
ორბანი - პუტინს: "საფუძვლიანად ვვარაუდობ, რომ კიდევ მრავალი წელი ვითანამშრომლებთ"
01/02/2022 14:24:03 ევროპა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს კრემლში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. ეს პირველი ევროპელი ლიდერის ვიზიტია მოსკოვში უკრაინის ირგვლივ ახალი კრიზისის დაწყების მომენტიდან.
ისევე, როგორც ირანის პრეზიდენტთან ამასწინანდელი შეხვედრის შემთხვევაში, ამჯერადაც პუტინი და ორბანი ოვალურ მაგიდასთან ერთმანეთისგან საკმაოდ შორ მანძილზე ისხდნენ და შეხვედრის დაწყებამდე ხელი არ ჩამოურთმევიათ, რაც რუსეთის ლიდერმა კოვიდ-რეგულაციებით ახსნა.
როგორც პუტინის რეჟიმისადმი ლოიალურობით ცნობილმა ორბანმა აღნიშნა, იგი მოსკოვში "სამშვიდობო მისიით ჩავიდა" და "არც ერთ ევროპელ ლიდერს ომი არ სურს".
ორბანმა აღნიშნა ისიც, რომ აპრილში არჩევნებში გამარჯვებისა და თანამდებობაზე დარჩენის იმედი აქვს. "საფუძვლიანად ვვარაუდობ, რომ კიდევ მრავალი წელი ვითანამშრომლებთ", - მიმართა რუსეთის პრეზიდენტს უნგრეთის პრემიერმა, რომელსაც როგორც ოპოზიცია, ისე ევროკავშირის ლიდერები დიდი ხანია, ავტორიტარულ მმართველობაში ადანაშაულებენ.
ცნობისთვის: არცთუ დიდი ხნის წინ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები პუტინს თანამდებობის 2036 წლამდე შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს.
მოლაპარაკებების სხვა დეტალების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ შეხვედრის დაწყებამდე პუტინმა ორბანს მიაწოდა ინფორმაცია ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ აშშ-სთან მოლაპარაკებების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთი ნატო-ს წევრი სახელმწიფოა და აშშ-ის მოკავშირის სტატუსით რუსეთთან მოლაპარაკებებში ასევეა ჩართული.