Accentnews.ge
უკრაინის ომი, შუამავლები და მათი ინტერესები

უკრაინის ომი, შუამავლები და მათი ინტერესები

20/03/2022 20:01:03 ანალიზი

უკრაინის ომთან მიმართებაში ისრაელის პრემიერ ნაფტალი ბენეტის ამასწინანდელ აქტივობებთან დაკავშირებით კიევში ერთგვარი ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. გარკვეულ ეტაპზე მედიაში გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია ბენეტის მიერ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის რუსეთის ულტიმატუმების დაკმაყოფილების შეთავაზების, ხოლო შემდეგ კიევის მიერ ამის გამო ქვეყნიდან ისრაელის ელჩის გაძევების თაობაზე. და მართალია, შემდგომში ეს ინფორმაციები ორივე მხარემ უარყო, მაგრამ საზოგადოებაში არასასიამოვნო ეჭვები მაინც რჩება.

ისრაელის ინტერესი

ისრაელი ერთ-ერთი იმ სახლმწიფოთაგანია, რომლებსაც მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული კავშირები აქვთ როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან და ამავდროულად კარგი კონტაქტები დასავლეთთან. ამასთანავე, სახელმწიფოს, ბუნებრივია, გააჩნია საკუთარი ინტერესები როგორც რეგიონში, ისე მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში.

ასე, მაგალითად, უკრაინის ომისა და დასავლური სანქციების შედეგად რუსეთის მეტისმეტი დასუსტება ისრაელისთვის რისკის შემცველი იქნებოდა რეგიონულ დონეზე. მას ხომ რუსეთთან არცთუ ცუდი პარტნიორობა ჩამოუყალიბდა რამდენიმე საკითხში, მაგალითად, სირიის მიმართულებით. აქ ორმა ქვეყანამ თანაწარმოდგენილობისა და თანამშრომლობის გზას მიაკვლია: დიდწილად სწორედ რუსეთის მიერ სირიის ცის (განსაკუთრებით დამასკოს რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის თავზე) კონტროლის წყალობით ეძლევა ისრაელს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად აყენოს სირიის ტერიტორიაზე არსებული პროირანული ძალების სამხედრო ობიექტებსა თუ ფორმირებებს წერტილოვანი სარაკეტო დარტყმები, რომლებიც ახლაც გრძელდება დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ სირიაში ორ კვირაში ერთხელ მაინც. ეჭვგარეშეა, რომ ეს რუსეთის მდუმარე თანხმობით ხდება: მოსკოვი საქმის კურსშია, ვინ შედის ამ საჰაერო სივრცეში, როდის, რისთვის და არ მახსენდება, ვინმეს ამის გამო თუნდაც საპროტესტო ნოტა გაეგზავნოს ისრაელისთვის, არათუ მისი თვითმფრინავი ჩამოეგდოს. ისრაელი იყენებს ამ შესაძლებლობას ირანელების შესასუსტებლად, რათა მათ ფეხი ვერ მოიკიდონ ისრაელის მიერ დაკავებული გოლანის მაღლობების აღმოსავლეთ საზღვებთან. თავის მხრივ, რუსეთი ამ გზით ისრაელს თავისი კონკურენტის – ირანის შეკავებისთვის იყენებს.

მეორე მომენტი, რომელიც აქ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, ისრაელის წმინდა კომერციული ინტერესია: მას ხომ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა აკავშირებს, რომლის დაკარგვაც არ სურს, უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის გამო მოსკოვისთვის დაწესებული დასავლური სანქციები კი ამ ყველაფერს, ბუნებრივია, დარტყმას აყენებს.

მესამე ფაქტორი უფრო სიტუაციურია. ამჟამად ისრაელისა და რუსეთის ინტერესები დაემთხვა ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ აშშ-ირანის მოლაპარაკებების ჭრილში: ისრაელი იმთავითვე ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა მხარეებს შორის ახალი ბირთვული შეთანხმების გაფორმებას, რუსეთი კი, რომელიც მოლაპარაკებათა პროცესში მხარედაა ჩართული, ახლა, მის წინააღმდეგ დასავლური სანქციების პირობებში, გააქტიურდა მოლაპარაკებების ჩასაჩეხად თუ არა, შესაფერხებლად მაინც. საქმე ისაა, რომ მოლაპარაკებათა პროცესის წარმატება ირანს სანქციების სრულ თუ არა, ეტაპობრივ მოხსნას, შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადიდან გამოსვლასა და ირანული ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გაშვების შესაძლებლობას მოუტანდა, სანქცირებულ რუსეთს კი – მისი ერთ-ერთი უკანასკნელი რესურსის – ნავთობის საექსპორტო შემოსავლის საბოლოოდ დაკარგვას.

რომ შევაჯამოთ, ისრაელის პოზიცია პრაგმატულია. კიევში იგი დღეს შესაძლოა, ცინიკურად აღიქმებოდეს, მაგრამ ისრაელი მოქმედებს თავის ეროვნულ ინტერესში, იცავს თავის სასიცოცხლო ინტერესებს რეგიონში, მსოფლიოში. და უკრაინაში ომის გაგრძელება, რომელიც რუსეთს ქანცს აცლის, მოსკოვისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების მსგავსად, ისევე, როგორც რეგიონული (მათ შორის ახლო აღმოსავლეთში) დესტაბილიზაციის პერსპექტივა ისრაელს ნამდვილად არაფერში აწყობს. ამდენად, ბუნებრივია, იგი ცდილობს, ხელი შეუწყოს ამ ომის რაც შეიძლება, სწრაფად დასრულებას რაღაც კომპრომისით, რომელიც ერთის მხრივ, რუსეთს შეუნარჩუნებდა პოზიციებს (არ გამოიწვევდა, მაგალითად, მის დეზინტეგრაციას, ანდა მეტისმეტ დასუსტებას, რაც ირანს სირიაში მომძლავრების შესაძლებლობას მისცემდა), ხოლო მეორეს მხრივ, დესტაბილიზაციის საფრთხეს აარიდებდა მოსაზღვრე შავი ზღვის რეგიონს. ესაა ისრაელის, როგორც უკრაინასა და რუსეთს შორის ერთ-ერთი საკვანძო შუამავლის ინტერესი მთელს ამ პროცესში.

ამის გათვალისწინებით, არ იქნებოდა გასაკვირი, ბენეტს მართლაც შეეთავაზებინა ზელენსკისთვის რუსეთის მოთხოვნების (სრულად ან ნაწილობრივ) დაკმაყოფილება. თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ ასე იყო, ეს – არა უკრაინის მიმართ ისრაელის ნეგატიური დამოკიდებულების, ან ამ ომში რუსეთის მხარდაჭერის, არამედ მისი პრაგმატული სახლმწიფო ინტერესების გამო. ეს ინტერესი კი, როგორც უკვე ვთქვით, ომის რაც შეიძლება, სწრაფად დასრულებასა და ვითარების დასტაბილურებაში მდგომარეობს – იგივე აღმოსავლეთში რუსეთსა და ისრაელს შორის ჩამოყალიბებული ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად.

თურქეთის ინტერესები

კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებათა პროცესში აქტიურობს თურქეთიც. ამასწინათ ანტალიამ საგარეო საქმეთა მინისტრებს სერგეი ლავროვსა და დიმიტრი კულებას უმასპინძლა. შედგა შემდგომი დიპლომატიური კონტაქტებიც და როგორც გუშინ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, მხარეები “კრიტიკულ საკითხებზე შეთანხმებას უახლოვდებიან, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კი მიიღწევა, თუ კიევი და მოსკოვი უკვე მიღწეული პროგრესიდან ნაბიჯებს უკან არ გადადგამენ".

ცნობილია, რომ თურქეთი ეწინააღმდეგება რუსეთის პოლიტიკას სირიასა და ლიბიაში, ისევე, როგორც მის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიას. უკრაინაში რუსეთის ამჟამინდელ შეჭრას ანკარამ “ომი” უწოდა, მოსკოვის ქმედებები “მიუღებლად” შეაფასა, კიევს მხარდაჭერა გამოუცხადა, შავ ზღვაში რუსული ხომალდების გადაადგილების კუთხით "მონტრეს კონვენცია" აამოქმედა, კიევს სამხედრო დრონები მიჰყიდა და ხელი მოაწერა შეთანხმებას მეტი თანაწარმოების შესახებ, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არ მიერთებია.

თურქეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, უკრაინაში მიმდინრე ომი დროში არ გაიწელოს, რადგან:

  • თურქეთი შეიძლება, ითქვას, პირველია, ვინც ფულს კარგავს სანქციების გამო რუსეთის იზოლაციის პირობებში (ტურისტულ სექტორში, ვაჭრობაში, ინვესტიციებში, “გაყინულ” პროექტებში);
  • თურქეთისთვის არასასურველია, ეს ომი რეგიონის ფარგლებს გასცდეს და შეეხოს, მაგალითად, შავ ზღვაში ვაჭრობას, შავი ზღვის უსაფრთხოებას;
  • თურქეთისთვის არასასურველია ამ ომის გამო რეგიონში ძალთა ბალანსის ფუნდამენტური შეცვლა, რამაც შეიძლება, სირიასა და ყარაბაღში მყიფე სტატუს-ქვოს მოშლა გამოიწვიოს. სირიაში ხომ რუსეთსა და თურქეთს ჩამოუყალიბდათ ერთგვარად პრაგმატულ-კონკურენტული, მაგრამ კომუნიკაციის თვალსაზრისით სტაბილური ურთიერთობები: მხარეებმა იპოვეს გზა, მუდმივ კონტაქტში იყვნენ ერთმანეთთან და შეძლონ ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების პოვნა (იდლიბის 2020 წლის მოვლენების გარდა, რომლის დროსაც თურქეთ-რუსეთის უშუალო დაპირისპირება არც ყოფილა, სხვა რაიმე სერიოზული ინციდენტები მხარეებს სირიაში ამ დრომდე არ ჰქონიათ).

ზემოთთქმულის გარდა, კიევსა და მოსკოვს შორის შუამავლობაში თურქეთი ხედავს შესაძლებლობას, გააძლიეროს მისი, როგორც მედიატორის როლი რეგიონულ და რეგიონთაშორის საკითხებში, მათ შორის – დასავლეთ ალიანსის სახელით: თურქეთი ხომ ძალიან დიდხანს ეძებდა გზებს ბაიდენის ადმინისტრაციისაკენ, რომელთანაც ურთიერთობები ვერ ააწყო. ახლა მას შესაძლებლობა ეძლევა, უჩვენოს ნატო-ს, რომ “თან მასთანაა და თან დამოუკიდებელი მოთამაშეა, რომელიც ნატო-ში აშშ-ის დაკრულზე არ იცეკვებს, მაგრამ იტვირთებს დასავლური ალიანსის სახელით რაღაც ისეთ მისიას, რომელიც მხოლოდ მას ექნება მთელს ალიანსში”. ამით თურქეთი რეგიონში გავლენის ალტერნატიული ცენტრის იმიჯს განიმტკიცებდა.

სწორედ ამიტომ ინარჩუნებს ანკარა ნეიტრალიტეტს რუსეთის მიმართ დასავლურ სანქციებთან მიმართებაშიც. ხოლო ბოსფორისა და დარდანელის ჩაკეტვა ალბათ, უფრო სიმბოლურ ჟესტებად უნდა განვიხილოთ: ის, რომ რუსული გემები შავ ზღვაში ვერ გადიან, ვითარებას დიდად არ ცვლის, ისინი ხომ უკვე ისედაც არიან კონცენტრირებულები უკრაინის ნაპირებთან. ხოლო ის რუსული გემები, რომლებიც თავის ბაზებზე დაბრუნებას მოინდომებენ, მონტრეს კონვენციის თანახმად, ამას მაინც შეძლებენ.

რომ შევაჯამოთ, მიმდინარე ომის დროში გაწელვა თურქეთს რესურსების ხარჯვასა და ახალ რეალობაზე გადაწყობას აიძულებდა, ანკარა კი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის თავის არიდებას ისურვებდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა რამდენჯერმე ღიადაც გამოხატა სურვილი, უკრაინაში ომი რაც შეიძლება, მალე დასრულდეს და “სხვა რეგიონებზე არ გავრცელდეს”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S