.
რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ბორტნიკოვი 2008 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს, იმავე დროიდან იგი რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. გახლავთ ასევე ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტისა და დსთ-ის ქვეყნების უშიშროების ორგანოებისა და სპეცსამსახურების საბჭოს თავმჯდომარე.
ბოლო დრომდე ბორტნიკოვი ითვლებოდა პრეზიდენტ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრადაც.
არაერთგზის სანქცირებული
უნდა აღინიშნოს, რომ ბ-ნი ბორტნიკოვი არაერთგზისაა სანქცირებული დასავლეთის მხრიდან. 2014 წლის 5 აგვისტოდან მასზე ვრცელდება, კერძოდ, ევროკავშირისა და კანადის სანქციები უკრაინის აღმოსავლეთში მომხდარი კონფლიქტის გამო (ამავდროულად, პუტინის გარემოცვის 35-წევრიან სასანქციო სიაში აშშ-მა ბორტნიკოვი იმხანად არ შეიყვანა); 2020 წლის 15 ოქტომბრიდან – ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციები ოპოზიციონერ ლიდერ ალექსეი ნავალნის “ნოვიჩოკით” მოწამლვის გამო; 2022 წლის 22 თებერვლიდან კი – აშშ-ის სანქციები რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებასთან დაკავშირებით.
სხვა ბრალდებები
- ლიტვინენკოს მკვლელობა: ჟურნალისტური გამოძიების შედეგებში, რომელიც "The New Times”-მა 2007 წლის თებერვალში გამოაქვეყნა, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ ხსენებული უწყების ხელმძღვანელობა უშუალოდ მონაწილეობდა ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის გეგმის შემუშავებაში და ალექსანდრე ბორტნიკოვი, რომელსაც იმხანად ამავე უწყებაში ეკონომიკური უსაფრთხოების განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა, ოპერაციას უშუალოდ კურირებდა;
- კორუფცია: 2015 წლის 27 ივლისს “Новая газета”-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომელთა მიხედვით, ბორტნიკოვს, მისი უწყების რიგ სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, კავშირი აქვს მოსკოვის შემოგარენში მიწების უკანონო გასხვისებასთან, რის შედეგადაც გარიგებების თითოეულმა მონაწილემ დაახლოებით 2,5 მლნ დოლარი მიიღო;
- სტალინური რეპრესიების გამართლება: 2017 წლის დეკემბერში რუსი აკადემიკოსების ჯგუფმა გამოაქვეყნა ღია საპროტესტო წერილი, რომლის თანახმად, ბორტნიკოვი «Российская газета»-სთვის მიცემულ ინტერვიუში სტალინის რეპრესიებს ამართლებდა და სამართლებრივ ნიჰილიზმს თესავდა.
უმზადებენ თუ არა პუტინს გადატრიალებას?
რუსი ანალიტიკოსი ანდრეი პიონტკოვსკი უკრაინული დაზვერვის ინფორმაციას ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა იმაში, რომ უშიშროების ფედერალური სამსახური პუტინს გადატრიალებას უმზადებს, ეჭვი ეპარება.
“ერთი, რაც უკრაინული დაზვერვის ინფორმაციაში უდავოა, არის ის, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ФСБ) და ე.წ. “კადიროველები” ერთმანეთს ვერ იტანენ. ФСБ კადიროვსა და მის ძალოვანებს ვერ იტანს იმ დონემდე, რომ მოსკოვში ოპოზიციონერი ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრთა დაკავებასაც კი ეცადა, - არა იმიტომ, რომ ნემცოვზე შესტკიოდა გული, არამედ იმიტომ, რომ უკვე მაშინ ყელში ჰქონდა ამოსული კადიროვის ჩეჩნეთის ავტონომიურობა” – ამბობს ანალიტიკოსი.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც, მისი შეფასებით, უკრაინული დაზვერვის ინფორმაციაში სიმართლეს შეესაბამება, ეს არის რეპრესიები, რომელიც ახლა – საომარი კამპანიის ფაქტობრივი კრახის ფონზე პუტინის მხრიდან ФСБ-ს დაატყდა თავს.
“დაპატიმრებულია ფაქტობრივად მთელი განყოფილება, რომელიც უკრაინას კურირებდა. ეს ადამიანები აქციეს განტევების ვაცად. ამ ფონზე, ბუნებრივია, ФСБ-სა და პუტინს შორის დაძაბულობა იქნება. თუმცა ის, რომ ბორტნიკოვი პუტინს გადატრიალებას უმზადებდეს, ცოტა არ იყოს, ზედმეტად გაბედულ მტკიცებად მეჩვენება” – ამბობს პიონტკოვსკი.
ამასთან, იგი იზიარებს უკრაინული დაზვერვის მოსაზრებას იმის შესახებაც, რომ თუ პუტინს ხელისუფლებას ჩამოაშორებენ, ეს არა რაიმე დემოკრატიული მოძრაობის, ან ოლიგარქების შეთქმულების გზით მოხდება, არამედ უფრო ძალოვანების ხელით:
“ამისათვის სათანადო რესურსი ახლა არც ოპოზიციას გააჩნია, არც ოლიგარქებს. სიმართლე გითხრათ, მე უფრო სამხედროების შეთქმულების ვერსიას განვიხილავდი, რადგან ცნობილია, რომ ისინი უკრაინაში ამ ე.წ. სპეცოპერაციის, რეალურად კი სრულმასშტაბიანი ომის წინააღმდეგები იყვნენ და ახლა – საომარი კამპანიის კრახის ფონზე შესაძლოა, პრეტენზიები წაუყენონ პუტინს – “ხომ გაფრთხილებდითო”.
თუმცა მთლიანობაში, პიონტკოვსკის ხედვით, პუტინმა მოახერხა ქვეყანაში ელიტების განწყობის კონსოლიდირება და საზოგადოებრივი აზრის სათავისოდ მობილიზება – საღ საზოგადოებრივ აზრზე “ტელევიზორით გამარჯვება”, ასეთ ვითარებაში კი გადატრიალებების რეალიზება მარტივი არ იქნება:
“მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებზეც განიხილება ფაქტობრივი უკან დახევის ისეთი სერიოზული ვარიანტი, როგორიცაა რუსული ჯარის 24 თებერვლამდელ პოზიციებზე დაბრუნება, ფრონტზე პუტინის არმიის წარუმატებლობის პიკზე და ამავდროულად მის ბუნკერში მყოფთა მზარდი უკმაყოფილების ფონზე დაიწყო. თუმცა მეჩვენება, რომ მას შემდეგ პუტინმა ვითარებასთან გამკლავება შეძლო. რუსეთში ხომ ყველაფერს ტელევიზორი წყვეტს, სატელევიზიო სურათი კი მისი ერთგული რჩება – მეტიც, გაასმაგებული ძალით, თანაც უწყვეტ რეჟიმში ავრცელებენ აბსოლუტურად შიზოიდურ პროპაგანდისტულ ნარატივებს “გმირული ომის” შესახებ და შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრი მთლიანობაში, პუტინის ხელშია”.
ამავე კონტექსტში პიონტკოვსკი აკრიტიკებს დასავლელ ლიდერებს, რომლებიც “საჯაროდ განუწყვეტლივ იმეორებენ პუტინის გასაგონად, ომში არ ჩავებმებით, ამას არ ვიზამთ და იმას არ ვიზამთო”:
“გასაგებია, რომ რუსეთთან ღია საომარ დაპირისპირებას თავს არიდებენ მესამე მსოფლიო ომისა და სხვა საფრთხეების გამო, მაგრამ რა საჭიროა ამის გაუთავებლად საჯაროდ ძახილი?! ლამის ყოველ დილას ბაიდენი, სტოლტენბერგი და სხვანი ტელეკამერების წინ იმის ჩამოთვლით იწყებენ, რას “არ გააკეთებენ არავითარ შემთხვევაში”. ამ ვითარებაში პუტინი კიდევ უფრო მეტად გულიანდება და ახლა, როცა დაინახა, რომ კონვექციურ ომს ფაქტობრივად აგებს, იგი უჩვენებს დასავლეთს, რომ მზადაა, ტოტალური ესკალაციის გზით წავიდეს, - ამაზე მეტყველებს როგორც მისი აბსოლუტურად არანორმალური განცხადებები ლუჟნიკების შეკრებაზე, ისე რუს მომლაპარაკებელთა პოზიციების ბოლოდროინდელი გამკაცრებაცა და უკრაინაში ჰიპერხმოვანი რაკეტების დემონსტრაციული გამოყენებაც, რომლის არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა… ანუ, ის იწყებს სვლას დისტანციური ტოტალური ომის გზით, რომელიც თავის დროზე ვიხილეთ გროზნოში, შემდეგ - ალეპოში, ახლა კი – უკვე მარიუპოლში”.
ანალიტიკოსის დაკვირვებით, რამდენიმე დღე თითქოს იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ პუტინს მართლაც სურდა რაღაც კომპრომისების განხილვა, მაგრამ შემდგომი მისი ნაბიჯები მეტყველებს იმაზე, რომ მის ირგვლივ მყოფთა შორის “ცოფიანების ბირთვმა” იმარჯვა და “საბოლოო ჯამში, რუსეთი ტოტალური ომის ჰიტლერისეულ სტრატეგიაზე გადავიდა”.
ამ ბირთვს კი, პიონტკოვსკის მონაცემებით, პუტინისთვის უახლოესი ორი ფიგურა – პატრუშევი და კოვალჩუკი წარმოადგენენ: “ამბობენ, კოვალჩუკი ერთადერთია, ვინც პუტინს “შენობით” მიმართავს, პატრუშევი კი ბირთვული ომის იდეოლოგია”.
პიონტკოვსკი იმედოვნებს, რომ დასავლეთი შეძლებს მობილიზებას და პუტინისთვის სათანადო პასუხის გაცემას 24 მარტს – ისტორიულ დღეს, როცა ერთდროულად სამი დიდი სამიტია დაგეგმილი - ევროკავშირის, ნატო-სა და G7-ის:
“კოლექტიურმა დასავლეთმა საბოლოოდ უნდა მოახდინოს თავისი პოზიციის ფორმულირება. ამ მხრივ იმედს ვამყარებ დასავლელ ლიდერებზე მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის უზარმაზარ ზეწოლაზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლოდროინდელმა წარმატებულმა საჯარო გამოსვლებმაც შეუწყო ხელი. უცხოურ მედიაშიც ბოლო დღეებში მოხშირდა სტატიები, რომელთა ავტორებიც მიმართავენ დასავლელ ლიდერებს, “დაფიქრდნენ იმაზე, რომ დიახ, უკრაინის ცის ჩაკეტვა, მისთვის თვითმფრინავებისა თუ S-300-ების მიწოდება მართლაც შეიცავს რუსეთის უმართავი ლიდერის მხრიდან თავზეხელაღებული პასუხის რისკს, მაგრამ რა მოხდება, თუკი უკრაინა ამ ომს წააგებს? რა ელის ასეთ შემთხვევაში თავად დასავლეთს? არ დგას რისკი, შეგულიანებულმა პუტინმა კოლექტიურ დასავლეთს განუცხადოს, “24 საათს გაძლევთ, რომ ბალტიისპირეთიდან აღიგავოთო”?!”. ხომ გასაგებია, რომ რაოდენ გმირულადაც არ უნდა იბრძოლოს უკრაინამ, პუტინს შეუძლია, გააგრძელოს უკრაინული ქალაქების ბლოკირება და მოსახლეობის განადგურება? ასე, რომ თუ 24 მარტს დასავლეთი კვლავ სტანდარტული ფრაზებით შემოიფარგლება, ის იქნება პასუხისმგებელი მოვლენათა მთელს შემდგომ განვითარებაზე და როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განუცხადა კიდეც, დასავლელ ლიდერებს “ამასთან ცხოვრება მოუწევთ”.