Accentnews.ge
უკრაინა ბელარუსულ ჯარს ელის

უკრაინა ბელარუსულ ჯარს ელის

22/03/2022 00:00:01 ანალიზი

ბოლო დღეებში უკრაინასთან საზღვარზე ბელარუსული სამხედრო ძალისა და ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. 21 მარტს კი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა განცხადება ქვეყანაში ვოლინის მიმართულებიდან ბელარუსული ჯარის მოსალოდნელი შეჭრის თაობაზე.

საუბრები ამ ომში მინსკის სავარაუდო ჩაბმის შესახებ ომამდე ბევრად ადრე დაიწყო, ხოლო უშუალოდ რუსული შეჭრის წინა პერიოდში გამართული რუსეთ-ბელარუსის მასშტაბური ერთობლივი წვრთნების ფონზე კიდევ უფრო გააქტიურდა. თუმცა 24 თებერვლიდან უკვე თითქმის თვეა გასული, ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯარს კი უკრაინის ტერიტორიაზე ფეხი ამ დრომდე არ შეუდგამს. სხვა საკითხია, რომ ირიბად (თუ ამას ”ირიბად” შეიძლება, ეწოდოს) ბელარუსი ომში უკვე ჩაბმულია: მისი ტერიტორიიდან ხორციელდება უკრაინაზე სარაკეტო დარტყმები, მის კლინიკებში მკურნალობენ დაჭრილ რუს მეომრებს (არსებული ინფორმაციით, თავისუფალი ადგილები ბელარუსის არც ერთ ჰოსპიტალში აღარ დარჩა) და ა.შ.

ნებდება თუ არა პუტინს ლუკაშენკო?

საექსპერტო წრეების არაერთ წარმომადგენელს არც ახლა სჯერა, რომ რუსეთის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, ლუკაშენკო ბოლო ნაბიჯს გადადგამს და ომში სამხედრო ძალით ჩაებმება. სხვებს კი ეს სრულიად შესაძლებლად მიაჩნიათ და მეტიც, უკრაინაში ბელარუსის ჯარის შეჭრას არათუ უახლოეს დღეებში, უახლოეს საათებში ელიან.

“ჩემი აზრით, ალექსანდრე ლუკაშენკო ბოლო წუთამდე ეცდება, უკრაინაში ჯარი არ გაგზავნოს. რასაც არ უნდა ამბობდეს იგი საჯაროდ, ლუკაშენკო იდიოტი არ არის, ხედავს, რომ თავად რუსეთში ვლადიმირ პუტინის, როგორც მმართველის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და მდგომარეობა ამმხრივ მხოლოდ მძიმდება. ამდენად, მართალია, ბოლო დღეებში საზღვართან ბელარუსული ნაწილების გარკვეული გადაადგილებები შეინიშნებოდა, მაგრამ ვთვლი, რომ ლუკაშენკო გააგრძელებს მცდელობებს, ამ ომში ოფიციალურად ჩაბმას თავი აარიდოს და საკუთარი თავი პუტინის სამომავლო ბედს მიღმა დატოვოს” – ამბობს საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის ინტერნეტ-გამოცემის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი.

ამ კონტექსტში იგი ყურადღებას 20 მარტს ლუკაშენკოს მიერ პუტინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ წარმოთქმულ ფრაზაზე ამახვილებს, “ის ყველა ცოცხალზე ცოცხალიაო”. “ეს ცნობილი ფრაზა მაიაკოვსკის ეკუთვნის – იგი იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილი ლენინის შესახებ იყო წარმოთქმული” – განმარტავს გროზევი.

მის საპირისპიროდ, უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი ბელარუსული ჯარის უკრაინაში შეჭრის პერსპექტივას რეალისტურად მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ ეს უკვე უახლოეს საათებში მოხდეს.

“ჩემი მონაცემებით, დარჩენილია უკანასკნელი შტრიხი – შესაბამის ბრძანებაზე ლუკაშენკოს ხელმოწერა – და ჯარი დაიძრება. დიახ, ვიცით, რომ ბელარუსის მოსახლეობა წინააღმდეგია, დიახ, წინააღმდეგია ჯარიც, მაგრამ ლუკაშენკოს რეპრესიული მანქანა საკმაოდ ძლიერია და აიძულებს ჯარს, ომში ჩაერთოს – ამაზე ხომ ახლა მისი ხელისუფლებაში ყოფნის საკითხია დამოკიდებული: პუტინს შეუძლია, ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან მოსაშორებლად, მათ შორის, ის რუსული ჯარიც გამოიყენოს, რომელიც ამასწინათ “წვრთნებისთვის” ბელარუსში შეიყვანა” – ამბობს ექსპერტი.

ამავეს ნიშნად განიხილავს იგი ბელარუსი დიპლომატების უკანასკნელი ჯგუფის მიერ უკრაინის ამასწინანდელ დატოვებას: “ეს ერთგვარ ბოლო შტრიხად უნდა აღვიქვათ ომის გამოცხადებამდე. ამით ხომ უკრაინასა და ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ფაქტობრივად, წყდებაო”.

მთავარი ნიშანი კი, მისი აზრით, ისაა, რომ ბოლო პერიოდში უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე თავმოყრილ ძალებში არანაირი როტაცია არ ხდებოდა: მიმდინარეობს ძალთა კონცენტრაცია და ვოლინის მიმართულებით ახალ-ახალი ტაქტიკური ჯგუფების გადასროლა.

რას უნდა ელოდოს ლუკაშენკოს ჯარისგან უკრაინა

ამასწინათ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალერმა განაცხადა, “ბელარუსის ჯარი დემოტივირებულია, უკრაინელებთან ომი არ სურს და სამხედროებში ტყვედ ჩაბარების მაღალი მოტივაციააო”.

თუმცა ოლეგ ჟდანოვის აზრით, ამ მონაცემებით დაიმედება არ ღირს და უკრაინულმა სარდლობამ ბელარუსების შესაძლებლობები სათანადოდ უნდა გათვალოს:

“არ ღირს იმის იმედად ყოფნა, რომ ბელარუსი ჯარისკაცები პირველივე წუთს იარაღს დაყრიან და ტყვედ დაიწყებენ ჩაბარებას. შესაძლოა, მსგავსი განწყობები ჯარისკაცების მნიშვნელოვან ნაწილში მართლაც იყოს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ბელარუსული ქვედანაყოფების შემადგენლობაში არიან რუსი ოფიცრებიც, შესაბამისად, რუსეთმა ძალიან კარგად უწყის ბელარუსული ჯარის განწყობა და საკუთარი ავტომატების მიბჯენით აიძულებს ჯარისკაცებს, უკრაინელებს ეომონ”.

ამავდროულად ექსპერტი აღნიშნავს, რომ ბელარუსის ჯარს ომის გამოცდილება არ გააჩნია და ეს ფაქტორი უკრაინამ სათავისოდ სწორად უნდა გამოიყენოს:

“რუსეთთან ბრძოლის წარმატებულობამ ზედმეტად არ უნდა შეგვაგულიანოს, თვალი არ უნდა დაგვიბინდოს. ყოველთვის სჯობს, მოწინააღმდეგის ძალები გადააფასო, ვიდრე არასათანადოდ შეაფასო. ბელარუსის ჯარს შესაბამისი წვრთნა აქვს გავლილი, შესაბამისი მომზადება – ეს სათანადოდ უნდა გავითვალისწინოთ. ამავდროულად, ამ ჯარისკაცებს ჯერ არსად უომიათ, არ იციან, რა არის ტკივილი, ტანჯვა, არ უნახავთ დაჭრილი და გარდაცვლილი თანამებრძოლები. ამ თვალსაზრისით მათი უკრაინაში შემოყვანა შესაძლოა, კრიტიკულ შეცდომად იქცეს. უკრაინულმა მხარემ კი ეს მომენტი სათავისოდ უნდა გამოიყენოს და პირველივე შეტაკებისას ბელარუსულ ჯარს იმ სიძლიერის დარტყმა მიაყენოს, რომ ბრძოლის გაგრძელების ყოველგვარი სურვილი მოუსპოს და ეს როგორც პირველ, ისე უკანასკნელ შეჭრად უქციოს უკრაინის ტერიტორიაზე”.

როდის უნდა ელოდოს ლუკაშენკო მორიგ სახალხო ჯანყს

ამჟამად ბელარუსები უკრაინელების მხარესაც იბრძვიან.

ჟდანოვის აზრით, ბრძოლის ველზე სხვადასხვა მხარეს მებრძოლი ბელარუსების შესაძლო შეხვედრა მორალის თვალსაზრისით – ტრაგიკული, მაგრამ ბელარუსული ჯარის მოტივაციაზე ზეგავლენის კუთხით საინტერესო ფაქტორი შეიძლება, აღმოჩნდეს, მათ შორის – უკრაინაში ჯარის გამგზავნი ლუკაშენკოს მიმართ ისედაც არცთუ თბილი განწყობის სერიოზულ აგრესიაში გადაზრდის თვალსაზრისით.

ამავე მიმართულებით შეიძლება, იმოქმედოს, მისი აზრით, პირველივე ბრძოლაში დაჭრილი ბელარუსი ახალგაზრდების სამშობლოში გადაყვანამ და დაღუპულთა ოჯახებში მისვენებამ.

რუსეთისთვის ზურგის ქცევის კუთხით კი, მისი აზრით, გარდამტეხ მომენტად შეიძლება, იქცეს ერთი შეხედვით, მოულოდნელი და თითქოსდა უმნიშვნელო რამ - დაჭრილების მიყვანა ბელარუსის საავადმყოფოებში: ისინი უკვე ისედაც გადავსებულია რუსი ჯარისკაცებით და ბელარუს დაჭრილებს ვეღარ დაიტევენ.

“ვიღაცას მოუწევს არჩევანის გაკეთება: ვის უმკურნალონ, რუს ჯარისკაცებს, თუ ბელარუსებს? და აი აქ შესაძლოა, ნებისმიერმა მცირე კონფლიქტმა ისეთი ცეცხლი ააგიზგიზოს, რომელსაც ლუკაშენკო ვეღარ ჩააქრობს. სამედიცინო დახმარების გაწევის კუთხით პრიორიტეტულობამ შესაძლოა, სერიოზული სოციალური გარდატეხა განაპირობოს ორ რეჟიმსა და ორ ქვეყანას შორის” – თვლის ჟდანოვი.

საბოლოო ჯამში კი, მისი აზრით, “ბელარუსს ახლა შანსი ეძლევა, თავი დააღწიოს ლუკაშენკოს რეჟიმსაც და რუსეთზე დამოკიდებულებასაც”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S