
კორუფცია, ზეწოლა მედიაზე, პოლიტიკური მართლმსაჯულება – საქართველო Freedom House–ის ფოკუსში
21/05/2021 09:10:56 ეს საინტერესოა
საერთაშორისო ორგანიზაციამ Freedom House-ის ანგარიში 2021 წელს საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი შემცირებულია: აღნიშნულ კომპონენტში საქართველოს 100-დან 36.31% აქვს.
დემოკრატია
რაც შეეხება დემოკრატიის 7-ქულიან შკალას, ქართული დემოკრატია 3,18 ქულითაა შეფასებული და ქვეყანა გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნადაა მოხსენიებული.
ორგანიზაციის ანგარიშში დეტალურადაა განხილული ქვეყანაში ბოლო ერთ წელში განვითარებული მოვლენები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას ანგარიშში ნათქვამია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები „ქართული დემოკრატიის დიდი გამოცდა" იყო.
„არჩევნების დამკვირვებლებმა, როგორიცაა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), გამოავლინეს მრავალი პრობლემა წინასაარჩევნო პერიოდში. ეს მოიცავდა ამომრჩეველთა დაშინების, კამპანიის შეფერხების მცდელობებსა და მედიაზე შეტევების შემთხვევებს.
გარდა ამისა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებიც დაფიქსირდა, რამაც გაზარდა ხაზები პარტიასა და სახელმწიფოს შორის. მთავრობის ინიციატივით წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, გაიზარდა სოციალური პროექტები, სავარაუდო პოლიტიკური მოტივით დაშინებისა და განთავისუფლების შემთხვევები", - წერია ანგარიშში.
მედიაგარემო
ანგარიშის მიხედვით, მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგი 7-ქულიან შკალაზე 3.50 ქულით ფასდება. ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ქვეყანაში მედიაგარემოს და ნათქვამია, წინასაარჩევნოდ მედიაზე ზეწოლა გაძლიერდა და პრესაში პოლარიზაციაც უფრო თვალსაჩინო გახდა.
„ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზეწოლას ახდენდა მედიაზე დამამცირებელი განცხადებებით, როდესაც დამოუკიდებელ ან ოპოზიციურ მაუწყებლებს, როგორებიცაა მთავარ არხი, ფორმულა და TV პირველი, „ყალბი ახალი ამბების არხებად“ მოიხსენიებდნენ", - ნათქვამია დასკვნაში.
ანგარიშში, ასევე, კრიტიკულ კონტექსტშია ნახსენები 2020 წლის ივლისში მაუწყებლობის კანონში მიღებული ცვლილებები და ნათქვამია, რომ ამ გზით კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მედიაკომპანიების საქმიანობაში ჩარევის უფლება ეძლევა.
„შემოთავაზებულმა ცვლილებებმა, შეიძლება, კომისიას მისცეს საშუალება ჩაერიოს მედიაკომპანიების ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეებში, ასევე, გამოხატვის თავისუფლებაში ე.წ. სპეციალური მენეჯერების დანიშვნის გზით. შესწორებების პროექტი განიხილეს ერთი კვირის განმავლობაში და დამტკიცდა 17 ივლისს დაინტერესებული მხარეების მინიმალური მონაწილეობით", - ვკითხულობთ ანგარიშში.
Freedom House-ის ანგარიშში მოხსენიებულია "სასამართლო სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფი" და ნათქვამია, რომ აღნიშნული მცირე ჯგუფი „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საშუალებით აკონტროლებს სასამართლოს".
მართლმსაჯულება
სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემაზე საუბრისას საერთაშორისო ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროცესებზე დამკვირვებლები კონკრეტულ შემთხვევებში პოლიტიკურ მოტივებზე მიანიშნებენ.
„2020 წელს ახალი ამბების სათაურებში დომინირებდა ოთხი მსგავსი შემთხვევა. მათ შორის იყვნენ ირაკლი ოქრუაშვილი (ოპოზიციური პარტიის „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი), ნიკანორ მელია (ყოფილი მმართველი პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), გიორგი რურუა („მთავარი არხის“ დამფუძნებელი და 2019 წლის ივნისის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი) და გიორგი უგულავა (თბილისის ყოფილი მერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“). ოთხივე საქმე განიხილებოდა დაფიქსირებული სამართლებრივი ხარვეზებით და დარღვევებით.
პოლიტიკური მოტივებზე იყო საუბარი, ასევე, ფულის გათეთრების ბრალდებაში, რომელიც პოლიტიკურ და ბიზნესლიდერებს მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს წარუდგინეს წლის პირველ ნახევარში", - ნათქვამია ანგარიშში.
კორუფცია
ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, საქართველოში პრობლემად რჩება კორუფციაც. Freedom House-ის დასკვნაში წერია, რომ კორუფციის შესაძლო ნიშნები განსაკუთრებით გამოიკვეთა პანდემიის მართვისა და წინასაარჩევნოდ პარტიების შემოწირულებებზე დაკვირვების შემდეგ.
„კორუფცია საქართველოში 2020 წელსაც პრობლემად რჩება. ის კიდევ უფრო გამძაფრდა COVID-19 კრიზისის მენეჯმენტით და ასევე საპარლამენტო საარჩევნო კამპანიით. წინასაარჩევნოდ, მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ დააგროვა 22 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა, რაც ბევრად აღემატება სხვა პარტიებისას. პოლიტიკურ შემოწირულობებს ხშირად აქვთ კორუფციის რისკი და, შესაბამისად, მათ თვალყურს ადევნებენ მაკონტროლებელი ჯგუფები", - ვკითხულობთ ანგარიშში.